მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

მისამართი: მამადავითის მთა.

ისტორიული ცნობები: მამადავითის ეკლესიის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. თბილისის დასავლეთით აღმართული მთის ფერდობზე, კლდეში, სენაკი გამოუკვეთია მამა დავით გარეჯელს და მის ახლოს პატარა სამლოცველოც გაუმართავს. აქვე მოედინება წყარო, რომელიც მამა დავითს ლოცვით გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად. მამა დავითი მალე წავიდა თბილისიდან, მაგრამ ქალაქის მკვიდრთ მისდამი მოწიწება და სიყვარული დიდხანს არ განელებიათ, ამიტომაც უსახელო მთას მამადავითი უწოდეს.

მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი - მთაწმინდა დაერქვა.

დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია, მაგრამ ღირსი დავითის ლოცვის მეოხებით მთის ეს ფერდობი უკვე უფლის მადლით იყო ცხებული, ამიტომაც იოლად აღდგებოდა ხოლმე ნანგრევებიდან ბარბაროსთა უგუნურების მსხვერპლი.

XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს. ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ მადლმოსილ ადგილს. ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა.

შვილის დაკარგვით დამწუხრებული მეფე ერეკლე II ერთხანს ამ მონასტერში ცხოვრობდა და ქვეყანას აქედან მართავდა. აქაურობა უყვარდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-საც, მონასტრის შეკეთებაც განუზრახავს, მაგრამ აღარ დასცალდა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რომ მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.

რუსეთის იმპერიასთან შეერთებამ ბოლო მოუღო თბილისში მუსლიმან დამპყრობელთა თარეშს. დედაქალაქმა გაუთავებელი ომებისა და სისხლისღვრისგან ამოისუნთქა და იარების მოშუშებას შეუდგა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ გაუქმებული არ იყო. კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშუეთის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. მამა თომა გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარი „სახელსა ზედა ღირსისა მამისა დავით გარეჯელისასა“. ეკლესია აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესია ფერისცვალების სახელზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფოლიმ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ - გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული.

კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით ეკლესიისაკენ მიმავალი გზა მესანგრეებმა ბუჩქრანისაგან გაწმინდეს და გააფართოვეს. ეკლესიის ეზო ქვის გალავნით შემოღობეს და შიგნით მცირე ზომის სამრეკლო ააგეს.

ასეთი სახით ეკლესიამ 1857 წლამდე იარსება. იმ დროს თბილისში დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქის არქიტექტურას. შეკეთდა და აშენდა მრავალი ტაძარი. გადაწყდა, მთაწმინდაზეც უფრო დიდი და მოხერხებული ეკლესია აეგოთ. თომა გრიგორიევის ვაჟმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი.

ქალაქის მცხოვრებლები ფულითაც ეხმარებოდნენ მშენებლობას და ფერდობზე საშენი მასალის აზიდვაშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მშენებლობა სახსრების ნაკლებობის გამო დიდხანს გაგრძელდა. უფულობის გამო კანკელი ანჩისხატის ეკლესიიდან წამოიღეს. ახალი ტაძარი წმინდა დავით გარეჯელის სახელზე მხოლოდ 1871 წელს აკურთხა საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა ევსევიმ. იმ დროს ეკლესიას გუმბათი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. იგი ექვსი წლის შემდეგ დაადგა იოსებ დეკანოზმა, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ კედლებიც მოხატეს.

მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას ფერისცვალების პატარა ეკლესიაც აიგო.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი, 1915 წელს კი, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, დაიბადა აზრი, რომ მთაწმინდაზე ერის წინაშე განსაკუთრებით ღვაწლმოსილ პიროვნებათა სასაფლაო მოეწყოთ. 30-იან წლებში დიდუბიდან გადმოასვენეს მრავალი ძვირფასი ადამიანის ნეშტი და აქ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი დაარსდა.

ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს. ზეიმის დროს ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ ღამისმთევლები. დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

მამადავითობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი და დღესასწაული ყოველ წელიწადს იმართება.

არქიტექტურა: ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრია, სიგრძე - 17,2, სიგანე - 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს. დღეისათვის მთაწმინდის ფერდობზე ერთმანეთის გვერდით დგას მამა დავითის დიდი და ფერისცვალების პატარა ეკლესიები. მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა.

ტაძრის მახლბლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო.

ხატები: 1889 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძრის კედლები მოახატვინა. ფრესკათა უმეტესობა საქართველოს ეკლესიის წმიდანთა ცხოვრებას ასახავს. ტაძრის სატრაპეზოს კედელზე წარმოდგენილია იესო ქრისტეს მოციქულთა ფრესკები. საკურთხევლის ორივე მხარეზე მარჯვენა და მარცხენა კედლებზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები. ტაძარს ამშვენებს XIX საუკუნის რუსული ხატები, ასევე თანამედროვე - ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატები, მარიამ მაგდალინელი, ღვთისმშობლის ხატი „წყარო ცხოვრებისა“, ადამისა და ევას ხეში ნაკვეთი ხატი.

ჟურნალი „კარიბჭე“, მაისი, 2004 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 1999 წ.