სიძვისა და მრუშების ცოდვის შესახებ

სიძვა არის გაუთხოვარი ქალის და უცოლო მამაკაცის ინტიმური კავშირი, ოჯახური სიწმიდის ღალატს კი მრუშობა ჰქვია. ამ ვნების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ის თავის ძირეულ დასაყრდენს პოულობს სხეულებრივი არსების ბუნებრივ მოთხოვნილებაში, რომელიც შემოქმედმა ჩადო მასში ადამიანის მოდგმის გასამრავლებლად (ცოდვით დაცემის შემდეგ). როგორც ხორციელი ვნება, იგი ადამიანში მრავალგვარი არაბუნებრივი სქესობრივი კავშირის სახით ვლინდება: მამათმავლობა, ლესბიანობა, პირუტყვთან დაცემა, ჩუკენობა (ონანიზმი), სისხლის აღრევა (ხორციელი კავშირი ნათესავთა შორის), რასაც სოდომურ ცოდვას უწოდებენ. გაიხსენეთ ბიბლიიდან, რა მძიმე სასჯელი მოუვლინა უფალმა სოდომსა და გომორს, ზეციური ცეცხლით ერთიანად ამობუგა ორივე ქალაქი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი.

როდესაც ჩვენ ვბილწსიტყვაობთ, ვიგინებით, ვყვებით უხამს ანეგდოტებს, უზნეო ფილმებითა და ჟურნალ-გაზეთებით ვირთობთ თავს, ან თუნდაც მაღალმხატვრულ (კლასიკური დონის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ცოდვაზე გათვლილ) ლიტერატურას ვკითხულობთ, თავს ავხორცობისათვის ვიმზადებთ, ე.ი. უკვე ვცოდავთ.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახური ურთიერთობის პატიოსნად დამცველნი, ან ქალწულნი თავს ამ ცოდვის თანამდებად არ თვლიან, მაგრამ არ შეიძლება დღევანდელობაში ადამიანი უყურებდეს ტელე-ვიდეო თუ რადიო გადაცემებს (სერიალებს, ფილმებს, კლიპებს თუ ჩანაწერებს) და არ იყოს ამ მძიმე ცოდვის თანამდები, რადგანაც 95% დროისა, რომელსაც ჩვენ ამ გადაცემებს ვუთმობთ, სიძვის ვნების წარმომშობ ან მის გასამართლებელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზეა გათვლილი.

რატომ ებრძვის ეშმაკი ადამიანს ასე მონდომებით ამ ცდუნების სახით? იმიტომ, რომ იგი ცხონების მტერია და თანაც ჩვენზე უკეთ იცის ჭეშმარიტება პავლე მოციქულის სიტყვებისა: „ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ“ (1 კორ. 6, 9-10).

ამ მცნების წინაშე ჩადენილი ცოდვები იმდენად საძაგელი და გადამდებია, რომ პავლე მოციქული გვირჩევს მათ შესახებ არც კი ვუთხრათ რაიმე ქრისტიანებს. მხოლოდ მონანიების აუცილებლობა გვაიძულებს გავამახვილოთ ყურადღება უფლის წინაშე ჩვენი სინდისის ამ ცდომილებებზე. ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულებრივი უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს.

უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმათ, ვინც ქრისტიანად ვიწოდებით, რამეთუ გამოსყიდული ვართ ფასდაუდებელი სასყიდლით - ძე-ღვთისას უმანკო სისხლით, რათა სულითა და ხორცით ვემსახუროთ ღმერთს: „უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა“ (1 პეტრე 1, 18-19). „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელ-იგი არს ღმრთისა“ (1 კორ. 6, 20). მაშ, როგორ შეურაცხვყოფთ ჩვენ უფალს, როდესაც მის მიერ სიწმინდისათვის (სიწმინდის ჭურჭლად) შესყიდულ ჩვენს სხეულს შევბღალავთ ავხორცი გულისთქმით. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღვთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (1 კორ. 3, 16-17). ყოველივე ეს კაცობრიობის ისტორიით დასტურდება: ამ ცოდვის მეტისმეტად გავრცობის გამო ადამის მოდგმა წარღვნით დაისაჯა: საშინელი იყო ორი უმდიდრესი ქალაქის - სოდომისა და გომორის აღსასრული, თავიანთი გარყვნილებით ამ ქალაქთა მცხოვრებლებმა აღავსეს უფლის ხანგრძლივი მოთმინების ფიალა!

რა მოხდება, თუ ჩვენ საკუთარ სულში უშეღავათოდ ჩავიხედავთ და თვალსაც გადავავლებთ ჩვენს გარემომცველ რეალობას? ჩვენი მანკიერი ცხოვრებით ხომ არ ვიმსახურებთ იმ ბედკრული ქალაქების ხვედრს? დიდხანს ეყოფა განა უფალს მოთმინება? შევინანოთ უფლისა წინაშე მთელი გულით. კარგი იქნება, თუ ჩვენი სულისა და ხორცის სიწმინდის შებღალვის გამო სინანულის მწარე ცრემლს დავღვრით.

მეშვიდე მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ცოდვა არსებობს - სისხლის აღრევა - როცა ცოლ-ქმრული კავშირით შეერთდებიან ახლო ნათესავები. აი, რას ამბობს ამ სამარცხვინო ცოდვის შესახებ პავლე მოციქული: „ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ჰქმნა“ (1 კორ. 5, 1-2).

ეს ცოდვა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო სჯულის კანონის დამრღვევებზე, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ შთამომავლობას. გონებაჩლუნგობა და, საერთოდ, ფსიქიური ძალების სისუსტე, ხეიბრობა - ეს არის სამწუხარო შედეგი ნათესავთა შორის ქორწინებისა, რომელიც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.

მაინც რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად დაიცვა გონება უწმუნდური აზრებისაგან, გული - ბილწი სურვილებისაგან, სხეული - ბინძური საქმისაგან“.

იქნებ ვინმემ გაიფიქროს - „რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, რომელიც ყველა სიამოვნებას კრძალავს?“ სულაც არა! არც საღი აზრი და არც ქრისტეს რწმენა არ კრძალავს უცოდველ მხიარულებას, აუცილებელიც კია შრომის შემდეგ დასასვენებლად.

დიდი მოძღვარი სარწმუნოებისა და ღმრთისმოსაოებისა, წმიდა მამა იოანე ოქროპირი ასე წერს ხორციელი გართობისა და სიამოვნების შესახებ: „თუ გინდა სიამოვნება მიიღო, გაისეირნე ბაღში, მდინარის ან ტბის პირას, უყურე ყვავილებს, უსმინე ჩიტების გალობას და ჭრიჭინების ჭრიჭინს, ესტუმრე წმიდა ადგილებს, ასე მოიპოვებ სხეულის სიჯანსაღეს და სარგებლობას სულისას. არ ინანებ ამ გზით მიღებული სიამოვნების შედეგებით, არ გეწვევეა მწუხარება, რაც ცოდვილ სანახაობებზე დასწრების შემდეგ ხდება. თუ ცოლ-შვილი გყავს, რა შეედრება ამ სიამოვნებას? ოჯახი და მეგობრები - ეს სიამოვნება და სიწმინდე ერთად დიდ სარგებლობას მოგიტანს, რადგანაც არაფერი შეიძლება იყოს ცოლ-შვილზე უფრო სანატრელი იმისთვის, ვისაც სიწმინდით ცხოვრება უნდა“.

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს წმიდა თეოდორა კონსტანტინეპოლელის ცხოვრებიდან, სადაც მოთხრობილია ეკლესიის სწავლება საზვერეების შესახებ, კერძოდ სიძვა-მრუშების საზვერის შესახებ:

„შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ მეთექვსმეტე საზვერეს - სიძვისას. მის მცველებს დიდად გაუკვირდათ, რომ წმიდანმა დაუბრკოლებლად მიაღწია იქამდე. ღირსი თეოდორას ცოდვების ჩამოთვლისას მათ ბევრი ტყუილი ბრალდებაც მოიგონეს, თან სახელებსა და ადგილებსაც იმოწმებდნენ. ასევე მოიქცნენ მეჩვიდმეტე საზვერის - მრუშობის მსახურნი. მეთვრამეტე საზვერეს - სოდომის ცოდვისას, სადაც სისხლის აღრევა და ყოველგვარი უკუღმართი კავშირი განისჯება, აგრეთვე დაფარული საქმეები, რომელთა შესახებ, მოციქულთა თქმით, ლაპარაკიც კი სამარცხვინოა, წმიდანი სწრაფად გასცდა, ანგელოზებმა უთხრეს: „შენ ახლა საშინელი და საძაგელი სიძვის საზვერეები განვლე - იცოდე, იშვიათია სული, მათ რომ გადაურჩეს. მთელი სოფელი ცდუნებისა და არაწმიდების ჭაობშია ჩაფლული, თითქმის ყველა ადამიანის გემოთმოყვარებას ჰყავს დამონებული: „შეყოფილ არს მომგონებლობაჲ კაცისაჲ მისწრაფებით ბოროტთა სიჭაბუკითგან მისით“ (დაბ. 8, 21). ცოტანი სძლევენ ხორციელ ვნებებს და ცოტანი გადიან თავისუფლად ამ საზვერეებს, მათი მსახურნი კი იქადიან, რომ ისინი უფრო მეტ ხალხს ყრიან ჯოჯოხეთის ჯურღმულში, ვიდრე ყველა სხვა საზვერე ერთად. მადლობა შესწირე ღმერთს, თეოდორა, რომ შენი სულიერი მამის ლოცვით გაცსდი მათ, აწ უკვე აღარაფრის გეშინოდეს“.

დეკანოზი გიორგი ჯგუშია „აღსარებისათვის“

არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) „აღსარების აგების გამოცდილება“

 

საზვერე (საბაჟო) - ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სული იწყებს ზეცაში ასვლას მფარველი ანგელოზის წინამძღოლობით, მაშინ ბნელი სულები წარუდგენენ მას აღსარების საიდუმლოში მოუნანიებელ ცოდვებს. ყოველ ცოდვას თავისი დემონი ჰყავს მიჩნეული და შესაბამისი საზვერე, სადაც მოიკითხება ეს ჩადენილი ცოდვები: პირველი საზვერე - მოიკითხება ამაო მეტყველებით, მეორე - შეხედვით, მესამე - სმენით, მეოთხე - ყნოსვით, მეხუთე - ხელით ჩადენილი ყველა უკანონო და ბილწი საქმე, ხოლო შემდეგში მოიკითხება: მრისხანება, შური, სიძულვილი, სიამაყე, სიძვა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები. საზვერეებზე დემონების გარდა იმყოფებიან ანგელოზებიც, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანების მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს - თუ სიკეთემ გადასწონა ბოროტება, მაშინ ანგელოზები მიიღებენ გარდაცვლილის სულს და შეიყვანენ ცათა სასუფეველში, არადა სული გადაეცემა სატანჯველად დემონებს.