ღირსი აბბა დოროთე სურიდის სავანიდან (+620)

5 (18) ივნისი

ღირსი აბბა დოროთე (VI) წმიდა იოანეს (ხს. 6 თებერვალს) მოწაფე იყო, მოღვაწეობდა პალესტინაში, აბბა სურიდის მონასტერში.

სიჭაბუკეში მომავალი წმიდანი გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს. „თავდაპირველად ძალიან მიმძიმდა სწავლა - იგონებდა შემდგომ - წიგნთან მიახლებისას ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს მხეცს ვუვარდებოდი ხახაში, მაგრამ, როცა თავს ძალა დავატანე, უფალი შემეწია და ისე შევეჩვიე, რომ სითბოსგან, რომელსაც კითხვის დროს ვგრძნობდი, მავიწყდებოდა რას ვჭამდი, რას ვსვამდი, როგორ მეძინა. არავის შეეძლო ჩემი მიზიდვა ტრაპეზზე რომელიმე მეგობართან, კითხვის გამო სასაუბროდაც არ გავდიოდი მათთან, თუმცა ყველა ძლიერ მიყვარდა. როცა ფილოსოფი გაგვათავისუფლებდა, მივდიოდი ბინაში და არ ვიცოდი, რას შევჭამდი, რადგან მენანებოდა დროის ხარჯვა სადილისთვის თადარიგის დასაჭერად“. ასე ისრუტავდა აბბა დოროთე წიგნიერ სიბრძნეს. კიდევ უფრო დიდი მოშურნეობით შეუდგა წმიდანი მონაზვნურ ღვაწლს უდაბნოში გასვლის შემდეგ. „როცა მონასტერში მივედი, - წერდა იგი, - საკუთარ თავს მივმართე, თუ გარეშე სიბრძნისათვის ამდენი სიყვარული და სითბო აღმოგაჩნდა, სათნოებებისთვის უფრო მეტი უნდა იქონიო! - და ამან განმამტკიცა“.

ღირსი დოროთეს მორჩილების უპირველესი საქმე მონასტერში მოსული მომლოცველების დახვედრა და მოწყობა-დაბინავება იყო. ერთ-ერთი ძმის სახსრებით ღირსმა დოროთემ ააგო საავადმყოფო, რომელშიც თავად იყო ერთი მომსახურეთაგანი. იგი იგონებდა: „მძიმე შრომისაგან ახალი გათავისუფლებული ვიყავი, როცა, მიმწუხრისას მონასტერს მწირები მოადგნენ. მთელი საღამო სტუმრებთან გავატარე. შემდგომ მექარავნეები მოვიდნენ. მათთვისაც გავამზადე ყველაფერი, რაც საჭირო იყო; ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ დასაძინებლად ახალწამოწოლილს მაღვიძებდნენ, ამასობაში ღამისთევის ლოცვების დროც მოაწევდა“. ძილს რომ შებრძოლებოდა, აბბა დოროთემ ერთ ძმას სთხოვა, მსახურების დასაწყისისთვის გაეღვიძებინა იგი, მეორეს კი ევედრა, ლოცვების დროს ჩათვლემის საშუალება არ მიეცა მისთვის. „და მერწმუნეთ, - ამბობდა წმიდა მამა, - მე ისეთ პატივს ვცემდი ამ ბერებს, თითქოს მათზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხონება“.

ათი წლის განმავლობაში ღირსი დოროთე იოანე წინასწარმეტყველის მორჩილი იყო. იგი მანამდეც გულწრფელად აღიარებდა თავის ზრახვებს წმიდა მამის წინაშე, ახლა კი მთლიანად მიანდო თავი მის ნებას და არანაირ მწუხარებას არ გრძნობდა; ამასთან შიშობდა, რომ ვერ სათნოეყოფოდა უფალს, რომელიც მწუხარებათა სრულიად დამთმენებს აღუთქვამს ცხონებას, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა: „ნუ წუხარ, შესაშფოთებელი არაფერი გაქვს, მამების მორჩილებაში მყოფნი უზრუნველობითა და სიმშვიდით ნეტარებენ“. ღირს დოროთეს უდიდეს ბედნიერებად მიაჩნდა ახოვანი მოსაგრის მსახურება. აბბა სერიდის მონასტრის მოძღვრების გარდა აბბა დოროთე თავის თანამედროვე სხვა დიდ მამებს, მათ შორის აბბა ზოსიმესაც ნახულობდა და გულმოდგინედ ისმენდა მათ დარიგებებს.

ღირსი იოანე წინასწარმეტყველის მიცვალების შემდეგ დოროთემ დატოვა აბბა სურიდის მონასტერი და დააარსა თავისი სავანე, რომელსაც აღსასრულამდე ბრძნულად განაგებდა. წმიდა მამას ეკუთვნის 21 ქადაგება, რამდენიმე ეპისტოლე და 87 შეკითხვა ღირსი მამების ბარსანოფი დიდისა და იოანე წინასწარმეტყველის წერილობითი პასუხებით; ხელნაწერების სახითაა შემორჩენილი აგრეთვე 30 სამოღვაწეო სიტყვა და აბბა ზოსიმეს მოძღვრების ჩანაწერი. აბბა დოროთეს ნაშრომები დიდი სულიერი სიბრძნითაა აღსავსე, ისინი გამოირჩევა ნათელი, დახვეწილი სტილით, მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი ენით. წმიდა მამა ხშირად მიმართავდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის რჩევებს. მორჩილება და თავმდაბლობა, შერწყმული ღვთისა და მოყვასის ღრმა სიყვარულთან, ის სათნოებებია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სულიერი ცხოვრება, - ეს აზრი მსჭვალავს მის თხზულებებს. მათ მიღმა ნათლად ჩანს ავტორის პიროვნება, რომელსაც ღირსი დოროთე (ხს. 19 თებერვალს) ასე გვიხასიათებს: „თანამოსაგრეებთან დამოკიდებულებაში ის იყო მორცხვი, მორჩილი, ალერსიანი, მისთვის უცხო იყო ამპარტავნება და თავხედობა; ახასიათებდა სიკეთე და უბრალოება, კამათის დროს უკანდახევა უყვარდა, რაც სათავეა მოკრძალებისა, კეთილმოსურნეობისა და თაფლზე უტკბესი ერთსულოვნებისა - ყოველგვარ სათნოებათა დედისა“.

აბბა დოროთეს სწავლებები სანდო სახელმძღვანელოა სულიერ ღვაწლს შემდგართათვის და ყველასთვის, ვისაც გულწრფელად სურს ცხონება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.