წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი (II)

19 (2.07) ივნისი

წმიდა მოწამე ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ტრაიანეს (89-117) ზეობისას. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან დააგდო სამხედრო სამსახური და ჭეშმარიტ ღვთისმოსავებს შეერთო. უსჯულოებმა უფლის რჩეული ანტიოქიის მმართველ დომიციანესთან დაასმინეს. სამსჯავროზე წარმდგარმა ზოსიმემ ახოვნად აღიარა ქრისტე, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე კი უარი განაცხადა. ამისთვის მარტვილი სასტიკად აწამეს. მმართველის ბრძანებით, იგი გახურებულ სარეცელზე გააწვინეს, მაგრამ პირჯვრის მადლით დაცულს არანაირი ტკივილი არ უგრძვნია. დომიციანემ განკარგულება გასცა, წმიდანი ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი სანდლებით ეტარებინათ. შემდეგ ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს მშიერ-მწყურვალი. ანგელოზმა პურითა და წყლით განუახლა ძალა მოუძლურებულს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველებით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, უღონოქმნილმა მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს. წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.