წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (218)

 24 (06.06) მაისი

წმიდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218).

რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი - სტეფანე და იოანე.

პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით - 11000 (+დაახლ. 218). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.

წმიდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმიდანთა მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ქრისტესადმი ერთგულების მხილველმა თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.