ფილოთეოსის მონასტერი

წმინდა ფილოთეოსის მონასტერი ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ პლატოზე, ასკლეპიოსის ძველი ტაძრის ნანგრევების მახლობლად მდებარეობს. სავანე დაახლოებით X საუკუნეშია დაფუძნებული. მისი დამაარსებელი, ღირსი ფილოთეოსი, ათანასე ათონელის თანამედროვე იყო.

ბიზანტიის იმპერატორებს შორის, რომლებსაც მონასტრისათვის უხვი შემოწირულობანი გაუღიათ, იყვნენ ნიკიფორე ბოტანიტი (XI ს.), ანდრონიკე II და ანდრონიკე III, იოანე V (XIII საუკუნის მიწურულს და XIV საუკუნის დასაწყისში), ხოლო სერბეთის მეფე სტეფანე დუშანი (1346 წ.) მონასტერს მუშახელით უზრუნველყოფდა.

მონასტრის მთავარი ტაძარი

XVI საუკუნის დასაწყისში, თურქთა ბატონობის პირველ წლებში, იღუმენმა დიონისემ, რომელიც ღირსი დიონისე ოლიმპოელის სახელით არის ცნობილი, მონასტრის თვითშენახვის სტატუსი საერთო ცხოვრებით შეცვალა. ამის გამო ბულგარელი ბერების ნაწილმა მონასტერი დატოვა.

XVII საუკუნის შუა ხანებში რუსეთის ხელმწიფემ ალექსი მიხაილის ძემ ფილოთეოსის მონასტრის ბერებს ნება დართო, შვიდ წელიწადში ერთხელ რუსეთის ტერიტორიაზე მოწყალება შეეგროვებინათ. მოლდო-ვლახეთის ბატონი გრიგორი გიკაც ამ მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედი იყო.

1871 წლის საშინელ ხანძარს მხოლოდ 1746 წელს აგებული ახალი ტაძარი გადაურჩა (ეს ეკლესია ძველის საძირკველზე იყო აშენებული). ზარალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მონასტერი წელში ვეღარ გაიმართა და 1900 წელს წმინდა კინოტმა ის თავისი მეურვეობის ქვეშ აიყვანა.

მონასტრის სხვა ნაგებობათაგან შეიძლება აღინიშნოს თეთრი მარმარილოს წყალკურთხევის ჭურჭელი და XVI საუკუნის რესტავრირებული სატრაპეზო.

მონასტრის შიდა ხედი

ფილოთეოსს თავის ტერიტორიაზე ექვსი ტაძარი აქვს, მის გარეთ - სამი. მის მფლობელობაში მყოფი თორმეტი სენაკიდან ნახევარი დაუსახლებელია.

მონასტერში დაცულია იოანე ოქროპირის მაკურთხეველი მარჯვენა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები.

ბიბლიოთეკაში ინახება 250 ხელნაწერი, ორი ლიტურგიკული გრაგნილი და 2500-მდე წიგნი, რომელთაგან 500 რუსულ და რუმინულ ენებზეა.

სავანე ნაკურთხია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე და 1574 წლიდან მეთორმეტე ადგილი უკავია ათონის მონასტრებს შორის.

1973 წლიდან მონასტერი საერთო ცხოვრების ტიპიკონს მისდევს. ამჟამად სავანეში სამოცამდე ბერი მოღვაწეობს.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ № 3-8 2006 წ.