გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

გერგეტის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი

უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.

მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი.

დღეს აქ მამათა მონასტერი შენდება და ბერები მოღვაწეობენ.

2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.

 

ისტორიული ცნობები და არქიტექტურა

„აღმოსავლეთიდამ არაგუს ერთვის... აჩხოტის ხევი. ამის ჩრდილოთ არს სტეფან-წმიდა, დაბა კარგი.
... დასავლით არის გერგეთი, არაგუს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესსუენა ნინოს ჯვარი, შუენიერნაშენი, შუენიერს ადგილს“. (ვახუშტი ბატონიშვილი)

გერგეტის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).

ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

გერგეტის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ შესასვლელი შესამჩნევად განიერია დასავლეთისაზე. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედა ტანის პროპორციათა შეუსაბამობა. ზომებით ისინი ერთი-ერთზეა, რაც ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია (XIV-XV სს.) და მსგავსი პროპორციულობა იმ პერიოდის სხვა ტაძრებზეც აღინიშნება. წინა პერიოდის სხვა არქიტექტურულ ძეგლებში გუმბათის დიამეტრის შეფარდება დანარჩენ ნაწილებთან გაცილებით ნაკლებია, თუმცა ტაძრის გუმბათი მაღალია, რომელზედაც პროპორციის დაუცველად არის განლაგებული პატარა სარკმლები.

ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ ღრმაა, რომლის შუა ადგილზე დგას წმიდა ტრაპეზი. იგი თავდაპირველი, ტაძრის აშენების დროინდელი უნდა იყოს. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ თითო ოთხკუთხა სათავსია, სამხრეთით - სადიაკვნე, რომელიც ცენტრალურ ნაწილთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული, ჩრდილოეთის მხარეს კი - სამკვეთლო. სამკვეთლო თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს. სადიაკვნეს პატარა სარკმელი სამხრეთის მხრიდან აქვს გაჭრილი, როგორც წესი მსგავს შემთხვევებში სარკმელი აღმოსავლეთიდან უნდა იყოს, მაგრამ ოსტატს, როგორც ეტყობა, სარკმელი სამხრეთის ფასადის მორთულობისთვისაც გამოუყენებია. სამკვეთლოს სარკმელი კი აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია, ე.წ. სამალავები, საიდანაც კონქსზედა სივრცეში შეიძლება მოხვედრა. ორივე სათავსი აღმოსავლეთის მხრიდან ნათდება თითო პატარა სარკმლით. ტაძარი ასევე გამოირჩევა სამალავთა სიმრავლით და მის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული: გვერდით ნავებს, საკურთხეველს, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებითაც კი. ფაქტიურად ეკლესია ორსართულიანია და მისი მეორე სართული უცხოსთვის შეუმჩნევლად არსებულ საკმაოდ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც ტაძრის თავდაცვით ფუნქციასაც მიანიშნებს არა მარტო ამ კუთხის მოსახლეობისა და საეკლესიო სიწმინდეებისათვის, არამედ ქართლის ბარისთვისაც. ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.

ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არც კი შეინიშნება.

გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული.

გუმბათი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა, იგი რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ, გარედან კვლავ ძველი ქვები არის  გამოყენებული.

ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული ხუთი პატარა სარკმლის გარდა, ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი, ამდენად შიდა სივრცისათვის სინათლის წყაროს აღნიშნული ცხრა სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის განათებისათვის საკმარისი არ არის. თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი „ამოღამება“ იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადებზე მორთულობის ნაკლებობა და რაც არის, იმის უმრავლესობის კედელში ჩაფლულობაც. ეს ყველაფერი კი ფასადთა გაშიშვლების გამოწვევაა. თუმცა გერგეტის ტაძრის სხვათაგან გამომრჩევ ნიშნად მის ოთხივე ფასადზე არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვარია. მათგან კი აღმოსავლეთ კედელზე არსებული ჯვარი გმოირჩევა თავისი დიდი ზომითა და საგანგებო მორთულობით. აღნიშნული ფასადის მცირე ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია მის ზედა იარუსზე არსებული პატარა სარკმლები. ესენი ფაქტიურად დეკორატიულ ფილებს წარმოადგენენ და მათში სარკმლების დანახვა ჭირს. ჩუქურთმაში ჩამალული პატარა სარკმლები საიდუმლო ოთახების გასანათებლად იყო გამიზნული და მათი ჩუქურთმის დეტალად წარმოსახვაც სწორედ იმ შეფარული მიზნის განხორციელება იყო, რა დანიშნულებაც მას პრაქტიკულად ენიჭებოდა.

ტაძრის არქიტექტურული სტილით, მისი მორთულობით და მხატვრული ანალიზით და სხვ. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ მისი აგება უახლოვდება საფარის, ზარზმის, ცაიშის გაუმბათოვან და დაბის დარბაზული ეკლესიების მშენებლობას. თუმცა მათ შორისაც არის გარკვეული ინტერვალი, მაგრამ არცთუ ხანგრძლივი და ყველა ერთი ეპოქის, კერძოდ XIV ს. ტაძრებადაა მიჩნეული. მათგან გერგეტი კი ყველაზე უფრო აქეთ,  XIV ს. მეორე მეოთხედის მშენებლობად ითვლება.

მრავალგანსაცდელგამოვლილ ხევის მოსახლეობას 70-წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავად ამ მხარის უმთავრესი სალოცავი უპატრონოდ არ მიუგდია. ღვთის მოიმედე აქაური მოსახლეობა ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად უფრთხილდებოდა. ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლოიბს მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება.

მოამზადა გოჩა გუგუშვილმა
გაზეთი „აღსავალი“, № 4, 2004 წ.

ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძართან შენდება მამათა მონასტერი

თუ გსურთ შეეწიოთ მშენებარე მონასტერს, შეგიძლიათ შეწირულობა ჩარიცხოთ
ყაზბეგის გერგეტის წმიდა სამების აღდგენისა და საკათედრო ტაძრის აშენების ფონდში.

სს „თბს-ბანკი“ - ცენტრალური ფილიალი.
ა/ა 100701802 სავ. ანგ. 120070869. კოდი 220101830