ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში

ისტორიული მიმოხილვა

მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილისა

I

საქართველოს დედა ქალაქმა ტფილისმა იმდენი წვა და დაგვა გამოიარა, რაც დაარსებულა მას აქეთ, რომ უცხოსა და შინაურს ყველას უკვირს, თუ დღემდე როგორ გადარჩა სრულიად განადგურებასა და დაღუპვასა. ძველი ტანჯვა-ვაება არ აკმარა ბედმა ტფილისსა და უკანასკნელად საშინელი განსაცდელი გადახდა თავსა: 1795 წ. ენკენისთვის 11-13 სპარსეთის ყეენმა აღა-მაჰმადხანმა მთლად მიანგრ-მოანგრია და ცეცხლით გადაბუგა. სრულიად დანგრევასა და დაღუპვას მარტო თითო-ოროლა საქრისტიანო ტაძრები გადურჩნენ და, მათ შორის, ანჩისხატის ტაძარიც. ეჭვი არ არის, ანჩისხატის ტაძარი მოწმე უნდა იყოს ტფილისის მრავალგზის აოხრებისა და სისხლის წვიმებისა მთელ საქართველოში. მაგრამ საბუთი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ანჩისხატის ტაძარი არც ერთხელ არ დანგრეული მტრისაგან საფუძვლამდე. ქვემოთ მოყვანილი წარწერებიდან ჩანს, რომ კათალიკოზს დომენტის (1659-1676 წ.) აღუშენებია სამრეკლო, დღემდე მთლად შენახული, და თვით ტაძარი კი მხოლოდ აქა-იქა განუახლებია. სამრეკლო აშენებულია კარგად გამომწვარის აგუირსაგან, ხოლო თვით ტაძარი კი ნაშენია კლდის უშველებელის, უხეიროდ ნათალი ქვისაგან, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. გარდა ამისა კლდის ქვები მრუდედ არის ნაწყობი და ყველგან შვეულში არ მოდიან. ერთის შეხედვით ეტყობა, რომ ტაძრის ირგვლივ აგურის საწვეთიც დომენტისგან არის განახლებული სამრეკლოს აშენების დროსვე.

აღმოსავლეთის მხარე ტაძრისა ისეა გამოხატული ევროპიელ მოგზაურთა - შარდენის (1670-1673 წ.) და ტურნეფორის მიერ (1700 წ.) შედგენილ თბილისის გეგმაზედ, როგორც დღეს ვხედავთ. ტაძრის დასავლეთის კედლებზედ კარების ასწვრივ გამოხატულია უძველესის სახის ჯვარი გვერდზე მწოლარე კრავით; კედლის სისქე სრული ორნი არშინია.

თათრები უფრო სამრეკლოებს ემტერებოდნენ და ანგრევდნენ ხოლმე შემოსევის დროს, რადგან ჭირივით ეჯავრებოდათ ზარის ხმა და ჯვარი გუმბათზედ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის ყეენები: შაჰ-ისმაილი (1522 წ. გადმოაგდებინა ჯვარი სიონის გუმბათიდან), შაჰ-აბასი (1615 წ.) და აღა-მაჰმად-ხანი (1795 წ.). ამ უკანასკნელმა სიონის სამრეკლოს ჩრდილოეთის მხრივ მოანგრია გუმბათი და დღემდე ისე სდგას; ეს სამრეკლო ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილს (1735 წ.) ტფილისის გეგმაზედ კი დახატულია გუმბათით.

ანჩისხატის ტაძარს ძველ დროში ეძახდნენ „ზარის საყდარს“, რადგან არაბების დროსვე ჰქონდა უფლება ზარის რეკისა, როგორც საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ტაძარს თბილისში. უამისოდ ვინ, რად დაარქმევდა „ზარის საყდარსა“, თუ დანარჩენ საყდრებშიც ექმნებოდათ ზარის რეკა? ან რა ზარი ექნებოდა მაგ წოდებია, თუ ანჩისხატის ტაძარს სამრეკლო და მასზედ ზარის რეკა არა ჰქონოდა? ჩვენ ვიცით, რომ X-XI საუკუნეების არაბების მეისტორიენი იხსენიებენ ზარის რეკასა ქრისტიანებისაგან ტფილისში. „ზარის საყდარს“ ეძახდნენ მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ნახევრამდე; ამ დროიდან კი, იქნება მას აქეთ ორას ორმოცი წელიწადი, დაერქვა ანჩისხატისა, რაკი კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ აქ დაასვენა ქრისტიანობის უდიდესი სიწმიდე და სათაყვანებელი პირი ღვთის ხატი, ს.ანჩიდან მოსვენებული.

II

მეშვიდე საუკუნეში საბერძნეთის იმპერატორი ირაკლი ებრძოდა სპარსელებს. ქართველები რომ სპარსელებს არ მიშველებოდნენ ამ ბრძოლაში, ირაკლი ბევრს წყალობას დაჰპირდა ქართველებსა. აი, ამ შემთხვევით ისარგებლა საქართველოს მეფე ადარნასემ (611-639 წ.) და მოითხოვა საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი მცხეთაში აღრჩეულიყო ქართველთა სამღვდელოებისაგან და მცხეთაშივე ეკურთხებინათ. ირაკლიმ ნება მისცა. ამიტომ, კათალიკოზი იოანე რომ მიიცვალა (623 წ.), საქართველოს სამღვდელოებამ აირჩია კათალიკოზად მთავარ-ეპისკოპოსი ბაბილა; ქრისტიანობის განმტკიცებისათვის ბაბილამ აიშენა ტფილისში თავისთვის სასახლე და საყდარი მტკვრის მარჯვენა კლდოვან ნაპირზედ. საკუთრივ ანჩისხატის ტაძარი სიგრძით არის ოცდაათი არშინი და სიგანით ოცდაერთი და როგორც ვთქვით, აშენებულია მთლად კლდის ქვისაგან; ამ გვარის გეგმით აშენებული საყდრები დღესაც ბევრია საქართველოში: ურბნისის, ზედაძნისა, შიომღვიმისა, გომბორისა, სამებისა (კაწრეთისა), ვაქირისა, კახთ-უბნისა, ზეგანისა, ურიათუბნისა და სხ. გარეგანი შეხედულება ტაძრისა მაგდენად მოსაწონი არ არის; მაგრამ დასავლეთის კარებიდამ შესდიხართ და განცვიფრებას ეძლევით შინაგანი მშვენიერებისაგან; შუალა მაღალი მოხდენილი თაღი აქეთ-იქით დაბალი თაღებით თქვენს გონებას იზიდავს. სარწმუნოებრივ გრძნობას აღვიძებს გულში და ნეტარებით გახსენებინებთ კურთხეულ მამა-პაპათა ტანჯვით გატარებულ სიცოცხელსა! ამოდენა ტაძარი ოთხს მრგვალ სვეტზედ არის დამყარებული. შუალა მაღალი თაღი1 ირგვლივ მოხატულია ძველის აღთქმის ისტორიული სურათებით, დაბლა კედლები კი ირგვლივ იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრებიდან; საკურთხევლის თაღში დახატულია სულის წმიდის მოფენა მოციქულებზედ; ხოლო დასავლეთის კედელზედ - მაღლა ადამ-ევას სამოთხიდან განდევნა და დაბლა კარების თავზედ მეორედ მოსვლა ქრისტესი - სასუფეველი და ჯოჯოხეთი. მხატვრობა ძველია, მაგრამ განახლებულია მეჩვიდმეტე საუკუნეში, მერე 1814 წ. და უკანასკნელად ამ რამდენიმე წლის წინად. კანკელი დადგმულია 1854 წ. რუსულის ხელოვნებისა; ძველი კანკელი 1787 წ. დახატული დროებით დგას მთაწმინდის მამა დავითის საყდარში.

ტაძრის იატაკი 1846 წლიდან კლდის ქვისა იყო დღემდე. ამ ერთი წლის განმავლობაში დაგებული იქმნა მშვენიერი უცხოური ფერადი აგურისა და მარმარილოს ფერადი კენჭისა, კნეინა ანასტასია დავითის ასულის გაგარინისა და კნეინა ელენე კონას ასულის თარხნიშვილის საკუთარის ხარჯით.

საკურთხევლის მარჯვნივ არის სალარო, მარცხნივ სამკვეთლო. უწინდელ დროში ყოველი საყდარი შეადგენდა საუკეთესო თავ-შესაფარსა მტრის შემოსევის დროს, ამიტომ როგორც სამკვეთლოდან, ისე სალაროდან გვირაბები ყოფილა მტკვრის პირამდე ჩათხრილი გაჭირვების დროს წყლის ამოსატანად. თვით ტაძარი დსგას კლდეში ამოკვეთილ სარდაფზედ. აი ესრეთის მოხერხებით და ოსტატობით არის აგებული ანჩისხატის ტაძარი.

ტრაპეზი მშვენივრად გათლილია ერთიანი კლდისაგან სიმაღლით არშინ ნახევარი და სიგრძე-სიგანით არშინი და ორი გრე. ტრაპეზის კიდურები სამი მხრივ გარუჟღულია ზედ ნანთები წმინდა სანთლისაგან. იყო დრო, როცა მტრის გაბატონებისა გამო საქართველოში, წირვა-ლოცვა აღარა სრულდებოდა ხოლმე. აი სწორედ ამისთანა დროს ღვთის მოყვარე ქართველობა ცხადლივ თუ უჩუმრა დაიარებოდნენ ანჩისხატის ტაძარში და გაშიშვლებულ ტრაპეზზე ანთებდნენ სანთელსა. ტრაპეზის შუა ადგილი გაპოხილია წმინდა ნივთიერებით, ხოლო კუთხეებში ჩაწყობილია წმიდა ნაწილები და ალებასტრით გადალესილი. ტრაპეზის კიდურს ორის მხრივ აკრავს ორი ქაღალდისაგან გამოჭრილი ჯვარი (ერთი დაზიანებულია). აი, წარწერები:

სამხრეთის მხრივ - „ ... მარკოზ ... დაემყარა წმიდა ესე .... სახელსა ზედა ... ელისა: დედოფალ ... ხელითა ყოვლად სანატრელისა პატრიარქის ...“

დასავლეთის მხრივ -  „ ... სა ... ყოვლად ... დედოფლისა ღვთის მშობელისა ყოვლად სანატრელისა საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის ბატონიშვილის ანტონისათა, მეფობასა თეიმურაზ პორფირიანისაა, ქრისტეს აქათ ჩღმყ ... 1746 ...“

ეს ტრაპეზი საუკეთესო სამკაულია დღეს ანჩისხატის ტაძრისა. პირველი წარწერა მოიხსენებს მარკოზს, რომელიც კათოლიკოზ-პატრიარქად იჯდა 1460-1466 წ.წ.

III

წმ. მეფე ვახტანგ გორგასლანმა თუ მცხეთიდან თბილიში გადმოიტანა სამეფო ტახტი თავის უფლების განსამტკიცებლად და სპარსთა გავლენის შესამცირებლად, კათალიკოზ-პატრიარქმა ბაბილამ თბილისში ააშენა სასახლე და თავისი კარის ტაძარი, რომ აქ, თბილისში განემტკიცებინა თათართაგან დაჩაგრული ქრისტეს სარწმუნოება. ამას გარდა არც ჰაერის წლიური ცვლილება აძლევდა ნებასა ერთ ადგილას ეცხოვრნა მთელი წელიწადი. ამიტომ კათალიკოზ-პატრიარქი ზამთარს ყოველთვის თბილისში ატარებდა, ზაფხულს კოჯორში და გაზაფხულს-შემოდგომას მცხეთაში. ამნაირად კათალიკოზ-პატრიარქის მუდამ მხარში ედგა საქართველოს სამეფო კარსა და თავის გავლენას არა ჰკარგავდა: სამეფოს გაჭირვების და კეთილდღეობის ჟამს კათალიკოზ-პატრიარქი იყო ხოლმე მეფის უპირველესი მრჩეველი და განმამხნევებელი. რავდენიც კათალიკოზ-პატრიარქის გავლენა მტკიცდებოდა თბილისში, იმდენად ანჩისხატის ტაძარს ემატებოდა სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გავლენა და ნივთიერადაც მდიდრდებოდა. ესრეთს წარმატებას ხელს უწყობდა დიდათ თვით მდებარეობაც: იქვე, სამხრეთით იმყოფებოდა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მეფეთა სასახლე: ამიტომ მეფენი, დედოფალნი, ბატონის შვილნი, სძალნი და ასულნი მუდამ აქ ისმენდნენ წირვა-ლოცვასა, აქ იმწყსებოდნენ და ემზადებოდნენ სამეფოს მოვლა-პატრონობისათვის, ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლო მიწა-წყლის დაცვისა და თავდადებისათვის. აქ, ანჩისხატის ტაძრის ირგვლივ მკვიდრობდნენ წარჩინებულნი თავად-აზნაურთა საგვარეულონი, ყველა მათგანს აქ საკუთარი სასახლე ჰქონდა. კათალიკოზ-პატრიარქნი და ქადაგნი აქ შეაჩვენებდნენ ხოლმე სარწმუნოებისა და მამულის მოღალატეს! აქ ადიდებდნენ და აქებდნენ ქრისტეს ეკლესიისა და მამულის ერთგულთ-მოყვარეთა და თავდადებულთა.

რაკი სამეფო სახლი და კარი კათალიკოზ-პატრიარქისა ასე თავს დასტრიალებდა ანჩისხატის ტაძარსა თითქმის ათასორასი წლის განმავლობაში, ამიტომ წარჩინებულნი სამეფოს მოხელენი და თავად-აზნაურნიც ყოველთვის აქ იყრიდნენ თავს. ანჩისხატის ტაძრის ეზო ძველად წარმოადგენდა დიდებულს სანახაობას: აქ იყო უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, აქ იყვნენ თავმოყრილნი საუკეთესო მწერალ-მწიგნობარნი და მგალობელნი, რომელნიც წირვა-ლოცვის შემდეგ თავისუფალ დროს ახმარდნენ ყრმათა აღზრდა-სწავლებასა, საეკლესიო წიგნთა გადაწერასა და სხ. აქედან ეფინებოდნენ საქართველოს ყოველ კუთხეს განსწავლულნი მღვდელნი, დიაკონნი და მეფსალმუნენი - მგალობელნი. ამიტომ ანჩისხატის ტაძარი შეიქმნა პირველი საერო სათაყვანებელი და სალოცავი მთელი ქართველობისა უკანასკნელ დრომდე. ანჩის-ხატის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდნენ წარჩინებულ თავად-აზნაურთა სასახლენი, აქ ანჩისხატის უბანში სცხოვრობდნენ - ამილახვარნი, შალიკაშვილები, აბხაზნი, აბაშიძიანნი, მუხრან-ბატონნი, თარხნიანნი, ჩოლოყაშვილნი, ერისთავნი და სხ. ჩვენ შემდეგ დავინახაცთ, რომ კათალიკოზ-პატრიარქნი და მეფენი საუკეთესო მღვდელმონაზვნებს ამწესებდნენ ხოლმე ანჩისხატის ტაძარში, რომელთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო დეკანოზი დიმიტრი სოლომონის-ძე ალექსისძე-მესხიშვილი (1778-1862 წ.)

IV

იყვნენ ხოლმე ისეთნი ჟამნი, როდესაც მტერთა შემოსევისა და ბატონობისა გამო ათი და ოცი წლობით შესწყდებოდა ხოლმე წირვა-ლოცვა ანჩისხატის ტაძარში. ამ დროს სამღვდელონი კათალკოზ-პატრიარქთან ერთად გაიხიზნებოდნენ ხოლმე მთიან ადგილებში - ლარგვისში, ან გუდამაყრის ხეობაში და თან მიჰქონდათ საეკკლესიო სამკაულნი და სალოცავი - ხატი და ჯვარი. უნდა ვთქვათ, რომ არაბები სხვადასხვა ბარბაროზებზედ უფრო შემბრალებელნი და ლმობიერნი იყვნენ, უფრო პატივისცემით ეპყრობოდნენ საქრისტიანო საყდრებსა.

არაბების მფლობელობის დროს (711-1122 წწ.) ქართველი ერი ყოველ მხრივ წინ წავიდა: იმ დროს დაიჭირა საქართველოს სამეფო ტახტი ბაგრატოვანთა გვარმა, აყვავდა ქართული მწერალ-მწიგნობრობა, ქართული ხუროთმოძღვრების ხელოვნება, გამდიდრდა ნივთიერათ, ფრთები შეისხა ეროვნულმა თვითცნობიერებამ და დაგვირგვინდა ოქროს საუკუნით წმ. თამარ მეფის დროს. არაბების დროს განახლდნენ და აღშენდნენ მრავალნი შესანიშნავნი ტაძარნი - გელათი, ქუთაისი ბაგრატის ტაძარი, ბედია, მარტვილი, ნიკორწმინდა, მოქვი, თიღვა, ატენის სიონი, სამთავისი, არმაზი, ქვაბისმანი, ქვაბთახევი, იკორთა, ზედაძენი, მცხეთის სვეტიცხოველი, იყალთო, სამება (იორზე), საფარა, ზარზმა, ტბეთი, ქუმურდო, წყაროსთავი, ანი, ვარძია და სხ. შემდეგ წმ. თამარისა ეზნია რამე თუ არა მონგოლებისაგან ანჩისხატის ტაძარსა - არა ჰსჩანს რა. თემურლანგის მიერ შვიდჯერ აოხრების დროს (1378-1405 წ.) ევნო რამე, თუ არა ანჩისხატის ტაძარსა - არა ვიცით; ვიცით მხოლოდ, რომ საქართველოს მეფე ალექსანდრეს მიერ განახლებულ ეკკლესიათა რიცხვში არ იხსენიება ანჩისხატის ტაძარი.

მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგს სპარსნი გაძლიერდნენ. მათი ყეენი შაჰ-ისმაილი შემოესია საქართველოს 1522 წ. და პირველი მეჩითი ააშენა ავლაბრის ხიდის ყურზედ; მისმა მოადგილემ შაჰ-თამაზმა 1536 წ. უარესი ბოროტება მოახდინა: გადმოასახლა მრავალი ყიზილბაში და დააბინავა აბანოების გარშემო, დაამკვიდრა პოლიტიკური გავლენა ქართველებზედ. შაჰაბაზის დრო ხომ მეტად სატირელი დრო იყო ქართველებისათვის! აი ამ დროებაში საქართველოს მეფენი და კათალიკოზ-პატრიარქნი იძულებულნი იყვნენ აქა-იქ შეეფარებინათ თავი. ამ დროს კათალიკოზები - ნიკოლოზი, იოანე (ავალიშვილი), ზაქარია, ევდემოსი - უცხოებაში სტიროდნენ სამშობლოს აოხრებასა და შემუსვრილებასა! მათ არ ეღირსათ თავის საყვარელ ტაძრებში (სვეტიცხოველი და ანჩისხატი) წირვა-ლოცვაში დაესრულებინათ თავისი დღენი! ამ დროს მიიღეს გვირგვინი მოწამეობისა მეფე ლუარსაბმა, არჩილ მუხრანბატონმა, სვიმონ მეფემ, ქეთევან დედოფალმა, იოთამ ამილახვარმა, ევდემოს კათალიკოზმა, თევდორე მღვდელმა და სხ. ამისთანა გაჭირვების დროს კათალიკოზად იყო ხოლმე თათრების სათნო კაცი - ნიკოლოზ ლევან მეფის ძე, ქრისტეფორე და სხ.

ამ სამწუხარო დროში ქართლის მეფეს, გათათრებულ როსტომს, ღვთის განგებამ ცოლად არგუნა ისრეთი შესანიშნავი დედაკაცი, რომლის ბადალს ვერც ერთი სხვა ხალხი ვერ დაიკვეხნის - დადიანის ასული მარიამი, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა საქართველოს ეკკლესიასა, მწერლობასა, ხელოვნებასა და სამშობლო მიწა-წყალსა. მარიამმა და ვახტანგ მეფემ კათოლიკოზად დაადგინეს მუხრანბატონის ქაიხოსროს ძე დომენტი, რომელმაც დიდი ხნიდგან დაობლებული და დაძველებული ანჩისხატის ტაძარი განაახლა; რაც დომენტიმ ვერ შეასრულა, იგი დაამთავრა მისმა მოადგილემ - კათალიკოზ-პატრიარქმა ნიკოლოზ ამილახვარმა, ამ ფრიადმა ტრფიალმა ქართველთა ეკკლესიის და მწერლობის წარმატებისამ. კათალიკოზმა დომენტიმ განაახლა სასახლე თვისი, აღაშენა სახლნი მოსამსახურეთათვის და ყრმათა სასწავლებლისათვის, ხელახლა ააშენა სამრეკლო დასავლეთის მხრივ. აი სამრეკლოს წარწერა: წ. ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე ტაძარი ესე სულისა ჩემისა საოხა. მეფობასა ქართლს შაჰნავაზისა, ქორონიკონსა ... 1666 წ. კათალიკოზი დომენტი შემდეგ სწერს: „აღვაშენე დაძველებული და დაქცეული ხელახლად სამკვეთლოს წინ სამხრე, ორი სახლი თლილის ქვითა და ორის ქვის სვეტითა და დავბურე ქვის ლორფინითა, გავაკეთე დაქცეული პალატები ხითა და ლამფა მივაკარით და სხვა წვრილი სახლები და სენაკები ბევრი. ანჩისხატის საყდარში შიგნით, აჩხორვილი და ცუდ-მადად გაკეთებული იყო, განვჰსწმიდე და განვაშვენე, განვაახლე ტახტი კათალიკოზთ სადგომი თლილის ქვითა და ქვის სვეტებითა. კიდევ გავაკეთე ქალების სადგომი ხისა. დავახურვინე ანჩისხატის საყდარი ფიცრითა და სასახლე ყავარითა“.2

განაახლა თუ არა ანჩისხატის ტაძარი, კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტიმ ჩამოასვენა ს. ჭალიდგან აწინდელი პირი ღვთის ანჩისხატი, ეს უაღრესი სიდმიდე ქრისტიანობისა.

V

სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ ქრისტიანობის პირველ დროშივე მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ ანდრია პირველწოდებულმა დააარსეს მრავალი ეკკლესიანი. ანჩაში საეპისკოპოსო ტაძარი უძველესია მთელ საქართველოში. საეპიკოპოსო საყდრის დაწესება ანჩაში ქართველ მეფეთა მიერ არსად არ არის მოხსენებული. აი ამ ანჩის ტაძარში ესვენა თითქმის ცხრაასი წლის განმავლობაში პირი-ღვთის ხატი: ანჩის ეპისკოპოსნი ყოველთვის მცხეთის კათალიკოზის ხელ-ქვეითნი იყვნენ; ანჩელის სამწყსო მდებარეობდა ოპიზასა და ხანცთას მონასტერთა შორის, ნიგალის ხევის ქვევით გონიამდე. ანჩელნი დიდად პატივცემულნი იყვნენ ყოველთვის, მეფეთა და კათლიკოზთა კურთხევის დროს მეთერთმეტე ადგილი ეჭირათ იშხნელსა და მტბევარს შორის. ანჩის ეპისკოპოსთაგან ცნობილნი არიან ჩვენს სამშობლო ისტორიაში: ა) მაკარი 910-975 წ., რომლისა დროსაც აღიწერა ცხოვრება წმინდა გრიგოლ ხანცთელისა; ბ) ეზდრა 1015-1058 წ. მომხრე მეფე ბაგრატ IV ბერძნების წინააღმდეგ; გ) თევდორე I 1060-1094 წ. დ) იოანე I რკნაელი 1179-1205 წ. რომელმაც წმ. თამარ დედოფლის ბრძანებჲთ შეამკო პირი ღვთის ხატი; ე) თევდორე II 1205-1248 წ. რომელმაც შეიძინა ტყავზედ ნაწერი ანჩის სახარება მწერალ მწიგნობრის სოფრონისაგან. წყაროსთავში სოფრონმა ძვირფასად შეამკობინა სახარება ზარქარს ბეგას, პირი ღვთის ოსტატს 1194 წ. ვ) იოანე II 1271-1319 წ. ზ) თეოფანე 1320-1369 წ. ჱ) ქერობინ 1451-1492 - აბელის ძე, რომელიც ანჩისხატის თავდებობით ერთგულების პირობის წერილს აძლევს კათალიკოზ დავითს3.

VI

ანჩიდან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის.

იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს (ჩქარა მოსიარულე) შიკრიკი გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა - მოდი მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველივე შენს ნებას აღვასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში მოსვენებით გაცხოვრებო.

იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული აგვაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოაიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა აუმბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთან წაასვენა4, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან. ედესის ქალაქის მახლობლად გზაზე ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა: წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესის ქალაქსა. დაიბარა ევგაროზმა და ჰკითხა - ვინ მოგარჩინა დაკუტულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა, ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირის ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლებით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლშვილით „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი (ტილო) დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი.

ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესის ეპისკოპოზის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად.

539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა.

ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდი ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში.

VIII-IX სს. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ: ლეონ ისავრიელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვავდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ანაბარად. აი ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. აქ, ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადასხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება: თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრული წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: „ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთის გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოზნე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობასა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.

ამის შემდეგ რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, როგორც ზევითა ვსთქვით, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვნიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: „სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მოდნობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეგობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობის მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს“. კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე5.

გაგრძელება...