ნანა დვალიშვილი

ყველაზე პატარა

„და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან:
აღორძნდით და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანაი
და ეუფლენით მას“ (დაბ. 1:28)

მოხდა შეხვედრა... აღდგა მთელი... იფეთქა სიცოცხლემ. ჩაისახა პატარა, ყველაზე პატარა...

აი, ციფრებიც: ზომა – 0.01 მმ; წონა – 0.004 მგ. თვალით არ ჩანს, მაგრამ უკვე არსებობს. ინდივიდის ნიშნები ჯერ არა აქვს, მაგრამ აქვს გეგმა, როგორი იყოს. ამ გეგმას უნდა მისდიოს... მოგვიანებით ნიშნებიც გამოჩნდება, ისეთი, მხოლოდ მას რომ ექნება. შემდეგ იშვება, ზრდასრულ იქმნება...

გავშალოთ სათქმელი...

წინაპერიოდი

სანამ ახალ სიცოცხლეს მისცემდნენ დასაბამს, გამეტები, ანუ სასქესო უჯრედები, გარკვეულ მოსამზადებელ პერიოდს გაივლიან. ქალის გამეტისათვის, კვერცხუჯრედისათვის, ეს პერიოდი გაწელილია დროში და განსხვავებულია მამაკაცის გამეტის, სპერმატოზოიდის, ფორმირების პროცესისაგან. განსხვავებულია ასევე გამეტათა რაოდენობა, ზომა, აგებულება, მოძრაობის აქტივობა. საერთო კი ის აქვთ, რომ გამეტების ფორმირება ხდება წყვილ ორგანოებში (საკვერცხეებსა და სათესლე ჯირკვლებში); სასქესო უჯრედები გადაადგილდებიან სპეციალურ ქსელურ სისტემებსა თუ მილებში; ამ პროცესებს აკონტროლებენ ჰორმონები და ჯირკვლების სეკრეციის სხვა პროდუქტები. თითოეული რგოლის გამართული მუშაობა ჯანმრთელი შთამომავლობის მოცემის ერთ-ერთი წინაპირობაა.

სანამ დაასრულებდნენ მომწიფებას, გამეტები ჩამოიცილებენ სხეულის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ორმაგი გენეტიკური კომპლექტის ნახევარს (23 ქრომოსომას გენებითურთ), რათა შეხვედრისას შეავსონ ურთიერთი და „სრულ იქმნენ“.

გენეტიკური მასალის განახევრება გამეტებში მიიღწევა ე.წ. მეიოზური გაყოფით, რომელიც 2 სტადიას მოიცავს. ქალებში დაბადებამდე, ჩანასახშივე, იწყება 1-ელი სტადია და შეჩერდება, სანამ გოგონა 12-13 წლისა არ გახდება. შემდეგ 1-ელი სტადია მთავრდება და იწყება მეიოზის მე-2 სტადია, რომელსაც დასრულება მხოლოდ მამაკაცის გამეტასთან შეხვედრის შემთხვევაში უწერია, წინააღმდეგ შემთხვევაში – მოუმწიფებელი უჯრედი გამოიდევნება ქალის სხეულიდან. რაც შეეხება სპერმატოზოიდს, ის ერთბაშად, პაუზების გარეშე გაივლის მეიოზური გაყოფის ორივე სტადიას (მისი ჩამოყალიბების სრული ციკლი დაახლოებით 2 თვეს მოიცავს).

ფიქრი გამექცა... მომიტევოს უფალმა თამამი აზრი და ამაშიც ხომ არ ვლინდება ღვთიური სიბრძნე, ქალის მამაკაცისადმი დაქვემდებარებულობას რომ გულისხმობს?! გამეტათა წინამორბედი უჯრედებიც კი განსხვავებულად არიან მოწყობილი: ქალის უჯრედი უმწიფარია და მხოლოდ მამაკაცის უჯრედს ძალუძს მისი ჩამოყალიბების დასრულება – მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება გამეტათა შეხვედრა, კვერცხუჯრედი დაასრულებს მომწიფებას.

ასეთი უმწიფარი უჯრედების რიცხვიც წინდაწინ განსაზღვრული და შეზღუდული აქვს ქალის ორგანიზმს – ახალშობილში მათი რიცხვი მილიონს აღწევს. სიმწიფის ასაკიდან იწყება თვეში თითო უჯრედის გამოსვლა (ოვულაცია) პარტნიორ გამეტასთან შესახვედრად, ვაჟებში კი რამდენიმე ტრილიონი უჯრედი მწიფდება სიცოცხლის მანძილზე – მუდმივად ხდება სპერმის განახლება.

იქნებ ესეც არის ერთგვარი მატერიალური მოტივაცია გაბატონებული აზრისა, რომ ქალს, სულიერი სიწმინდის დაცვასთან ერთად, განსაკუთრებული რუდუნებით მართებს საკუთარი სხეულის სიწმინდის დაცვა, საზიანო ფიზიკური თუ ქიმიური ფაქტორებისაგან თავდაცვა. ბავშვებშიც თანდაყოლილ პათოლოგიათა მეტი წილი დედაზე მოდის. მომავალი დედის მიერ ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლის მიღება თუ სხეულის ნიკოტინით გაჯერება უშუალოდ ახდენს მავნე ზემოქმედებას ქალის სხეულის წიაღში უკვე არსებულ კვერცხუჯრედის წინამორბედ უჯრედებზე, რომელთა განახლება უკვე აღარ მოხდება, ვეღარ მოხდება, რადგან ასე დაუდგინა უფალმა დედაკაცს...

არის კიდევ ერთი ფაქტორი, დედის განსაკუთრებულ როლზე რომ მიგვანიშნებს. კვერცხუჯრედი ზომით მრავალჯერ აღემატება სპერმატოზოიდს. განსხვავება ზომებში იმითაა განპირობებული, რომ ქალის გამეტას მომარაგებული აქვს ყოველივე აუცილებელი, რაც განაყოფიერების შემთხვევაში დასჭირდება ახლადჩასახული სიცოცხლის საკვებითა და ენერგიით უზრუნველსაყოფად. „უჯრედულ აგრეგატებს“, რომლებიც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ე.წ. ზიგოტის, ენერგეტიკულ მომსახურებას უზრუნველყოფენ, აქვთ საკუთარი გენეტიკური აპარატი. ბირთვული გენეტიკური აპარატისაგან განსხვავებით, რომელიც კომბინირებულია და ორივე მშობლისაგან მოტანილ მემკვიდრულ ინფორმაციას აერთიანებს, ბირთვის გარეთ არსებული გენები მხოლოდ დედისეულია, მათ სიწმინდეზე პასუხისმგებელიც დედაა მხოლოდ. დღესდღეობით გამოვლენილია ამგვარი გენების მემკვიდრული დეფექტებით გამოწვეული უამრავი სერიოზული პათოლოგია, მხოლოდ ქალის ხაზით რომ გადაეცემა შთამომავლობას. ქალს მართებს გაუფრთხილდეს მას, რაც თავშივე მიეცა, უბიწოდ დაიცვას იგი. ჯანმრთელი შვილის დედობა მანკიერ ქმედებათაგან თავშეკავებითა და ღვაწლით მოიპოვება. ამას ეკლესიური სწავლებაც ქადაგებს: „კურთხევანში“ განსაკუთრებული ლოცვაც კი არის „ხელმოცარული“ დედებისათვის – „ლოცვა დედაკაცსა ზედა, რაჟამს მუცელი წაუხდეს“. ეს, რასაკვირველია, სრულიად არ ამცირებს მამის პასუხიმგებლობას შვილოსნობასთან მიმართებაში – გენეტიკური ტვირთი ორივე მშობლისაგან გადაეცემა უსუსურ არსებას.

ადამიანის ჩანასახი – სულისა და ხორცის ერთიანობა

მამაკაცის უჯრედთან შესახვედრად გამზადებული ქალის უჯრედი გზას დაადგება. ეს მისი პირველი გზაა – სიცოცხლის შესახვედრად მიმავალი გზა. აქ მხოლოდ უფალი მეუფეობს, იგი განაგებს – მოხდეს თუ არა შეხვედრა, მამაკაცის უჯრედთაგან (მათი რიცხვი აქ 400 მილიონს აღწევს) ვინ ერთადერთი გახდეს რჩეული! უკან იხევს ადამიანის ნებელობა, მშობელს არა აქვს აქ არჩევანი.

შევჩერდი ისევ, თანამედროვე მედიცინის „მიღწევები“ გამახსენდა. ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახულ, რეალურად არსებულ ახალგაზრდათა 250 000-იანი არმია წარმომიდგა თვალწინ, ფულს დახარბებული „სუროგატი“ დედები და მათი ყრმები გამახსენდნენ, საჯიშე ბუღების სპერმის მსგავსად გაყინული ადამიანთა სპერმის სინჯები და მრავალი ბიოტექნოლოგიური სიახლე ამომიტივტივდა მეხსიერებაში. დღეს ეს უკვე რეალობაა, დიდი „წარმატებებია“ უკვე მიღწეული „ღმერთობანას თამაშებში“. ეს ვრცელი თემაა და მას კვლავ დავუბრუნდებით, როცა მოდერნიზებულ „მორალზე“ ვისაუბრებთ. ახლა კი კვერცხუჯრედს მივადევნოთ თვალი, „სიცოცხლის გზას“ რომ შესდგომია.

კვერცხუჯრედის ოვულაცია ფალოპის მილში ხდება. ეს უკანასკნელი მას საშვილოსნოსაკენ გაატარებს. მილშივე უნდა მოხდეს მისი განაყოფიერება. როგორც კი შეხვდება მამრობით გამეტას, მდედრობითი უჯრედის გარსებში ისეთი ხასიათის ქიმიური ცვლილებები ხდება, რაც ხელს უშლის სხვა სპერმატოზოიდის შეჭრას მასში – გზა მოჭრილია, არჩევანი უკვე გაკეთებულია! უმწიფარი კვერცხუჯრედი დაასრულებს შეყოვნებულ მეიოზურ გაყოფას, მისი ბირთვი შეერწყმება მამაკაცის უჯრედის ბირთვს და წარმოიქმნება ზიგოტა – ადამიანის პირველი უჯრედი... რეალური თუ მხოლოდ პოტენციური ადამიანი?!

ეს საკითხი დღეს განსაკუთრებული აქტუალობით დგას საზოგადოების წინაშე: მიიჩნიონ თუ არა ზიგოტა ახალი ადამიანის საწყისად, ახალი სიცოცხლის ათვლის წერტილად?! ის, ვინც ადამიანში ღვთის ხატს არ ცნობს, ვინც ადამიანის არსებას სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან აიგივებს, იგავის ენით, ენამოსწრებით კითხულობს: „რკო მუხაა უკვე, თუ მხოლოდ პოტენციური მუხა?!“ სხვანი „სიბრძნისმეტყველებენ“ – ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, საჭიროა საკითხის მრავალგვარ ჭრილში განხილვა: ბიოლოგიურში, თეოლოგიურში, ფილოსოფიურში, ბიოეთიკურში...

ბიოლოგიურ ჭრილში განვიხილავთ საკითხს და ერთმნიშვნელოვნად ვიტყვით – განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ნახევართაგან სრულქმნილი უჯრედი, უნდა ვაღიაროთ ახალი ადამიანის, ახალი სიცოცხლის ათვლის წერტილად. ცოცხალი მატერიისადმი წაყენებულ ყველა კრიტერიუმს პასუხობს ზიგოტა. ეს მეცნიერული ფაქტია, მტკიცებულება მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება მოვიძიოთ. განაყოფიერებისთანავე ხდება ახალი ორგანიზმის ჩასახვა, რომელსაც ინდივიდუალური, მშობელთა მსგავსი, მაგრამ უნიკალური ნიშნები ექნება. არ არსებობს გენეტიკურად სრულიად ერთნაირი ორი არსება (თვით იდენტური ტყუპებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან), გენების რაოდენობა და განლაგების თანმიმდევრობა ქრომოსომებში არასოდეს მეორდება.

ზიგოტას აქვს სრული გენეტიკური ინფორმაცია, თუ როგორი თანმიმდევრობით და ინტენსივობით უნდა წარიმართოს მომავალი ორგანიზმის ზრდა-განვითარება. დანარჩენი მხოლოდ დროისა და „საშენი ბლოკების“ დროული მიწოდების საქმეა. ის არის არა პოტენციური არსება, არამედ რეალური არსება შემდგომი ზრდა-განვითარების პოტენციით.

ყოველი ადამიანი მატერიალური სხეულისა და არამატერიალური სულისაგან შედგება. „სხეული მკვდარია სულის გარეშე“ – ვკითხულობთ ახალ აღთქმაში (იაკ. 2:26).

უძველესი დროიდან დავობენ ანიმაციის საკითხებზე რელიგიური წრეების წარმომადგენლები, თეოლოგები, მოაზროვნეები. ძველი ქრისტიანული შეხედულებით, არშობილი ბავშვი დასრულებული პიროვნებაა, ხოლო აბორტი შვილის მკვლელობის ტოლფასია. რამდენიმე ამონარიდს მოვიყვანთ წმიდა წერილიდან:

„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ეს. 49:1,5);

„ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერ. 1:5);

„რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?.. რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს“ (იობ. 3:11, 16);

„ხოლო როდესაც ღმერთმა, რომელმაც დედის საშოდანვე ამირჩია და თავისი მადლით მიხმო...“ (გალ. 1:15).

„როგორც კი გაიგონა ელისაბედმა, ყრმა შეიძრა მის მუცელში; და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი“ (ლუკ. 1:41). აქ ლუკა მახარებელი „ყრმას“ უწოდებს მუცლადმყოფ იოანე წინამორბედს (ლუკ. 1:41-44). იგივე სიტყვით მოიხსენიებს იგი უკვე შობილ იესოს: „და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში... სასწრაფოდ მივიდნენ და იხილეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა“ (ლუკ. 2:12, 16). სიტყვათა ანალოგიური თანხვედრაა ბერძნულ (brephos) და ინგლისურ (babe) ვერსიებშიც, რაც იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ პირობითია ზღვარი შობილ და ჯერ არდაბადებულ არსებას შორის.

მართლმადიდებლური სწავლებით, სულის შეერთება სხეულთან ხდება ჩასახვისთანავე. ამას ექსპერიმენტული დადასტურება არ სჭირდება. სულის წარმომავლობის შესახებაც ნურაფერს გამოვიძიებთ, ეს ღმრთის საქმეა და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ჩვენი ცნობისწადილი არ იქნება ღმრთისათვის სათნო.

ადამიანის ჩანასახშივე არსებულ სულისა და ხორცის სინერგიზმზე მრავალი უძველესი ქრისტიანული წყარო მიუთითებს. აბორტი ყველგან შეფასებულია, როგორც ჯერ არშობილი ადამიანის მკვლელობა.

შემონახულია ადრექრისტიანული აპოკრიფი „ბარნაბას ეპისტოლე“, სადაც ღიად არის დაგმობილი აბორტი: „არ მოჰკლა (ბერძნ. phoneuseis) ბავშვი (ბერძნ. teknon) მუცლის მოშლით (ბერძნ. phthora), არ ჩაიდინო შვილის მკვლელობა“. იგივეს შეგვაგონებს ადრექრისტიანული (I საუკუნის) კატეხიზმო „დიდაქე“. ორივე წყაროში დაგმობილია აბორტი, როგორც ბავშვის მკვლელობა, და არა როგორც მუცლად გამოზრდილი რაღაც უშინაარსო ნაყოფის მოცილება.

ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიაში მორწმუნეთა შორის მრავლად იყვნენ ახლადმოქცეული წარმართები, რომლებიც წარმართული სულის შემოტანას ცდილობდნენ ქრისტეს ეკლესიაში. ის, რასაც მოსეს სჯული უკრძალავდა ებრაელებს, რასაც კრძალავდა ქრისტიანული მორალი, მათთვის ჩვეული საქმე გახლდათ. მუცლის მოშლა აღიქმებოდა მხოლოდ როგორც არასასურველი და უსარგებლო ნაყოფის მოშორება და იგი წარმართთა ცხოვრების ერთ აუცილებელ ატრიბუტად რჩებოდა.

ხატავს რა ჯოჯოხეთის სურათს, აბორტს გმობს მეორე საუკუნეში (სავარაუდოდ, 125-150 წწ) შექმნილი აპოკრიფი „პეტრეს აპოკალიფსის“ ავტორი. ვინც არ უნდა იყოს ავტორი, სულის შემძვრელია მის მიერ გადმოცემული ხილვა: „...მახლობლად სწორი ადგილი დავინახე, სადაც დასჯილთა სისხლი და ხორცის ნაფლეთები ტბად დაგროვილიყო. ტბაში, კისრამდე დაფლულნი სისხლში, ისხდნენ ქალები და ისხდნენ ბავშვები, ვადამდე დაბადებულნი, მრავალნი და მოტირალნი. და მათგან ცვიოდა ცეცხლის ნაპერწკლები და შანთავდა ქალებს, რომლებიც ჩასახული ნაყოფის მოცილებისთვის იყვნენ შერისხულნი“.

აქ გვაგონდება ყველა ქართველისათვის საყვარელი გაბრიელ ბერის ხილვა, რომლის შესახებ მას ექიმ ზ.ვ.-სათვის უამბნია:

„მქონდა ხილვა, ორი ცხედარი წამომეწია, მკლავებში ხელი მომკიდეს და თეთრი შენობისაკენ წამიყვანეს. დიდი დარბაზის ქვის იატაკი მოფენილი იყო თითის სიგრძე მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვებით. ჭერზე არსებული ხვრელიდან კვლავ ცვიოდა დახოცილი ბავშვები. უეცრად შემომესმა ხმა: მობრძანდება დედა ღვთისა, მობრძანდება. მოვბრუნდი და კედელს ავეკარი. ღვთისმშობელი შემოსასვლელ კართან დადგა და მრისხანე სახით შემომხედა.

– ამათი გადარჩენისთვის მევედრებით? საკუთარი შვილების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი.

განრისხებული დედა ღვთისა ვერ წარმომედგინა. მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, ის მერჩია. ღვთისმშობელი დასცქეროდა დახოცილ ბავშვებს, შემდგომ უხმოდ გაბრუნდა და წავიდა“.

...თვალცრემლიანი ყოფილა თურმე მამა გაბრიელი, როდესაც ამას ბრძანებდა.

ქრისტიანობის მხურვალე ქომაგი წმინდა ათენაგორა ათენელი 177 წელს წერდა: „რატომ მივიჩნევთ მუცლის მოშლას მკვლელობად? იმიტომ, რომ ნაყოფი არ ეკუთვნის მას, ვის საშოშიცაა, ის შექმნილი არსებაა და, მაშასადამე, ღვთის ზრუნვის საგანია, მას კი კლავენ“.

II-III სს ავტორი ტერტულიანე ვერ ხედავს განსხვავებას დაბადებულის სიცოცხლის მოსპობასა და დაბადებისათვის ხელის შეშლას შორის. როგორც იგი მიიჩნევს, დაბადების აკრძალვა სწრაფი მკვლელობაა მხოლოდ („აპოლოგია“, 197 წ). ...აქ დასავლური პრესის ფურცლებზე ამოკითხული ერთი თანამედროვე „ექიმი“-აბორტმახერის ცინიზმით გაჟღენთილი ნათქვამი გამახსენდა: „რასაკვირველია, ეს არსება ადამიანია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ვალდებული მივცეთ მას სიცოცხლის ვიზა“.

კლიმენტი ალექსანდრიელი (მე-2-3 საუკ.) აბორტს „შემოქმედის მიერ ჩაფიქრებული გეგმის ხელყოფას“ უწოდებდა.

„ქალი, რომელიც მიზანდასახულად სპობს თავის ჯერ არშობილ ყრმას, ბრალეულია მკვლელობაში“ – წერდა წმ.ბასილი დიდი. ამასთანავე იგი აღნიშნავდა, რომ მნიშვნელობა არა აქვს მკვლელობის იარაღს – საწამლავი იქნება ის, თუ სხვა რამ.

ანტიოქიაში ქადაგებისას (381-397 წწ) წმ. იოანე ოქროპირი, გმობდა რა აბორტის მზრახველი ქალის ქმედებას, აბორტის გამკეთებლის ბრალეულობაზეც მიუთითებდა და მასაც მკვლელობაში ადანაშაულებდა.

ძველ დროში ეკლესია შერისხავდა და ხანგრძლივად განაყენებდა შემცოდეთ ზიარებისაგან. ეს უმკაცრესი სასჯელი მოგვიანებით 10-წლიანი ეპიტიმიით შეცვალა ეკლესიამ.

მე-9 საუკუნის ბოლოს შედგა საეკლესიო კანონთა კრებული „დიდი სჯულის კანონი“, რომელიც ცალსახად გმობდა მუცლის მოშლის ნებისმიერ მცდელობას.

...ძალზედ ბევრია ასეთი შინაარსის ისტორიული წყარო. ძველი დროის თუ უახლეს წარსულში მოღვაწე მრავალი წმიდანი შეჰხებია ამ საკითხს. მათი ციტირება თუ უბრალოდ ჩამოთვლაც კი, შორს წაგვიყვანს და ჩვენი წერილის ძირითადი თემიდან გადაგვახვევინებს. მხოლოდ ამიტომ ვსვამთ წერტილს.

გაგრძელება...