მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ყოველი ხსენება წმინდანებისა და დღესასწაულთა ღირსშესანიშნავია ჩვენთვის, მაგრამ მაინც სულ სხვა სიდიადე აქვს დღევანდელ დღესასწაულს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას. ძველი აღთქმის მამამთავარი აბარაამი განთქმულია თავისი მტკიცე რწმენით უფლისადმი, წინასწარმეტყველი მოსე ცნობილია, როგორც კანონმდებელი სჯულისა; წინასწარმეტყველი ილია მოიხსენიება, როგორც ზეციური ცეცხლის გადმომყვანებელი; ისაია წინასწარმეტყველი ქებულია როგორც ღვთისმეტყველი ძველი აღთქმისა, სოლომონი განთქმულია თავისი სიბრძნით, მაგრამ ყველა ესენი ვერ შეედრებიან ცისა და ქვეყნის უწმინდეს დედოფალს - ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს - დედას ღვთისას. წმიდანები ძველი აღთქმისა ხედავდნენ ქრისტეს მხოლოდ ბუნდოვნად, გაურკვევლად. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი კი ღირსი გახდა, განკაცებული ღმერთი თვითონ ეტარებინა. მან დაიტია დაუტევნელი - ქვეყნიერების შემოქმედი. ასე, რომ ძმანო არავინ და არაფერი არსებობს სამყაროში ისეთი, რაც რითიმე აღემატება ღვთისმშობელ მარიამს. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულთა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“ (ფს. 18, 2) - ბრძანებს მეფსალმუნე დავითი. ანგელოზნი შიშით ემსახურებიან შემოქმედს, მთავარანგელოზნი თაყვანსა სცემენ მას კრძალვით; ქერუბიმნი ღვთის ძლევამოსილების წინაშე ძრწიან; სერაფიმნი მარადის აქებენ და ადიდებენ ღმერთს შემდეგი სიტყვებით: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ“. ძრწის ხილული და უხილავი სამყარო ქვეყნიერების შემოქმედის წინაშე, ძრწიან ყოველნი ქმნილებანი და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას. ყოვლადწმიდა ქალწულმა კი ღვთის განგებით შესძლო არა თუ მიახლება, არამედ უფლის თავის წიაღში დამკვიდრება ისე, რომ არ შებღალა მისი ღვთაებრივი ბუნება.

„კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“, - ვკითხულობთ ღვთისმშობლის საგალობელში. კურთხეულია იგი დედათა შორის იმიტომ, რომ დედაა უფალი ღმერთისა და სადგურია ღვთისა; კურთხეულია იმიტომ, რომ მან განბანა პირველი დედის - ევას ცრემლები; კურთხეულია იმისათვის, რომ მან ერთმა დედათა შორის შეიფარა კაცობრიობის გამოსასყიდი მსხვერპლი - იესო მაცხოვარი; კურთხეულია იგი, რამეთუ მან ერთმა დაჰბადა ემმანუილი. „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“ - დიახ, კურთხეულია ყოვლადწმიდას ნაყოფი, ნაყოფი დაუთესველი, შობილი და არა ქმნილი, თანა არსი და არა უმცირესი; ნათელი ნათლისაგან გამოსული, შემოქმედი და არა შექმნილი.

ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ისაია წინასწარმეტყველებდა რა მესიაზე, საზეიმოდ აცხდებდა ქალწულ მარიამზე: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით: „ჩვენთანა ღმერთი“ (ის. 7, 14). ისაიამ იქადაგა ქალწულისაგან განკაცებული ღმერთი და დაუდუმა პირი ებრაელებს. ასე, რომ ძმანო, ჩვენთანა არს ღმერთი - ჭეშმარიტება განცხადებული. ჩვენთანა არს ღმერთი, ძმანო, და ბოროტნი ძალნი განიდევნებიან; ჩვენთანა არს ღმერთი და წმიდა ემბაზისაგან კვლავ და კვლავ იშვებიან; ჩვენთანა არს ღმერთი და ეკლესიები მტკიცდებიან; ჩვენთანა არს ღმერთი და მართლანი ცათა შინა გაბრწყინდებიან. გიხაროდეთ ძმანო, რამეთუ ჩვენთანა არს ღმერთი!

დღეს, ძმანო, ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების! აი უდიდებულესი მსხვერპლი, რომელიც იქნა შეწირული ღვთისადმი ადამის გაჩენიდან. დღეს ყოვლადწმიდა მარიამი სამი წლისა მოიყვანების იერუსალიმის ტაძარში უფლისადმი, როგორც ძვირფასი ძღვენი. წარმოიდგინეთ, ძმანო, ეს საზეიმო მსხვერპლშეწირვა: მოზეიმე იერუსალიმი და უფრო მეტად გაბრწყინვებული ზეცა; აქ მიწაზე ყოვლადწმიდა მარიამი და მშობელნი მისნი, სიხარულით აღვსილნი, ზევით კი მედღესასწაულე ანგელოსები და მთავარანგელოსნი; აქ მიწაზე დიდებული მღვდელმთავარი იერუსალიმის ეკლესიისა უწვდის მაკურთხებელ ხელს ყოვლადწმიდას და შეჰყავს წმიდათა წმიდაში. ზეცაში კი უზენაესი, მამა ღმერთი სიხარულით აკურთხებს და იღებს თავის სამყოფელში ქვეყნიერების მხსნელის - იესო ქრისტეს დედას.

სოლომონის დიდებული ტაძარი იყო განსახიერება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რადგან ქალწული მარიამი წარმოადგენდა უწმინდეს და უსპეტაკეს ხორციელ ტაძარს ღვთისას. სოლომონი, რომელმაც თავის მიერ აგებულ ტაძარს მოახმარა მთელი თავისი სიმდიდრე და სიბრძნე, რათა შეესრულებინა უდიდებულესი და უშესანიშნავესი საქმე, რაც კი შეიძლება გაკეთებულიყო ყვეყნად, - არის სახე ზეციური შემოქმედისა და მეუფე დიდებისა. ქვეყნიერების შემოქმედმა ყოველადწმიდა მარიამის შესაქმნელად არ დაიშურა სიბრძნე და სიკეთე, რათა იგი ყოფილიყო უსრულესი და უკეთილშობილესი ღვთის ქმნილებათა შორის. „ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, ... და, ... ჰყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა“ (ლკ. 1, 49-51). მახარებლის ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ქალწულ მარიამის შესაქმნელად უფალმა ღმერთმა იმდენი გააკეთა, რამდენსაც და რასაც მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთი შესძლებდა. ყოვლადწმიდა მარიამი უფალმა ისე შექმნა, რომ იგი უსხეულო წმიდა ძალებსაც კი გარდაემატა თავისი სიწმინდით.

როგორც სოლომონის ტაძარი წარმოადგენდა გასაოცარ ქმნილებას ადამიანისას, ისე ქალწული მარიამი არის გასაოცარი ქმნილება უზენაესისა.

ის იყო განსაკუთრებული ადამიანთა შორის. მისი სხეული და სული წინასწარ იქნა განწმენდილი და მომზადებული უფალი ღმერთის დასამკვიდრებლად. სულიწმიდით მის წიაღში მოხდა ჩასახვა ღმერთკაცისა. დაუტევნელის დატევით, უთესლოდ ჩასახვით ქალწული მარიამი აღემატება ყოველგვარ კანონს ბუნებისას.

ასე რომ, ძმანო, გიხაროდეთ, დღეს უწმიდესი დედოფალი მივალს იერუსალიმად ღვთის ტაძარში და მიართმევს უფალს წმიდა ძღვენს. კურთხეულია ჟამი უწმიდესი დედოფლის ტაძრად მიყვანებისა, რამეთუ ჩვენ ცოდვილთ მიგვაახლებს ღვთიურ სასუფეველს. კურთხეულია ჟამი, როცა ყოვლადწმიდა ქალწულმა თავის წიაღში მიიღო ძე ღვთისა, სულიწმიდით ხორცშესხმული. ჰოი დიდებული დღესასწაული - ზეცა უღიმის მიწას და ორივ ერთად საიდუმლოდ შეჰხარის ყოვლადწმიდა მარიამს. მღვდელი ზაქარია გაბრწყინვებული ეგებება უწმიდეს დედოფალს ტაძრის შესასვლელში. მან იცის სულიწმიდით, რომ სწორედ მასზე, ქალწულ მარიამზე უნდა გადმოვიდეს ზეციური მადლი და რომ მასში დამკვიდრდება თვით სიტყვა ღვთისა.

აბა რა მოგართვათ სამადლობლად ყოვლადუწმიდესო დედოფალო? იქნებ ჩვენი თავი და სული, მაგრამ ის ხომ დიდი ხანია შენი კუთვნილებაა. შეგამკოთ და შეგაქოთ? - ბაგენი ჩვენნი ხომ უძლურ არიან შენი სიწმიდის ღირსეულად შესამკობად. მაგრამ დედოფალო, ჩვენ ვერ დავიდუმებთ პირს ამ დიდებულ დღეს და უფლის შეწევნით გავბედავთ მოკრძალებულ ქებას შენსას: გიხაროდენ ცისა და ქვეყნის უწმიდესო დედოფალო; გიხაროდენ ევას ცრემლების განმბანელო; გიხაროდენ ყოველთა მტვირთველის მტვირთველო და დამტევნელო; გიხაროდენ მზეო სიკეთისაო და სიყვარულისაო; გიხაროდენ ცისა და ქვეყნის შემაერთებელო კიბეო, რომლითაც ღმერთი გადმოვიდა მიწას; გიხაროდენ მტრედო წმიდაო და დედაო ქრისტე ღმერთისაო; გიხაროდენ სძალო უსძლოო!

1983 წ. სამთავრო