ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.

1

და ვითარცა უთხრა დავით სიტყუაჲ ესე მეფესა მას, შეიყვარა იგი იონათან, ძემან მეფისამან, სიყუარულითა დიდითა, ვითარცა თავი თჳსი.

2 წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში. 2 და დაიყენა საულ დავით მიერ დღითგან და არღარა განუტევის სახედ მამისა თჳსისა.
3 შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი. 3 და აღთქმა-ყო იონათან დავითის თანა ესე, რამეთუ შეიყუარა იგი სწორად თავისა თჳსისა.
4 გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს; აგრეთვე შესამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი. 4 და განიძარცვა იონათან ვარში მისი, ჯაჭვი და ჴმალი და მშჳლდ-კაპარჭი და ყოველი საჭურველი მისი მისარტყელამდე და მისცა დავითს.
5 ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც. 5 და დაიდგინა დავით საულ კაცთა თანა ზედამოღუაწეთა მის ერისათა, და შემომავალ და გამომავალ იყო დავით მეცნიერებით წინაშე უფლისა და მბრძანებელ მის წინაშე, და სათნო იყო იგი საულისა წინაშე ყოვლითა საქმითა მისითა, წინაშე ყოვლისა ერისა საულისა.
6 როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით, 6 და იყო, რაჟამს მოვიდოდეს მოწყუედისა მისგან უცხოთესლთასა და გამოეგებოდა მათ მძნობარი შემთხუევად დავითისა ყოველთაგან ქალაქთა ისრაჱლისა მემღერად მათ წინაშე პარით, წინაშე მეფისა საულისა ნესტჳთა და ქნარითა, ბობღნითა და წინწილითა.
7 გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი! 7 პირი აღეღო და მიეგებოდეს მათ, სახიობდეს, აქებდეს და იტყოდეს: საულ მოსწყჳდა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები!
8 მეტად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები; თქვა: დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. მეფობაღა აკლია. 8 განრისხნა საულ, რამეთუ შეძრწუნდა, შეუძნდა სიტყუაჲ იგი და თქუა: ვითარ მისცეს დავითს მოწყუედა ბევრეულთა და მე ათასეულთა? აწ სხუაჲ რაღა აკლს მას, გარნა შარავანდობაჲ?
9 ამ დღის შემდეგ იყო, რომ ალმაცერად უყურებდა საული დავითს. 9 ხოლო მიერ ჟამითგან ქუეგამხედველ იყო საულ დავითს მიაღსასრულამდე.
10 მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში. 10 და იყო ხვალისგან, ვითარცა მოვიდა სული უკეთური უფლისა მიერ საულის ზედა და იგვემებოდა სახლსა შინა თჳსსა. და დავით ახიობდა სახიობასა მას, ვითარცა მარადის ჩუეულ იყო, და საულს აქუნდა ჴელთა მისთა ჰოროლი.
11

მოისროლა საულმა შუბი, იფიქრა, კედელს მივაგმირავო დავითს. მაგრამ ორგზის გაუსხლტა მას დავითი.

11

და ეგულებოდა განგურემა დავითისი და შემსჭვალვა კედელსა ლახურითა მით. და დავით მიჰრიდა პირისაგან მახჳლისა ორჯერ.

12 დაუშინდა სული საულს, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა. 12 შეეშინა საულს დავითისგან, რამეთუ დაეტევა იგი უფალსა და დავითის თანა იყო.
13 განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე. 13 და განიშორა საულმან დავითი თჳსაგან და დაადგინა იგი ერისთავად ერსა მას თჳსსა ზედა; და შევიდოდა და გამოვიდოდა წინაშე ერისა.
14 მუდამ ჭკვიანურად იქცეოდა დავითი და უფალი იყო მასთან. 14 და იყო დავით მცნობელ ყოველთა გზათა მისთა, რამეთუ უფალი იყო მის თანა.
15 დაინახა საულმა, რომ მეტისმეტად გონიერი იყო იგი, და შეეშინდა მისი. 15 და ხედვიდა საულ სიბრძნესა მას დავითისსა და ეშინოდა ფრიად.
16 მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ. 16 და ყოველი ისრაჱლი და იუდა ჰყუარობდა დავითს, რამეთუ შინაგანმავალ იყო იგი წინაშე ერისა.
17 უთხრა საულმა დავითს: აჰა, უფროსი ასული მყავს, მერობი; ცოლად მოგათხოვებ, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და გადაიხადე საღვთო ომები. ფიქრობდა საული: ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზეო. 17 სიტყუად იწყო საულ დავითისა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ასული ჩემი მერობ მიმიცემიეს ცოლად შენდა! და იყავ შენ ჩემად შვილ და ძალ და მბრძოლ მტერთა მიმართ უფლისათა. რამეთუ ესრე გულსა-ედვა საულს, ვითარმედ მებრვე რაჲსა შევახებ ჴელსა ჩემსა, არამედ ჴელი უცხოთესლთა იყავნ მის ზედა.
18 უთხრა დავითმა საულს: ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ცხოვრება ან მამაჩემის გვარი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე? 18 მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვინ ვარ მე, ანუ რა ვარი მე, ან რა არს ნათესავი მამისა ჩემისა შორის ისრაჱლსა, ვითარმცა ღირს ვიქმნე მე სიძედ მეფისა?
19 დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერობი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის. მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს. 19 და იყო შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, რაჟამს მითხოვილ იყო მერობ, ასული იგი საულისა, ცოლად დავითისა, არა ინება ქალმან მან ცოლებად დავითისა, რამეთუ თხოვილ იყო იგი ედრიელ მოლოთელისა ცოლად.
20 შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი. 20 და შეიყუარა დავით მელქოლ, ასულმან საულისამან. და ვითარ სცნა საულ სიტყუაჲ იგი, სათნო-უჩნდა ფრიად წინაშე თუალთა მისთა.
21

იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.

21

და თქუა საულ: მივსცე იგი ცოლად. და იყოს იგი მისა საცთურ და ჴელი უცხოთესლთა იყოს მის ზედა. და ჰრქუა საულ დავითს შორის ერსა მას: სიძე გერქუნ შენ ჩემდა დღესდღითგან!

22 უბრძანა საულმა თავის მორჩილთ: ჩააგონეთ დავითს და უთხარით, კარგად გიყურებს მეფე და მის მორჩილებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე-თქო მეფეს. 22 და ამცნო საულ მონათა თჳსთა და ჰრქუა: მივედით და არქუთ დავითს იდუმალ: აჰა, ესერა, მეფესა ჰნებავს სიძედ-ყოფად შენი მისა და ყოველნი მონანი მისნი გყუარობენ შენ, აწ ჯერ-იჩინე შენ სიძობა მეფისა!
23 მიიტანეს საულის მორჩილებმა დავითის ყურამდე ეს სიტყვები და თქვა დავითმა: ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი უპოვარი და უბირი კაცი ვარ. 23 მოვიდეს და ჰრქუეს დავითს მონათა მათ, ვითარცა უბრძანა მათ მეფემან ყოვლისავე სიტყჳსა მისებრ. მიუგო დავით და ჰრქუა: მცირე ნურა გიჩნდეს წინაშე თუალთა თქუენთა სიძე-ყოფად მეფისა? რამეთუ მე კაცი მკოდოვი ვარ და არა დიდებულ.
24 აცნობეს მისმა მორჩილებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი. 24 და უთხრეს მათ საულს ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.
25 თქვა საულმა: ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს მეფეს, გარდა ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელში ჩააგდებდა დავითს. 25 და ჰრქუა საულ მონათა მათ თჳსთა: ესრე არქუთ დავითს: არა თუ სათხოველისა რა სიტყუაჲ არს აქა, ძნელღა თუ რაჲმე გიჩნს? უჴმდეს ღათუ რაჲმე მას, გარნა თუ ესე მორთმად მისა ასი სხეული მამაკაცისა ერთბამად მტერთა მათგან მეფისათა. რამეთუ ესრე განეზრახა საულს, ვითარმცა შე-ვითარ-რათა-აგდო დავით ჴელთა უცხოთესლთასა.
26 აცნობეს საულის მორჩილებმა დავითს ეს სიტყვები და მოეწონა დავითს, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო. ჯერ არ იყო დრო გასული, 26 და მივიდეს და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ საულისა. და სათნო-უჩნდა დავითს სიძე-ყოფად მეფისა და მორთმა, რაჲსაცა-იგი სთხოვდა მას. და ვიდრე არღარა მცირედნი ჟამნი წარსრულ იყუნეს,
27 რომ ადგა დავითი და წავიდა თავის მებრძოლებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მიათხოვა საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად. 27 წარვიდა დავით რაოდენითამე კაცითა და დასცნა უცხოთესლნი იგი, ვითარ ორასი ოდენ კაცი და მიუთვალა მათ კაცთა, რასა სთხოვდა მას მეფე; და მიერითგან ესიძა იგი მეფესა. და მისცა საულ ასული თჳსი მელქოლ ცოლად.
28 დაინახა საულმა და მიხვდა, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულს, 28 რაჟამს სცნა საულ, რამეთუ უფალი დავითის თანა იყო და მელქოლ, ასული მისი, და ყოველი ისრაჱლი ჰყვარობს მას,
29 და კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და სამუდამოდ მტრად გადაეკიდა. 29 უფროს ეჭუდა საულ დავითს და უფროს ემტერებოდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.
30 გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მორჩილზე გონივრულად იქცეოდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი. 30 გამოვიდეს მთავარნი იგი უცხოთესლთანი უჟამოდ და დავით უფროს შერაცხილ იყო ყოველთა მონათა საულისათა. და დიდებულ იქმნა სახელი მისი ფრიად.