ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წავიდა იქიდან დავითი და ყადულამის გამოქვაბულს შეაფარა თავი. გაიგეს ეს ამბავი მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და ჩავიდნენ იქ.

1

და წარვიდა დავით მშჳდობით, განერა და მივიდა იგი ქვაბთა მათ ოდოლონისათა. ესმა რა უკუე ძმათა მისთა და ყოველსა სახლსა მამისა მისისასა, და მოვიდეს მუნ.

2 იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი. 2 და შემოუკრბებოდა მას ყოველი ჭირვეული და იყო მათა ერისთავ და იყუნეს იგინი ვითარ ოთხას ოდენ კაცი.
3 წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი. 3 და წარვიდა იგი მასეფთად მოაბელთა და ჰრქუა დავით მეფესა მას მოაბელთასა: იყუნედ მამა ჩუენი და დედა ჩუენი შენ თანა, ვიდრემდის ვსცნა, თუ რა ყოს ღმერთმან ჩუენთჳს.
4 დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა. 4 და შეეაჯა მეფესა მას მოაბელთასა. და იყუნეს მის თანა, ვიდრე იყო დავით ჭირსა მას შინა.
5 უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ნუ დარჩები ამ თავშესაფარში. ადექი და იუდას ქვეყანაში წადი. წავიდა დავითიც და მივიდა ხარეთის ტყეში. 5 და ჰრქუა მას გაად წინაწარმეტყუელმან: ნუ ჰზი შენ ქალაქსა ამას, არამედ წარვედ შენ ქუეყანად იუდაისა! და წარვიდა დავით მიერ და მივიდა და დაემკჳდრა ქალაქსა მას სართისა.
6 შეიტყო საულმა, რომ გამოჩნდა დავითი თავისი ხალხითურთ. საული იჯდა გიბყაში, მაღლობზე მუხის ქვეშ, ხელში შუბი ეჭირა და მისი მორჩილნი იდგნენ მის ახლოს. 6 და ესმა საულს, ვითარმედ დავით გამოჩნდა და კაცებიცა იგი, რომელ იყო მის თანა. და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა საჴნველთასა, და ჰოროლი ჴელთა ჰქონდა მას, და მონანი იგი მისნი დგეს წინაშე მისსა.
7 უთხრა საულმა ახლოს მდგარ მორჩილთ: ისმინეთ, ბენიამინელნო! ყველას ჩამოგირიგებთ იესეს ძე ყანებსა და ვენახებს? ყველას დაგნიშნავთ ათასისთავებად და ასისთავებად, 7 მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: ისმინეთ ესე, ნაშობნო ბენიამენისანო! უკუეთუ ნანდვილვე ძემან იესესმან მოგცეს თქუენ დაბნები და აგარაკები, გინა ზვრები ვენაჴთა, ანუ თუ დაგადგინეს თქუენ ასისთავად და ათასისთავად?
8 ყველანი რომ შეითქვით ჩემს წინააღმდეგ და არ გამიმხილეთ, კავშირი თუ ჰქონდა შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, რომ არავინ შემიცოდეთ და არ გამიმხილეთ, ჩემი შვილი თუ მიმხედრებდა ჩემს მორჩილს, როგორც დღეს გამოაშკარავდა? 8 რამეთუ ყოველნი სდგათ და არა ვინ იპოვა კაცი ერთი თქუენგანი, რომელმანცა მიმხილა მე, რაჟამს-იგი შეიყოფვოდეს, აღთქუმასა ჰყოფდეს ძე იგი ჩემი იონათან ძისა თანა იესესისა; და არა ვინ იყო თქუენგანი, რომელსამცა გული ელმოდა ჩემთჳს, და მიმხილა მე, რაჟამს აღადგინებდა ძე იგი ჩემი მონასა ჩემსა მტრად ჩემდა, ვითარცა-ესე დღესდღე.
9 მიუგო დოეგ ედომელმა, საულის მორჩილებთან ერთად რომ იდგა, და უთხრა: მე ვნახე იესეს ძე, ნობში რომ მოვიდა ახიმელექთან, ახიტუბის ძესთან, 9 მიუგო დოიკ იდუმელმან, მეჯორემან საულისამან, და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი, რაჟამს მოსრულ იყო ნოაბად აქიმელექისსა, ძისა აქიტობისა, მღდელისა მის.
10 რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც. 10 და იკითხჳდა იგი მის მიერ უფლისაგან, და საგზალი მისცა მას და ჴმალი იგი გოლიადისა მისცა მას.
11 დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ძე, მამამისის მთელი სახლი და სამღვდელოება, ნობში რაც იყო, და მივიდნენ მეფესთან ყველანი. 11 და წარავლინა საულ მოწოდებად აქიმელექ მღდელისა, ძისა აქიტობისა, და ყოველთა მამისა მისისათა მღდელთა მათ, რომელნი იყუნეს ნობას. და მოკრბეს ყოველნი საულისა.
12

უთხრა საულმა: ყური მიგდე, ახიტუბის ძევ! მიუგო: გისმენ, ჩემო ბატონო.

12

და ჰრქუა მას საულ: შენ გეტყჳ, აქიმელექ, ძეო აქიტობისაო! და ჰრქუა მან: აჰა, აქა ვარ! იტყოდეს უფალი!

13 უთხრა საულმა: რად მომიწყვეთ შეთქმულება შენ და იესეს ძემ, პური და მახვილი რომ მიეცი მას და ღმერთს რომ შეეკითხე მის გამო, რათა აღმდგარიყო ჩემს წინაშე, როგორც დღეს გამოაშკარავდა? 13 ჰრქუა მას საულ: რაჲსათჳს შეეზრახე შენ ძესა იესესსა ჩემთჳს და მიეც მას საგზალი და ჴმალი იგი გოლიადისა? და იკითხვიდიღა მისთჳს უფლისაგან აღდგომად მისა მტერად ჩემ ზედა. ვითარცა ესე დღესდღე.
14 მიუგო ახიმელექმა მეფეს და უთხრა: ვინ არის დავითივით ერთგული შენს მორჩილთა შორის? მეფის სიძე, შენი მორჩილი და შენს სახლში პატივდებული: 14 მიუგო აქიმელექ და ჰრქუა: ვინ სარწმუნო იყო მონათა შენთაგანი, ვითარ დავით, არამედ სიძეცა გეყო იგი მეფესა და ჴელმწიფე და განმგებელ ყოველსა განსაგებელსა სამეფოსა.
15 ახლა დავიწყებდი მისთვის მკითხაობას ღმერთთან? შორს ჩემგან! ნურაფერში ნუ დაადანაშაულებს მეფე თავის მორჩილს და მამაჩემის მთელს სახლს, რადგან ამ საქმისა არაფერი იცის შენმა მორჩილმა, არც მცირე, არც დიდი. 15 და დღეს არარომელ მიც კითხვად მისთჳს უფლისაგან, ნუ იყოფინ, მეფე, და ნუ დაჰკრებ მონასა შენსა ზედა ბრალსა, ნუცა სახლსა ზედა მამისა ჩემისასა, რამეთუ არა ვიცი მე ზაკვა მაგას შინა, დიდი სიტყუაჲ ანუ მცირე.
16 თქვა მეფემ: უნდა დაიხოცოთ, ახიმელექ, შენცა და მამაშენის მთელი სახლი. 16 ჰრქუა მას საულ მეფემან: სიკუდილით მოჰკუდე შენ, აქიმელექ, და ყოველი სახლი მამისა შენისა!
17 უთხრა მეფემ მორბედებს, მის წინაშე მდგართ: წადით და დახოცეთ უფლის მღვდლები, რადგან დავითის მხარი უჭირავთ. იცოდნენ, რომ გაქცეული იყო იგი და არ შემატყობინეს. მაგრამ არ უნდოდათ მეფის მორჩილთ ხელი აღემართათ და დასხმოდნენ თავს უფლის მღვდლებს. 17 ჰრქუა საულ მსახურთა მათ მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა: წარიყვანენით მღდელნი ეგე უფლისანი და მოსწყჳდენით ყოველნი! რამეთუ ჴელი მაგათი დავითის თანა არს და უწყოდეს მაგათ სივლტოლა იგი მისი და არა მაუწყეს მე. ხოლო მათ არა ჯერ-იჩინეს მოკლვა მღდელთა მათ უფლისათა.
18 უთხრა მეფემ დოეგს: შენ წადი და დახოცე მღვდლები. წავიდა დოეგ ედომელი და დაესხა მღვდლებს და დახოცა იმ დღეს ოთხმოცდახუთი კაცი, სელის ეფოდით შემოსილი. 18 და ჰრქუა საულ დოიკ იდუმელსა: მივედ და მოსწყჳდენ მღდელნი ეგე უფლისანი მახჳლითა! მივიდა დოიკ იდუმელი და მოსწყჳდნა მღდელნი იგი უფლისანი მახჳლითა, და მოსრნა მან მას დღესა შინა სამასოთხმოცდახუთი კაცნი, რომელნი-იგი წარდგებოდეს მსახურებასა მას უფლისასა.
19 და მახვილით მოსრა ნობი, მღვდელთა ქალაქი, ვაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები. მახვილით მოსრა. 19 ნობა, ქალაქი იგი მღდელთა, მოსრა მახჳლითა მამაკაცითგან მიდედაკაცამდე, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი ყოველი მოსრა პირითა მახჳლისათა.
20 გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი. 20 და განერა მუნ ძე ერთი აქიმელიქისა, ძისა აქიტობისა, რომლისა სახელი აბიათარ, ივლტოდა და მივიდა დავითისა და იყო მის თანა.
21 უამბო აბიათარმა დავითს, როგორ დახოცა საულმა უფლის მღვდლები. 21 და უთხრა მას ამოწყუედა იგი მღდელთა მათ.
22 უთხრა დავითმა აბიათარს: მივხვდი იმ დღეს, დოეგ ედომელის დანახვისას, რომ უეჭველად ამბავს მოუტანდა საულს. ჩემზეა მამაშენის სახლის სისხლი. 22 და ჰრქუა დავით აბიათარს: ვსცან მასვე დღესა, რაჟამს ვიხილე მე დოიკ იდუმელი იგი, მეჯორე, და ვთქუ-მეთქი: მიუთხრას ესე ყოველი საულს. აწ მე თანამდებ არა ვარ სისხლთა მათთა და ყოვლისა მის სახლისა მამისა შენისასა.
23 ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია; ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება. 23 აწ იყავ შენ ჩემ თანა და ნუ გეშინინ! რამეთუ ვიძიო შური შენი, ვითარ თავისა ჩემისა, ხოლო აწ შენ განრინებულ ხარ და იყავ ჩემ თანა!