ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან. უფლის სიტყვა იშვიათი იყო იმ ხანებში; ხილვები არ იყო ხშირი.

1

და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა.

2 ერთხელ ელი თავის ადგილზე იწვა (თვალები დასნეულებული ჰქონდა და ვეღარ ხედავდა), 2 და იყო მას დღესა შინა, ეძინა ელის ადგილსა თჳსსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ხედვიდა
3 ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის ტაძარში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა. 3 სანთელსა მას ღმრთისასა ვიდრე აღგებადმდე. სამოველს ეძინა ტაძარსა მას შინა უფლისასა, სადა-იგი დგა კიდობანი იგი ღმრთისა.
4 დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: აქა ვარ. 4 და უწოდა უფალმან სამოველს და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო და რქვა სამოველ: აქა ვარ, უფალო.
5 გაიქცა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი. ისიც წავიდა და დაწვა. 5 და მირბიოდა სამოველ ელისა და ჰრქუა: რომლისათჳს მიწოდე მე? ჰრქუა მას ელიმ: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
6 კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ელისთან და უთხრა: -აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. უთხრა: არ დამიძახნიხარ, შვილო, წადი, დაწექი. 6 და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისაკე და ჰრქვა: რომლისათჳს მიწოდე მე? და რქუა მას ელიმ. არას გიწოდდი შენ, შვილო, მივედ და დაიძინე ადგილსავე თჳსსა.
7 ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. 7 და სამოველ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რამე განცხადებულებაჲ არს მისა მიმართ.
8 მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს. 8 და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას.
9 უთხრა ელიმ სამუელს: წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს შენი მორჩილი. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. 9 და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
10 მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: სამუელ, სამუელ! უთხრა სამუელმა: ბრძანე, რადგან გისმენს შენი მორჩილი. 10 და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და უწოდა მას, ვითარცა-იგი პირველად და რქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო სამოველ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა.
11

უთხრა უფალმა სამუელს: ისეთ რასმე მოვახდენ ისრაელში, რომ ყოველ მის მსმენელს ორთავე ყური გაუყრუვდება.

11

და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ესერა, მე აღვასრულებ ყოველთა სიტყუათა ჩემთა ისრაჱლსა ზედა, რათა ყოველსა, რომელსა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი მისნი.

12 იმ დღეს თავიდან ბოლომდე აღვასრულებ ელიზე ყველაფერს, რაც მის სახლზე წარმოვთქვი. 12 დღესა მას, რომელსა აღვადგინო, ელის ზედა დავდვა, რასაცა ვიტყოდე და ყოველსა სახლსა მისსა ზედა დავდვა, და აღვასრულო.
13 ხომ გამოვეცხადე, რომ უკუნისამდე განვსჯიდი მის სახლს უკეთურების გამო, რადგან იცოდა, რომ თავს ირცხვენდნენ მისი შვილები და არ ამხილებდა მათ. 13 და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათჳს ძეთა მისთასა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განსწავლნა.
14 ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება. 14 ხოლო მე არა ესრე აღვთქუა, ვითარმედ ულხინო უსჯულოებათა სახლისა მის ელისთა მსხუერპლითა მით და საკუმეველითა უკუნისამდე ჟამთა.
15 დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა. 15 დაიძინა სამოველ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოველ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა, რომელი იხილა მისთჳს.
16 დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ. 16 მიუგო ელიმ სამოველს და ჰრქუა: შვილო! ხოლო მან რქუა მას: აქა ვარ!
17 უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა. 17 რქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა, და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! ესე რაჲმე გიყავნ შენ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ.
18 უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს. 18 მაშინ უთხრა მას სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელსა ეტყოდა უფალი და არა დაუმალა ერთიცა სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო-უჩნს, რამეთუ იგი მხოლო უფალ არს.
19 იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას. 19 და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაჲ.
20 შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული. 20 და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან დანითგან ვიდრე ბერსაბედამდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოველ წინაწარმეტყუელად უფლისა.
21 კვლავ ცხადდებოდა სილოამში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს სილოამში უფლის სიტყვის მეშვეობით. 21 აუწყა უფალმან სამოველს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოველ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უსჯულოებისათა წინაშე უფლისა.