ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე მაკაბელთა

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა შეთანხმება დადებული იქნა, ლისია დაბრუნდა მეფესთან, იუდაელებმა კი მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი.

   
2 მაგრამ იქაური სარდლები - ტიმოთე და აპოლონიოს გენეოსის ძე, ასევე იერონიმუსი და მათ გარდა დემოფონი, ასევე ნიკანორიც - კვიპროსის განმგებელი, არ აძლევდნენ მათ წყნარი და მშვიდობიანი ცხოერების საშუალებას.    
3 იაფოელებმა კი ასეთი უღვთოება ჩაიდინეს: შესთავაზეს მეზობლად მოსახლე იუდაელებს ასულიყვნენ მათი ხელით დამზადებულ ნავებზე დედაწულიანად, თითქოს მათდამი უკეთური ზრახვა არ სდებოდეთ გულში.    
4 როცა ისინი დათანხმდნენ, რაკი მშვიდობა სურდათ და თან არც არაფერზე დაეჭვებულან, მაშინ იაფოელებმა, ქალაქის საერთო დადგენილებით, ნაპირს რომ მოშორდნენ, ყველანი წყალში ჩაძირეს, არანაკლებ ორასი კაცისა.    
5 როცა იუდამ თვისტომთა მიმართ ჩადენილი ასეთი სისასტიკე გაიგო, გამოუცხადა ეს თავისიანებს,    
6 მოუხმო სამართლიან მსაჯულს, ღმერთს, და გაილაშქრა ძმათა მკვლელების წინააღმდეგ; ნავსადგურს ღამე ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა ნავები; ხოლო ვინც ნავსადგურში მოვარდა, ყველა ამოჟლიტა.    
7 რაკი გადაკეტილი იყო ეს ადგილი, იუდამ დატოვა იაფო; გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კვლავ მობრუნებულიყო და ერთიანად გაევლო მუსრი იაფოელებისთვის.    
8 იუდამ ისიც შეიტყო, რთამ იამნიას მკვიდრნიც ამასვე უპირებდნენ იქაურ იუდაელებს,    
9 ღამით თავს დაესხა იამნიელებს და გადაწვა მათი ნავსადგურები ხომალდებთან ერთად, ისე რომ ცეცხლის ალი იერუსალიმიდან ორასორმოცი სტადიონის მანძილზე ჩანდა.    
10 ტიმოთესკენ რომ წამოვიდნენ, ცხრა სტადიონზე არაბები დაესხნენ მათ თავს, არანაკლებ ხუთი ათასი ქვეითისა და ხუთასი ცხენოსნისა.    
11 გაიმართა სასტიკი ბრძოლა და იუდამ და მისმა თანამებრძოლებმა ღვთის შეწევნით წარმატებას რომ მიაღწიეს, დამარცხებულმა მოხეტიალე არაბებმა გადაწყვიტეს დაზავებოდნენ იუდას, დაპირდნენ ჯოგებს და ყოველმხრივ დახმარებოდნენ მის ხალხს.    
12 იუდამაც გაითვალისწინა, რთშ მართლაც დიდად სასარგებლონი იქნებოდნენ მათთვის არაბები და დათანხმდა, მათთან ზავი დაედო. დაზავდნენ და თავ-თავიანთ კარვებში დაბრუნდნენ.    
13 გარდა ამისა, იუდამ აიღო ერთი ხიდებით გამაგრებული და კედლებით გარშემოვლებული, სხვადასხვა ტომით დასახლებული ქალაქი, რომელსაც ეწოდებოდა კასპინი.    
14 ქალაქის მკვიდრნი მტკიცე გალაგნებითა და სურსათ-სანოვაგით გულმოცემულნი, ერთობ უკმეხად იქცეოდნენ; შეურაცხყოფდნენ იუდას, ღმერთს გმობდნენ და ილანძღებოდნენ.    
15 ხოლო იუდას ხალხმა მოუხმო სამყაროს დიდ მეუფეს, რომელმაც იესოს დროს საიერიშო ტარანებისა და საალყო მანქანების გარეშე დაამხო იერიქონი, და დიდი შემართებით შეუტია კედლებს.    
16

როცა ღვთის შეწევნით ქალაქი აიღეს, ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ისე რომ მიმდებარე ტბაშიც კი, რომელსაც ორი სტადიონის სიგანე ჰქონდა, თითქოს სისხლი იყო ჩაგუბებული.

   
17 აქედან წამოვიდნენ შვიდასორმოცდაათი სტადიონის მანძილზე და შევიდნენ ქარაკში, ეგრეთწოდებულ ტუბიის იუდაელებთან.    
18 მაგრამ ვერ მოიხელთეს ამ ადგილებში ტიმოთე, რომელიც ისე გაშორდა ამ მხარეს, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწო, მხოლოდ ერთ ადგილას დატოვა მტკიცე დაცვა.    
19 ამიტომ დოსითეოსი და სოსიპატროსი, მაკაბელთა წინამძღოლები, წამოვიდნენ და ამოწყვიტეს ტიმოთეს ჩაყენებული მეციხოვნეები - ათიათასზე მეტი კაცი.    
20 მაკაბელმა კი თავისი ჯარი რაზმებად დაყო და ტიმოთეზე მოიტანა იერიში, მის ასოციათას ქვეითზე, ორიათას ხუთას მხედარზე.    
21 ტიმოთემ იუდას მოახლოება რომ გაიგო, ქალები, ბავშვები და ჯარის ყოველგვარი აღალი გახიზნა ეგრეთწოდებულ კარნიონში. რადგან ეს სიმაგრე მოუხერხებელი იყო ალყისთვის მიუდგომელი მდებარეობის გამო.    
22 იუდას პირველი რაზმი რომ გამოჩნდა, შიში ჩამოვარდა მტრებში და თავზარი დასცა მათ ყოვლისმჭვრეტელის ხილვამ; მაშინვე უკუიქცნენ, ვინ სად გარბოდა და ვინ სად, ისე რომ მეტ წილს თვითონვე თავისიანები ხოცავდნენ, ჩხვლეტდნენ და კაწრავდნენ მახვილთა წვერებით.    
23 იუდა დაუნდობლად დევნიდა მტერს, ერთიანად მუსრს ავლებდა უწმიდურთ, ოცდაათიათასამდე კაცი გაანადგურა.    
24 თავად ტიმოთე ხელთ ჩაუვარდა დოსითეოსსა და სოსიპატროსს და მათ ხალხს და ათასგვარი ხრიკებით ევედრებოდა მათ ცოცხალი გაეშვათ იგი, რადგან ბევრი იუდაელის მამა, ზოგისაც ძმა, მძევლებად ჰყავდათ ანტიოქელებს და არ დაინდობდნენ მათ, თუ ტიმოთე მოკვდებოდა.    
25 როცა მრავალი საბუთით დაარწმუნა ტიმოთემ, რომ მძევლებს უვნებლად გაათავისუფლებდა, მათაც გამოუშვეს იგი, რათა ამით თავიანთი მოძმეები დაეხსნათ.    
26 ხოლო კარნიონსა და ასგერგატიონთან ლაშქრით გამოსულმა იუდამ ოცდახუთი ათასი კაცი გაწყვიტა.    
27 მათი დამარცხებისა და შემუსვრის შემდეგ მან ქალაქი ეფრონიც დალაშქრა, გამაგრებული ადგილი, სადაც სახლობდა ლისია და მრავალი სხვადასხვა ტომი. აქ, კედლების წინ, მედგრად იბრძოდნენ ძლიერი ჭაბუკები. მათ ქალაქის კედლებთან მოზიდეს ბევრი საიერიშო მანქანა და სატყორცნი მოწყობილობა.    
28 მაკაბელის ხალხი კი ხმამაღლა მოუხმობდა მეუფეს, მტრის სიმაგრეთა დამაქცეველს, და აიღეს ქალაქი. გაანადგურეს ოცდახუთიათასამდე კაცი.    
29 აქედან იერიშით წამოსულები მიადგნენ სკვითოპოლისს, იერუსალიმიდან სამოცი სტადიონით დაშორებულს.    
30 მაგრამ იქაურმა იუდაელებმა დაუმოწმეს, რომ სკვითოპოლოსელები მათდამი კეთილად არიან განწყობილნი და გასაჭირში მოკრძალებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ხოლმე.    
31

ამისათვის მათ მადლობა მოახსენეს და დაარწმუნეს, რომ მომავალშიც მათი მოდგმისადმი კეთილად იქნებოდნენ განწყობილნი. შემდეგ წამოვიდნენ იერუსალიმში, რადგან ახლოვდებოდა შვიდეულთა დღესასწაული.

   
32 ხოლო ორმოცდაათების დღესასწაულის შემდეგ გამოილაშქრეს გორგიაზე, ედომის განმგებელზე.    
33 მაკაბელი სამიათასი ქვეითითა და ოთხასი მხედრით გამოვიდა.    
34 ბრძოლაში იუდაელთა მცირედი ნაწილი დაეცა.    
35 ხოლო ვინმე დოსითეოსმა, ბაკქენორის ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ცხენოსანმა და ძლიერმა კაცმა, შეიპყრო გორგია, ხელი ჩაავლო მას მოსასხამზე და მძლავრად დაითრია. უნდოდა ცოცხლად დაეტყვევებინა ის წყეული, მაგრამ დოსითეოსს თავს დაესხა ერთერთი თრაკიელი მხედარი და მხარი მოკვეთა; ხოლო გორგია მარისაში გაიქცა.    
36 როცა ესდრისთან გაგრძელდა ბრძოლა და მეომრებსაც გამოეცალათ ძალა, მოუხმო იუდამ უფალს, შეწეოდა მათ და ომში წინამძღოლობა გაეწია.    
37 დასჭექა მშობლიურ ენაზე საბრძოლო ყიჟინა და საგალობლები და მოულოდნელად დააცხრა გორგიას და უკუაქცია მისი ლაშქარი.    
38 ხოლო იუდამ წამოიყვანა თავისი ლაშქარი და შევიდა ქალაქ ყადულამში. და, რაკი დამდგარი იყო შვიდეულთა დღესასწაული, რჯულისამებრ განწმედილმა იუდაელებმა აქ გაატარეს შაბათი.    
39 მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა გვამები და ნათესავებთან ერთად მშობილიური სამარხებისთვის მიებარებინათ ისინი.    
40 ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი.    
41 და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ.    
42 დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით.    
43 შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა.    
44 ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას.    
45 იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად.