ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.

1

მაშინ თქუა სოლომონ: უფალმან თქუა დამკჳდრება წყუდიადსა შინა.

2 სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად. 2 და მე ვაშენე სახლი სახელისა შენისა წმიდისა შენდად და განმზადებული სამკჳდრებელად საუკუნოდ.
3 პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული. 3 და მოიქცია მეფემან პირი თჳსი და აკურთხა ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა, და ყოველი ერი ისრაჱლისა წინაშე დგა. და თქუა:
4 თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა: 4 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითის მიმართ, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა
5 იმ დღიდან, რაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელის არცერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებელიყო ჩემი სახელი და კაციშვილი არ ამირჩევია, ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად. 5 და თქუა: მიერ დღითგან, ვინათგან აღმოვიყუანე ერი ჩემი ქუეყანით ეგჳპტით, არა გამოვირჩიე ქალაქთა შინა ყოველთა შორის ტომთა ისრაჱლისათა შენებად სახლისა, რათამცა სახელი ჩემი მუნ და არა გამოვირჩიე კაცი მთავარად ყოფად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.
6 მხოლოდ იერუსალიმი ავირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად, და დავითი ავირჩიე ჩემს ერზე, ისრაელზე დასადგენად. 6 და გამოვირჩიე იერუსალჱმი ყოფად სახელი ჩემი მუნ და გამოვირჩიე დავითის შორის, რათა იყოს ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა.
7 გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე. 7 და იყო გულსა დავითის, მამისა ჩემისასა, შენებად სახლი სახელისათჳს უფლისა ღმრთის ისრაჱლისა.
8 უთხრა უფალმა მამაჩემს, დავითს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე. 8 და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა: ამისთჳს, რამეთუ იყო გულსა შენსა შენებად სახლი სახელისა ჩემისათჳს, კეთილად ყავ, რამეთუ იყო გულსა შენსა.
9 ოღონდ შენ არ ააშენებ სასლს, არამედ შენი შვილი. შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე. 9 ხოლო არა შენ მიშენო სახლი, არამედ ძე შენი, რომელი გამოვიდეს წელთაგან შენთა, ამან მიშენოს სახლი სახელისა ჩემისათჳს.
10 დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა ეფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი. 10 და აღადგინა უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა: დავდეგ მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დავჯედ საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა იტყოდა უფალი და ვაშენე სახლი ესე სახელისათჳს უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
11

დავასვენე იქ კიდობანი, რომელშიც უფლის აღთქმა ინახება, ისრაელიანებს რომ დაუდო.

11

და დავდგი კიდობანი შჯულისა უფლისაჲ, რომელი მოსცა ისრაჱლსა.

12 დადგა უფლის სამსხვერპლოს წინ მთელი ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ხელები აღაპყრო. 12 და დადგა სოლომონ წინაშე საკურთხეველსა უფლისასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი.
13 (გაკეთებული ჰქონდა სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, სიმაღლით სამი წყრთა. შედგა მასზე), მუხლი მოიყარა მთელი ისრაელის კრებულის წინაშე და ხელები აღაპყრო ცისკენ. 13 რამეთუ ქმნა სოლომონ ხარისხი რვალისა, და აღმართა იგი შორის ეზოსა მას ტაძრისასა, ხუთ წყრთა სიგრძე მისი და ხუთ წყრთა სივრცე მისი და სამ წყრთა სიმაღლე მისი. და აჰჴდა მას ზედა და დავარდა მუჴლთა ზედა თჳსთა წინაშე ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისა და განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად
14 თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს მენი მსგავსი ღმერთი არც ცაში და არც ქვეყნად. შენ ინახავ აღთქმასა და წყალობას შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. 14 და თქუა: უფალო ღმერთო ისრჱლისაო! არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანასა ზედა, რომელმან დაუმარხი აღთქმა და წყალობა მონათა შენთა წინაშე, რომელნი ვლენან შენსა ყოვლითა გულითა,
15 შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს, და დღეს შენმა ხელმა აღასრულა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. 15 რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.
16 ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ გამოგელევაო მემკვიდრე ჩემს წინამე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე. 16 და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა
17 ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს, დავითს, რომ უბრძანე. 17 და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.
18 ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორღა დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? 18 უკუეთუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა თანა ქუეყანასა ზედა? უკუეთუ ცა და ცანი ცათანი ვერ კმა არიან; და რა არს სახლი ესე, რომელი ვაშენე?
19 მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს შენი მორჩილი, 19 და აწ მოხედო ლოცვასა მონისა შენისასა და ვედრებასა ჩემსა, უფალო ღმერთო, სმენად ვედრებისა და ლოცვისა, რომელსა მონა შენი ილოცავს შენ წინაშე დღეს,
20 რომ თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღისით ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი. რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. 20 რათა იყუნენ თუალნი შენნი ახილულ სახლსა ამას ზედა დღე და ღამე ადგილსა ამას, რომლისა სთქუ წოდებაჲ სახელი შენი მუნ, რათა ისმინო ლოცვა, რომელსა ილოცავს მონა შენი ადგილსა ამას.
21

ისმინე შენი მორჩილისა და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.

21

და ისმინო ვედრებაჲ მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რაოდენსა ილოცვიდენ ადგილსა ამას, და შენ ისმინე ადგილსა სამკჳდრებელსა შენსა ზეცით და ისმინო და ლხინება-ყო.

22 თუ შესცოდავს ვინმე თავის თვისტომს და ფიცით დააფიცებს მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში, 22 და თუ ცოდოს კაცმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და მოიღოს მის ზედა წყევა, რათა წყეოს იგი, და მოვიდეს და დადგეს წინაშე საკურთხეველსა სახლსა ამას შინა.
23 მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ; მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი. მართალი კი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს. 23 და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.
24 თუ დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე კი მოიქცევა შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში, 24 და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.
25 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამა-პაპას მიეცი. 25 და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.
26 როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი, 26 და უკუეთუ დაეყენოს ცა და არა იყოს წჳმა, რამეთუ შეგცოდონ შენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აქებდენ სახელსა შენსა, და მოიქცენ ცოდვათა მათთაგან, რაჟამს დამდაბლდენ იგინი.
27 მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მათ მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის. 27 და შენ ისმინე მათი ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვათა მონათა შენთასა და ერისა შენისა ისრაჱლისასა, რათა აუწყო მათ გზაჲ იგი კეთილი, რათა ვიდოდიან მას ზედა და მოეც წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელი მოეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.
28 შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება, 28 გინა თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი იყოს ქუეყანასა ზედა, ხორშაკი და გუნი, გინა მკალი, გინა ბუზი, ანუ თუ აჭირვებდეს მათ მტერი წინაშე ქალაქთა მათთა და ყოველივე გუემა.
29 ყოველი ლოცვა, ყოველი ვედრება, რომელიც იქნება თითოეული ადამიანისაგან და მთელი შენი ერისაგან, ისრაელისგან, როდესაც ყველა გაიგებს თავის უბედურებას და ხელს გამოიწვდის ამ სახლისკენ, 29 და ყოველი ლოცვა და ყოველი ვედრებაჲ, რომელი-რა იყოს ყოვლისა კაცისა და ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, უკუეთუ ცნას კაცმან შინება გულსა თჳსსა და უძლურებაჲ თჳსი და განიპყრნეს ჴელნი თჳსნი სახლსა ამას შინა.
30 ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული, - 30 და შენ შეისმინე მისი ზეცით, გამზადებულით შენით სამკჳდრებელით, და ულხინო და მისცე კაცსა გზისაებრ თჳსისა, ვითარცა სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ძეთა კაცთანი,
31 რათა მუდამ შენი შიში ჰქონდეთ, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია. 31 რათა ეშინოდის გზათა შენთათჳს ყოველთა დღეთა, რაოდენთაცა ცოცხალ იყუნენ იგინი პირსა ზედა ქუეყანისასა, რომელი მოეცა მამათა ჩუენთა.
32

იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო.

32

და ყოველი უცხო, რომელი არა იყოს ერისაგან ისრაჱლისა და მოვიდეს ქუეყანით შორით სახელისათჳს შენისა დიდისა და ჴელისა შენისა მტკიცისა და მკლავისა შენისა მაღლისა, და მოვიდენ და ილოცვიდენ ადგილსა ამას.

33 ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე. 33 და შეისმინენ ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით, და ჰყო ყოვლისა მისებრ, რაჲსათჳსცა გხადოდის შენ უცხოთესლი იგი, რათა იცნან სახელი შენი ყოველთა ერთა ქუეყანისათა და ეშინოდის შენდა, ვითარცა ერსა შენსა ისრაჱლსა, რათა საცნაურ იყოს, რამეთუ წოდებულ არს სახელი შენი სახლსა ამას ზედა, რომელი ვაშენე
34 როცა მტერთან საბრძოლველად გავა შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისაკენ, შენ სახელზე რომ აგაშენე, 34 უკუეთუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა მისთა გზასა მას, რომელსა მიავლინნე იგინი და ილოცვიდენ შენდამი გზასა ამას ქალაქისა ამის, რომელი გამოირჩიე და სახლი, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.
35 მაშინ ისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე. 35 და შენ შეისმინე ვედრებისა მათისა და ლოცვისა მათისა და ყავ ზეცით სამართალი მათი.
36 როცა შეგცოდავენ - რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, - განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს, 36 რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არავინ არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და მოსრნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე პირსა მტერთასა, და წარტყუენნენ იგინი წარმტყუენველთა მათთა ქუეყანად მტერთა, ქუეყანად შორად, გინა მახლობელად.
37 გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან, შემოგღაღადებენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში, და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო, 37 და მოიქცენ გულითა ქუეყანათა მათთა, ვიდრე-იგი წარტყუენნენ მუნ და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქუეყანასა მას ტყუეობისა მათისასა და იტყოდიან: ვცოდეთ და უსჯულოებაჲ ვყავთ, და სიცრუესა შინა ვიდოდეთ ჩუენ.
38 როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელშიც ტყვვდ წაასხეს და დაიწყებენ ლოცვას იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისაკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისაკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, 38 და მოიქცენ შენდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ქუეყანისა მისგან წარმტყუენველთა მათთასა და ილოცვიდენ გზასა ქუეყანისა მათისასა, რომელი მიეც მამათა მათთა და ქუეყანასა ქალაქისა მის, რომელი გამოირჩიე და სახლისა, რომელი ვაშენე სახელისა შენისათჳს.
39 მაშინ ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება, სამართალი გაუჩანე და მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელმაც შეგცოდა. 39 და ისმინო მათი განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა მათისა და ვედრებისა მათისა, უფალო, ღმერთო ჩუენო, და ჰყო სამართალი და მლხინებელ ეყო ერსა, რომელმან შეგცოდოს შენ.
40 ახლა კი, ღმერთო, თვალღია იყავ და ყური მიაპყარ ამ ადგილზე ლოცვას. 40 და აწ იყუნენ, უფალო, თუალნი შენნი ახილულ და ყურნი შენნი მსმენელ ვედრებასა ამის ადგილისასა.
41 ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ. 41 და აწ აღდეგ, უფალო, ღმერთო, განსასუენებელსა შენსა, შენ და კიდობანი ძლიერებისა შენისა! მღდელთა შენთა, უფალო ღმერთო, შეიმოსო ცხორებაჲ და ძენი შენნი იხარებდენ კეთილსა შინა.
42 უფალო ღმერთო! პირს ნუ შეაქცევ შენს ცხებულს, გაიხსენე დავითის, შენი მორჩილის, ქველი საქმეები. 42 უფალო, ღმერთო, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა! მოიჴსენე წყალობაჲ დავითისი, მონისა შენისა!