ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.

1

და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

2 მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან. 2 და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.
3 უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს. 3 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?
4 უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები? 4 და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.
5 უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას. 5 და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.
6 შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი. 6 და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.
7 თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ? 7 და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.
8 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე. 8 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.
9 უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე. 9 და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.
10 ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე. 10 და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.
11 გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ. 11 და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.
12

ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.

12

და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

13 ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო. 13 და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.
14 თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს. 14 და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.
15 მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი. 15 და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.
16 უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით? 16 ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.
17 თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში. 17 და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.
18 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. 18 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?
19 თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ. 19 და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.
20 თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას. 20 და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.
21 გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? 21 და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?
22 მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე. 22 და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.
23

აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.

23

და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

24 მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს? 24 და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?
25 თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად. 25 და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.
26 თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს, 26 და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.
27 უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე. 27 და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.
28 თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო! 28 და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.
29 წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე. 29 და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.
30 უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად. 30 და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.
31 უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ. 31 და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა.
32 როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურაენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა. 32 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდასი, და თქუეს ურთიერთას: ვგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაჱლისა. და გარე-შეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.
33 როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყია იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას. 33 და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.
34

ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.

34

და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.

35 გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში. 35 და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.
36 გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ! 36 და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მოიქეცით თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.
37 მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას; და დამარხეს მეფე სამარიაში. 37 რამეთუ მოკუდა მეფე. და მოვიდეს სამარიად და დაფლეს იგი სამარიას.
38 გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს. 38 და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა. და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიასითა.
39 აქაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა; სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 39 და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაცა ქმნა და სახლი იგი პილოსძვალისა, რომელი ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.
40 განისვენა აქაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა მისი ძე ახაზია მის ნაცვლად. 40 და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.
41 იოშაფატ ასას ძე იუდაზე გამეფდა აქაბ ისრაელის მეფის მეოთხე წელს. 41 და იოსაფატ, ძე ასასი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა აქაბ მეფისა ისრაჱლისა.
42 ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზება, შილხის ასული. 42 და ოცდა ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ასუბა, ასული სალსალასი.
43 ყველაფერში მამამისის, ასას, გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან და სწორად იქცეოდა უფლის თვალში. 43 და ვიდოდა ყოველთა გზათა ასას, მამისა თჳსისათა და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა.
44 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა. 44 გარნა მაღალნი იგი, რამეთუ მოსპნა; ერი იგი უზორვიდავე და უკმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.
45

ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.

45

და მშვდობაჲ იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაჱლისა.

46 იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 46 და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასათა.
47 როსკიპ კაცთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან. 47 და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყუნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.
48 მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო. 48 და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.
49 ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ წასულან, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები. 49 და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსით და სოფირად, რომელთა მოაქუნდა ოქრო და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონ გაბერს.
50 მაშინ უთხრა ახაზია აქაბის ძემ იოშაფატს: იარონ ჩემმა მორჩილებმა შენს მორჩილებთან ერთად ხომალდებით; მაგრამ უარი უთხრა იოშაფატმა. 50 მიერ ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისამან, იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩუენთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა და არა ინება იოსაფატ.
51 განისვენა იოშაფატმა თავის მამა პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში და გამეფდა მისი ძე იორამი მის ნაცვლად. 51 და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.
52 ახაზია აქაბას ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატ იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი. 52 და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასასა, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.
53 უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი. 53 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი,
54 ემსახურებოდა ბაალს და თაყვანს სცემდა მას; აჯავრებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, ყოველნაირად, როგორც იქცეოდა მამამისი. 54 და ამონა კერპთა მათ, თაყუანი-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.