ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეოთხე მეფეთა

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სამოცდაათი შვილი ჰყავდა აქაბს სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და აქაბის გამზრდელებს; წერდა:

1

და იყუნეს აქაბისნი სამეოცდაათ ძე სამარიას. და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა და ჰრქუა:

2 როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი. 2 ვითარცა მოიწიოს თქუენდა წიგნი ესე, და თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და საჭურველნი.
3 ჰოდა, ამოარჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის. 3 იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგან უფლისა თქუენისათა და დაამტკიცეთ ზედა საყდარსა მას მამისა თჳსისასა და სცეთ ბრძოლა სახლსა ზედა უფ- ლისა თქუენისასა.
4 დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ? 4 და შეეშინა ფრიად-ფრიად და თქუეს: აჰა, ორნი იგი მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისა, და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ წინაშე მისა?
5 შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: შენი მორჩილნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით; არავის გავამეფებთ. როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი. 5 და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ ჩუენ და, რაცა გჳბრძანოთ ჩუენ, ვყოთ და არა ვინ დავიდგინოთ ჩუენ ზედა მეფე, არამედ, რა-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, ვყოთ.
6 მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ. 6 და მიწერა მათ წიგნი მეორედ და თქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ და ბრძანებასა ჩემსა ისმენდეთ, მოკუეთენით თავნი ძეთა უფლისა მაგის თქუენისათანი, და მომართუთ ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელად, და ძენი მეფისანი იყუნეს სამეოცდაათნი. და ჴელმწიფენი ქალაქისანი ზრდიდეს მათ.
7 როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს - სამოცდაათი კაცი; კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს. 7 და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი, და მოსრნეს სამეოცდაათნივე, და შთაყარნეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღვანეს მას იეზრაელად.
8 მივიდა მოციქული და მოახსენა: მოიტანეს უფლისწულთა თავები. თქვა: ორ გროვად დაჰყარეთ კარიბჭის შესასვლელთან. 8 და შევიდა მოციქული იგი და უთხრა მას: მოიხუნეს თავნი ძეთა მეფეთანი და ჰრქუა: დასცენით სამად ბორცუად გარეშე ბრჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე.
9 დილით გამოვიდა, დადგა და მიმართა მთელს ხალხს: თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა? 9 და იყო, განთიადსა მას გამოვიდა და დადგა ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ. აჰა, ესერა, მე აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა, მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აპფო ვინ მოსრნა?
10 ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს, აქაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით. 10 და უწყოდეთ აწ, რამეთუ არა დავარდების სიტყუა უფლისა ქუეყანასა, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა მას ზედა აქაბისასა. და აღასრულა უფალმან, რასა-იგი იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიასთა.
11

ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი აქაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები; არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.

11

და მოსრნა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი, და არა დაუტევა მას ნეშტი.

12 ადგა და წავიდა სამარიაში. მწყემსების ბინებთან მისულს, გზაზე 12 აღდგა და წარვიდა იუ სამარიად და ვიდრე-იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა,
13 შეხვდა იეჰუს იუდას მეფის, ახაზიას ძმები და ჰკითხა: ვინა ხართ? მიუგეს: ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ. 13 პოვნა იუ ძმანი ოქოზიას, მეფისა იუდასნი, და ჰრქუა: ვისნი ხართ თქუენ? და თქუეს: ძმანი ოქოზიასნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა.
14 თქვა: ცოცხლად შეიპყარით. შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს, მწყემსთა ბინაში - ორმოცდაორი კაცი. ერთიც არ გადარჩენილა მათგან ცოცხალი. 14 და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი! და შეიპყრნეს მათ და მოსრნეს იგინი ბეთაკადს - ორმეოცდაორნი კაცნი. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.
15 წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე. 15 და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბ, ძე რექაბისი, წინაშე თჳსსა და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა არს გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს. და ჰრქუა იუ: უკეთუ არს, მომეც მე ჴელი შენი. და მისცა ჴელი თჳსი, და აღისვა იგი თანა ეტლთა ზედა თჳსთა.
16 უთხრა: წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი. და დასვეს ეტლზე. 16 და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილე შურისძიება ჩემი უფლისათჳს. და აღსვა იგი ეტლთა ზედა თჳსთა.
17 მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა აქაბს სამარიაში; ისე რომ გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის. 17 და შევიდა სამარიად და მოსრნა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია.
18 შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: ცუდად ემსახურებოდა აქაბი ბაალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს. 18 და შეკრიბა იუ ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვმონო დიდად.
19 ახლა შემიყარეთ ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაალის თაყვანისმცემლები. 19 და აწ მომგუარენით მე ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი, და ყოველნი მონანი მისნი და ქურუმნი მისნი, და ერთიმცა კაცი ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი. და რომელ-იგი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო შეტყუილით, რათა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი.
20 თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთ ბაალის დღესასწაული. და გამოაცხადეს. 20

და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი ბაალისა. და ქადაგი ჴმობდა.

21

დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში. და მოვიდა ბაალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. შევიდნენ ბაალის სახლში და პირთამდე გაივსო ბაალის სახლი.

21 და წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა მიმართ და მოკრბეს ყოველნი მონანი ბაალისნი, და არავინ დაშთა, რომელნი არა მოიწივნეს მუნ და შევიდეს სახლსა ბაალისასა, და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედ.
22 უთხრა მეტანსაცმელეს იეჰუმ: გამოუტანე სამოსელი ბაალის ყველა მსახურს. მანაც გამოუტანა შესამოსელი. 22 და ჰრქუა იუ მტარვალთა მათ: განსძარცვეთ სამოსელნი მონათა მათ ბაალისთა! და განსძარცვეს სამოსელნი მათნი.
23 შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაალის სახლში და უთხრა ბაალის მსახურებს: მიათვალ-მოათვალიერეთ, არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაალის მსახურები უნდა იყოთ აქ. 23 და შევიდა იუ და იონადაბ, ძე რექაბისი, სახლსა მას ბაალისასა და ჰრქვა მონათა მათ ბაალისათა: გამოიძიეთ და იხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათა მათგანი უფლისათა, გარნა თქუენ ხოლომცა მონანი ეგე ბაალისნი.
24 შეუდგნენ მსხვერპლშეწირვას და აღსავლენს. გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ. 24 და შევიდა იუ, რეცა თუ შეწირვად და კმევად საკუმეველთა. და იუ დაადგინნა რვაასი კაცი გარეშე და ჰრქუა მათ: კაცი რომელი განერეს კაცთა ამათგანი, რომელთა მე მიგცეთ ჴელთა თქუენთა, თავი მისი თავისა მისისა წილ იყოს.
25 როცა დასრულდა აღსავლენი, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ. მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა, თავად კი ბაალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ. 25 და ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ და ჭურვილთა მათ: შევედით და მოსრენით იგინი და ერთიცამცა ნუ განერების მათგანი. და მოსრნეს იგინი მახჳლითა და არა ვინ დაშთა მათგანნი არცა ერთი და შევიდეს სახლსა მას ბაალისაასა.
26 გამოიტანეს ბაალის სახლიდან ბაალის ქანდაკებები და დაწვეს. 26 და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისაგან ბაალისი და დაწვეს იგი.
27 დაამსხვრიეს ბაალის ქანდაკი, დაანგრიეს ბაალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე. 27 და დაამჴუნეს ყოველნი იგი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს იგი ადგილ სასკორედ სარცხჳნელად მოდღენდელად დღემდე.
28 ასე გადააშენა იეჰუმ ბაალი ისრაელიდან. 28 და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისგან.
29 ოღონდ იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებისთვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იყო. 29 ხოლო ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ დიაკეულთა მათგან ოქროსათა, რომელ იყუნეს ბეთელს და დაანს.
30 უთხრა უფალმა იეჰუს: იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე აქაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე. 30

და ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ მჴნე იქმენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნება გულისა ჩემისა უყავ სახლსა მას აქაბისსა, ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა მას ისრაჱლისასა.

31

მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს; არ დაუნებებია თავი იერობოამის ცოდვებისთვის, რითაც აცთუნა მან ისრაელი.

31 და იუ არა ეკრძალა სლვად სჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.
32 იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვარზე და წაართვა 32 მათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვა ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა და მოსრვიდა აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა.
33 იორდანედან მზის აღმოსავლეთით გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყარომერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი. 33 იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო ყოველი იგი ქუეყანა გალაადისი და გაადისი და რუბენისი და მანასესი არუელითგან, რომელ არს კიდესა მის თანა ნაღვარევისასა არნონისსა, და გალაადი და ბასანი.
34 იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 34 და ნეშტნი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაოდენი-რა ქმნა, ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედა მისი, რომელ მოსწყჳდა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.
35 განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს სამრიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა. 35 და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა, და დაფლეს იგი სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძე მისი, მის წილ.
36 სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში. 36 და დღენი, რაოდენ მეფობდა იუ ზედა ისრაჱლსა, ორმეოცდარვა წელ სამარიასა.