ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2 ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი; 2 ძეო კაცისაო, ორნი დედანი იყვნეს, ასულნი დედისა ერთისანი;
3 გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები. 3 და განმეძვნეს ეგჳპტეს შინა, სიჭაბუკესა მათსა შინა განმეძვნეს, მუნ დაითხინეს ძუძუნი მათნი და მუნ გარდაიქალწულეს.
4 მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი. 4 ხოლო სახელნი მათნი ოოლა-უხუცესი, და ოოლიბა - დაჲ მისი უმრწემესი, და იქმნნეს ჩემდად და შუნეს ძენი და ასულნი და სახელნი მათნი: სამარიაჲ - იოოლა, და იერუსალჱმი იოოლიბა.
5 გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს, 5 და განმეძვნა იოოლა ჩემგან და მიიქცა ტრფიალთა მიმართ თჳსთა, ასსურასტნელთა მიმართ, მახლობელთა მისთა,
6 ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი. 6 შემოსილთა იაკინთოვნებითა წინამძღუართა და ლაშქრისმძღუანთა, ჭაბუკნი გამორჩეულნი, ყოველნი ცხენებითა აღცხენოსნებულნი ცხენთა ზედა.
7 გადაყვა მათთან ბოზობას - ყველანი რჩეული აშურელები იყვნენ - და ყველაფრით, ყველა მათი კერპით, რომელთაც გადაეკიდა, გაიუწმიდურა თავი. 7 და მისცა სიძვაჲ თჳსი მათდამი გამორჩეულთა მიმართ ძეთა ასურასტანელთასა, ყოველთა და ყოველთა, რომელთა მიმართ თვალ-აგნა, ყოვლითა, გულისზრახვითა მისითა შეიგინებოდა.
8 არ მიუტოვებია ბოზობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან წვებოდნენ თავის სიყმაწვილეში; მათ დაუჭყლიტეს ქალწულური ძუძუები და გადმოღვარეს მასზე თავიანთი გარყვნილება. 8 და სიძვაჲ მისი ვგჳპტითგანი არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა შინა მისსა, და მათ გარდააქალწულეს იგი და გარდაჰფინეს სიძვაჲ მათი მის ზედა.
9 ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა. 9 ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელებსა ძეთა ასსურასტანელთასა, რომელთა მიმართ თუალ-აგნა.
10 მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას. 10 მათ გამოაცხადეს სირცხჳლი მისი, ძენი და ასულნი მისნი მიიხუნეს, და იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა სასიტყუელ დედათა შორის და შურისგებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.
11

ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.

11

და იხილა დამან მისმან, ოოლიბა, და განხრწნა მან ზედდართვაჲ თჳსი უფროს მისსა, და სიძვაჲ მისი უფროს სიძვისა დისა მისისასა.

12 აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი. 12 განამრავლა ძეთა მიმართ ასურასტანელთასა, ზედდაერთო წინამძღუართა და ლაშქრიმძღუართა მოახლეთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, ცხენებით აღცხენოსნებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკთა გამორჩეულთა ყოველთა.
13 დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ; 13 და ვიხილე მე, ვითარმედ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი არს ორთაჲვე.
14 უმატა თავის ბოზობას: დაინახა კედელზე დახატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, ფერებით დახატული, 14 და შესძინა სიძვასა მისსა ზედა, და იხილნა კაცნი, გამოხატულნი ზღუდესა ზედა, ხატნი ქალდეველთანი. გამოხატულნი დაწერით,
15 წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი; 15 მორტყმულნი ჭრელებითა წელთა ზედა მათთა და ტიარები ღებულები თავთა ზედა მათთა, შესახედავად სამთხზული ყოველთაჲ მსგავსად ძეთა ბაბილოვნელთაჲსა, ქალდეველთა ქუეყანისა, მამულისა მათისა.
16 ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში. 16 და ზედდაჰრთო მათ ზედა მიხედვაჲ თუალთა მისთაჲ და მიავლინნა ქადაგნი მათდა მიმართ ქალდეად.
17 მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე. 17 და მოვიდეს მისდამი ძენი ბაბილოვნელთანი საწოლად მედგურთა და, შეაგინებდეს მას სიძვისა მიერ მისისა. და შეიბილწა მათ თანა, და განდგა სული მისი მათგან,
18 როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი. 18 და გამოაცხადა სიძვაჲ მისი, და გამოაცხადა უშუერებაჲ მისი და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარსახედ განეშორა დისაგან მისისა.
19 გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა. 19 და განმრავლდა სიძვაჲ შენი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა შინა სიძევდ ეგჳპტეს შინა.
20 მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი. 20 და ზედდაერთე ქალდეველთა მიმართ, რომელთა ჴორცნი იყვნეს, ვითარცა ვირთა ჴორცნი, და ქუქუნი ცხენთანი - ქუქუნი მათნი.
21

ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა.

21

და მიჰხედე უსჯულოებათა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა იქმოდე ეგჳპტეს შინა, სადგურსა შორის შენსა, სადა ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაცჳვეს.

22 ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან; 22 ამისთჳს, ოოლიბა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე აღვადგინნე ტრფიალნი შენნი შენ ზედა, რომელთაგან განდგა სული შენი მათგან და მოვხადნე შენ ზედა გარემოს.
23 ბაბილონელებს, ყველა ქალდეველს, ფეკოდს და შოაყს და კოაყს, ყველა აშურელს მათთან ერთად, ნანატრ ჭაბუკებს, ყველა სარდალს და მეფისნაცავლს, მხედართმთავრებს და წოდებულ ხალხს, ყველა ცხენოსანს. 23 ძენი ბაბილოვნისანი და ყოველნი ქალდეველნი ფაკუთ, და სუდ, და კუდ, და ყოველნი ძენი ასსურასტანელთანი მათ თანა, ჭაბუკნი რჩეულნი, წინამძღუარნი და ლაშქრისმძღუარნი, ყოველნი მსამობნი სამწილნი და სახელოვანნი ცხენოსანნი, ცხენთა ზედა.
24 შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან. 24 და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ჩრდილოჲთ ჯაჭუ-ჭურთა თანა და საჭურველთა და ეტლისთუალთა და სიმრავლეთა ერთასა, და ფარები, და ჩელთები და ჩაფხუტები გარემოიდვან შენ ზედა; და მოგადგან შენ ზედა მცველი გარემო და მივსცე წინაშე პირსა მათსა მშჯავრი და შური იძიონ შენგან მშჯავრთა მიერ მათთა.
25 მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ისინი: ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენები კი მახვილით დაეცემიან; წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ. 25 და მივსცე შური ჩემი შენ ზედა და ჰყოფდენ შენ თანა რისხვითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მიგიხუნენ, დაშთომილნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, თჳთ იგი ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ და ნეშტნი შენნი ცეცხლმან შეჭამნეს.
26 შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ. 26 და განგძარცონ შესამოსელი შენი და წარიხუნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი;
27 ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ. 27 და მივაქცინე უთნოობანი შენნი შენგან და სიძვაჲ შენი ქუეყანისა ეგჳპტისაგან, და არა აღიხუნე თუალნი შენნი მათდამი, და ეგჳპტისაჲ არღა მოიჴსენო მერმე
28 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე. 28 მით, რამვთუ, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე განგცემ შენ ჴელებსა, რომელნი გძულან რომელთაგან განდგა სული შენი მათგან.
29 სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა. 29 და ყონ შენ თანა სიძულილით და მიიხუნენ ყოველნი ნაშრომნი შენნი და ნარუდუნებნი შენნი, და იყო შიშუელი და უშუერი, და გამოცხადნეს სირცხჳლი სიძვისა შენისა და უთნოობისა შენისაჲ; სიძვამან შენმან
30 ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით. 30 გიყვნა შენ ესენი განმეძვებითა უკუანაგან წარმართთასა, და შეიგინებოდე გულისზრახვათა შინა მათთა.
31

შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.

31

გზასა ზედა დისა შენისა ჰვლე; და მიგცე სასუმელი მისი ჴელთა შენთა.

32 ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი. 32 ამათ იტყჳს უფალი უფალი: სასუმელი დისა შენისაჲ სუ, ღრმაჲ და ვრცელად იყოს სიცილად და საბასრობელად, გარდარეულად აღსრულებად სიმთრვალისა.
33 სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი. 33 და დაჴსნილობითა აღივსო სასუმელი უჩინოობისა და უჩინოქმნისაჲ, სასუმელი დისა შენისა სამარიაჲსაჲ.
34 შესვამ მას და ბოლომდე გამოწრუპავ, კიდეებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი. 34 და შეჰსუა იგი და გამოსწრიდო, და კეცისჭურნი მისნი დაჰმუსრნე და ძუძუნი შენნი მოშჭრნე და დღესასწაულნი და ახალთთუენი შენნი გარემივაქცინე, მით, რამეთუ მე ვიტყოდე, - იტყჳს ადონაი უფალი.
35 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი დამივიწყე და ზურგს უკან მომისროლე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილების და ბოზობის სასჯელი. 35 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მათ წილ, რომელ დამივიწყე მე და განმაგდე მე უკანა სხეულისა შენისა, შენცა მიიღე უთნოობა შენი და სიძვა შენი.
36 მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი, 36 და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ შჯი ოოლას და ოოლიბას და მიუთხრობ მათ უსჯულოებათა მათთა,
37 რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად. 37 რამეთუ იმრუშებდეს და სისხლი ჴელთა შინა მათთა და იმრუშებდეს და შვილნი მათნი, რომელნი მიშვნეს მე, განავლნეს მათ იგინი ცეცხლისა შორის.
38 კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს. 38 ვიდრემდის ესენიცა მიყვნეს მე, შეაგინებდეს წმიდათა ჩემთა მას დღესა შინა და შაბათთა ჩემთა შეამწიკულებდეს
39 დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში. 39 და დაკლვისა მიერცა მათგან შვილთა მათთაჲსა კერპთა მათთათჳს და შესლვითა მათითა წმიდათა მიმართ ჩემთა მას დღესა შინა შეაგინებდეს მათ, და, აჰა, ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლისა ჩემისა!
40 შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი; 40 და მიუმცნებდეს კაცთა, მომავალთა შორით, რომელთა მოციქულთა მიავლინებდეს მათდამი, და მყის მოსლვასა მათსა მეყსეულად იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა.
41

დიდებულ საწოლზე ჯდებოდი, რომლის წინ გარიგებული ტაბლა იყო და ზედ ჩემს საკმეველს და ზეთს აწყობდი.

41

და დაშჯედ ცხედარსა ზედა გარდაგებულსა, და ტაბლაჲ შემკული წინაშე შენსა და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი დასდევ წინაშე მათსა და იშუებდეს მათ მიერ.

42 უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ახურავდნენ. 42 და ჴმითა შენაწევრებისაჲთა უცემდეს კაცთა მიერ სიმრავლისაგან კაცთა, მოსრულთა შვერთებულთაჲსა უდაბნოჲთ, და მისცემდეს სავლტესა ჴელთა მიმართ მათთა და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავთა ზედა მათთა.
43 ვთქვი ბოზობაში დაბერებულზე: ახლაც ბოზობენ-მეთქი მასთან? ახლაც? 43 და ვთქუ: არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმეებ მეძვის ესენი, და იგი განმეძვნა?
44 და მივიდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან მიდიან; ასე მივიდნენ აჰოლასთან და აჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან. 44 და იგინი შევიდოდეს მისსა, ვითარსახედ შევლენ დედაკაცისა მიმართ მეძვისა, ეგრეთ შევიდოდეს ოოლაჲს მიმართ და ოოლიბაჲსა, დედათა მათ უსჯულოთა, ქმნად უსჯულოებისა.
45 მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე. 45 და კაცთა ამათ მართალთა შური მიჰჴადონ მათ შურის-გებითა მემრუშეთაჲთა და მსჯავრითა დამთხეველთა სისხლისათაჲთა, რამეთუ მემრუშე არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა:
46 რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად. 46 რამეთუ ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: არამედ მოიყვანე მათ ზედა ერი და მიეც მათ ზედა შფოთი და დატაცებაჲ.
47 ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს. 47 და ქვაჲ დაჰკრიბონ ქვებითა საჭურველთაჲთა და დაწერტნენ იგინი მახჳლთა მიერ მათთა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოსრნენ, და სახლნი მათნი დაწუნენ ცეცხლითა.
48 ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში. 48 და მოვაქციო უთნოობაჲ ქუეყანისაგან, და განისწავლნენ ყოველნი დედანი და არა ჰყოფდენ უთნოობათაებრ მათთა.
49 თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. 49 და მოგცეს უთნოობაჲ თქუენი თქუენ ზედა, და ცოდვანი გულისზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ ადონაჲ უფალი.