ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გოდება იერემიასი

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
     

და იქმნა შემდგომად წარტყუენისა ისრაჱლისა და იერუსალჱმისა მოოჴრებისა, და ჯდა იერემია მტირალი. და გოდებდა გოდებასა ამას იერუსალიმსა ზედა და თქუა:

1

როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.

1 ალეფ. ვითარ დაჯდა მარტოჲ ქალაქი განმრავლებული ერითა? იქმნა, ვითარცა ქურივი განმრავლებული ნათესავთა შორის. მმთავრობაჲ სოფლებსა შორის იქმნა მოხარკედ.
2 ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები. 2 ბეთ. მტირალი ტიროდა ღამე და ცრემლნი მისნი ზედა საკეთეთა, და არა იყო ნუგეშინისმცემელ მისსა ყოველთაგან მოყუარეთა მისთა. ყოველნი შემყუარებელნი მისნი განცრუვნეს მისდამი, იქმნნეს მისსა მტერებ.
3 გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები. 3 გიმელ. გარდასახლდა იუდაჲ მწუხარებისა და სიმრავლისაგან მონებისა მისისა, დაჯდა წარმართთა შორის. ვერ პოვა განსუენუბა. ყოველნი მდევარნი მისნი ეწინეს მას საშუალ მაჭირვებელთასა.
4 მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი. 4 დალეთ. გზანი სიონისანი იგლოენ არყოფისაგან მომავალთასა დღესასწაულისათჳს. ყოველნი ბჭენი მისნი უჩინო ქმნულებ, მღდელნი მისნი სულთ-ითქუმენ. ქალწულნი მისნი წარყვანებულან, და თჳთ განმწარებულა მის შორის.
5 მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები. 5 ჱე. იქმნეს მაჭირვებელნი მისნი თავად. და მტერნი მისნი იეფობენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლესა ზედა უთნოობათა მისთასა. ჩჩჳლნი მისნი წარვიდეს ტყუეობისა შორის წინაშე პირსა მაჭირვებვლისასა,
6 გავიდა სიონის ასულისგან მთელი დიდება; მისი მთავრები ქურციკებს გვანან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ; და მდევრის წინ მიდიან ღონემიხდილნი. 6 ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.
7 გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს. 7 ზაინ. მოიჴსენნა ისრაჱლმან დღენი დამდაბლებისა მისისანი და განგდებისა თჳსისანი და ყოველთა გულისსათქმელთა მისთაჲ, რაოდენნი იყუნეს დღეთაგან პირველთა დაცემასა შინა ერისა მისისასა, ჴელითა მაჭირვებელისაჲთა და არა იყო შემწე მისი, მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა.
8 მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც შესაზიზღი შეიქნა, შეიძულა იგი ყოველმა მისმა მადიდებელმა, რადგან დაინახეს მისი სიშიშვლე; თავადაც ოხრავს და უკან იხევს. 8 ეთ. ცოდვაჲ ცოდა ისრაჱლმან. ამისთჳს სარყეველ იქმნა ყოველთა მადიდებელთა მისთა, უპატივო-ყვეს იგი, რამეთუ იხილეს უშუერება მისი, და თჳთ იგიცა სულთ-ითქმიდავე, და უკუნიქცა მართლუკუნ.
9 კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი. 9 ტეთ. არაწმიდება მისი წინაშე ფერჴთა მისთა, არ მოიჴსენა უკანასკნელი მისი და დაეცა საკჳრველად. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. იხილე, უფალო, სიმდაბლე ჩემი, რამეთუ განდიდნა მტერი.
10 მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში. 10 იოთ. ჴელი თჳსი განირთხა მაჭირვებელმან ყოველთა ზედა გულისსათქმელთა თჳსთა, რამეთუ იხილნა წარმართნი შესრულად სიწმიდესა შინა მისსა, რომელთასა ამცნებდ არშესლვად ეკკლესიად შენდა.
11 ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი. 11 ხაფ. ყოველსა ერსა მისსა სულთმთქმელთა, მეძიებელთა პურისათა მისცნა გულისსათქმელნი თჳსნი საჭამადად მოქცევისათჳს სულისა. იხილე, უფალო, და მოიხილე, რამეთუ ვიქმენ უპატივო.
12 ნუმც დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით! 12

ლამედ. ჩუენდამო ყოველთა თანწარმავალთა გზისათა ზედმოიხილეთ და იხილეთ, უკეთუ არს ლმობაჲ ლმობისაებრ ჩემისა, რომელი იქმნა. მჴმობელმან ჩემ შორის დამამდაბლა მე უფალმან, დღესა შინა რისხვისა გულისწყრომისა მისისასა.

13 მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ. 13 მემ. სიმაღლისაგან მისისა მოავლინა ცეცხლი ძუალთა შორის ჩემთა, გარდამოავლინა იგი ჩემ ზედა, განურთხა ბადე ფერჴთა ჩემთა, მიმაქცია მე მართლუკუნ, მიმცა მე უჩინოქმნილად დღე ყოელ მგლოვარე.
14 შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი. 14 ნონ. იღჳძა უთნოობათა ზედა ჩემთა, ჴელთა შინა თჳსთა შემთხზნა მე, დაამძიმა უღელი მისი ქედსა ზედა ჩემსა, მოუძლურდა ძალი ჩემი, რამეთუ მომცნა უფალმან ჴელსა შინა ჩემსა სალმობანი, რომელთაჲ ვერ მიძლავს წინ დადგმაჲ.
15 უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები. 15 საემხ. აღიხუნა ყოველნი ძლიერნი ჩემნი უფალმან შორისისაგან ჩემისა, მოუწოდა ჩემ ზედა ჟამსა შემუსრვად რჩეულთა ჩემთა. ვითარცა საწნეხელი, დაწნიხა უფალმან ქალწული, ასული იუდაჲსი.
16 ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი. 16 აინ. ამათ ზედა მე ვტირ. თუალმან ჩემმან დამოადინა წყალი, რამეთუ განმეშორა ჩემგან ნუგეშინისმცემელი ჩემი, მომაქცეველი სულისა ჩემისაჲ. იქმნეს ძენი ჩემნი განქარვებულ, რამეთუ განძლიერდა მტერი.
17 სიონი ხელებს იწვდის, არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში. 17 ჳე. განჰმარტნა სიონმან ჴელნი თჳსნი. არა არს ნუგეშინისმცემელი მისი. ამცნო უფალმან იაკობსა გარემოჲს მისსა მაჭირვებელნი მისნი; იქმნა იერუსალჱმი, ვითარცა დაშტანი საშუალ მათსა.
18 მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ბაგეს; გაიგონეთ, ხალხებო, და შეხედეთ ჩემს სატანჯველს; ჩემი ქალწულები და მოყმენი ტყვეობაში წავიდნენ. 18 სადე. მართალ არს უფალი, რამეთუ პირი მისი განვამწარე. ისმინეთ ყოველთა ერთა და იხილეთ სალმობა ჩემი. ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი წარვიდეს ტყუეობადმი.
19 ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად. 19 კოფ. უწოდე ტრფიალთა ჩემთა. ხოლო მათ უგულებელს-მყვეს მე. მღდელნი ჩემნი და მოხუცებულნი ჩემნი ქალაქსა შორის მოაკლდეს, რამეთუ იძიეს ჭამადი თავთა მათთად, რაჲთა მოიქცინენ სულნი მათნი, და ვერ პოვეს.
20 მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია. 20 რეს. იხილე, უფალო, რამეთუ მჭირს მე. მუცელი ჩემი აღშფოთნა, და გარდაიქცა გული ჩემი ჩემ შორის, რამეთუ განმამწარებელმან განვამწარე, გარეშე იუშვილოა მახჳლმან, ვითარცა სიკუდილმან შორის სახლისა.
21 გაიგეს, როგორ ვკვნესი და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი; გაიგეს ჩემმა მტრებმა ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენგან არის მოწეული. ოჰ, ერთი მოაწევდე დღეს, შენ დათქმულს, რომ ჩემსავით გახდნენ ისინი! 21 სინ. ისმინეთ, რამეთუ სულთვითქუამ მე. არა არს ნუგეშინისმცემელი ჩემი. ყოვვლთა მტერთა ჩემთა ესმნეს ძჳრნი ჩემნი და განიხარეს, რამეთუ შენ ჰყავ, მოაწიე დღე და მოუწოდე ჟამსა. და მოიწინეს ვაებანი ჩემნი.
22 ოჰ, ერთი მოაწევდეს შენამდე მათი სიბოროტის ამბავი, რომ ისევე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი ცოდვებისთვის, რადგან გამრავლდა ჩემი ოხვრა-კვნესა და შემიღონდა გული. 22 თავ. შევედინ ყოველი უკეთურებაჲ მათი წინაშე პირსა შენსა და მოკუფხლენ იგინი, ვითარსახედ მომკუფხლე მეცა ყოველთათჳს შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ სულთქმანი ჩემნი და გული ჩემი წუხს.