ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.

1

და იყოს უკანასკლნელთა დღეთასა საჩინოჲ მთაჲ უფლისაჲ განმზადებულ თხემებსა ზედა მთათასა და განსაცხრომელ იქმნეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მიისწრაფდენ მისდამი ერნი მრავალნი.

2 მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა. 2 და მოვიდოდიან ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ სახიდ უფლისა და სახლისა მიმართ ღმრთისა იაკობისსა და მიჩუენონ ჩუენ გზაჲ მისი და ვიდოდით შორის ალაგთა მისთა, რამეთუ სიონისგან გამოვიდეს სჯული და სიტყუა უფლისაჲ ისრაჱლისაგან.
3 გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. 3 და შჯიდეს შორის ერთა მრავალთა და ამხილოს ნათესავსა ძლიერსა ვიდრე შორადმდე. და დაშჭრიდენ მახჳლებსა მათსა საჴნისად, და შუბებსა მათსა მანგლად და არა მერმე არ აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.
4 ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას. 4 და განისუენებდეს კაცადი ქუეშე ვენაჴსა თჳსსა, და კაცადი ქუეშე კერძო ლეღვისა თჳსისა და არა იყოს მაშინებელი, რამეთუ პირი უფლისა ყოვლისა მპყრობელისა იტყოდა ამათ:
5 რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე. 5 ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო.
6 იმ დღეს, ამბობს უფალი, შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე. 6 მას დღესა შინა იტყჳს უფალი: შევკრიბო შემუსრვილი და განგდებული შევიწყნარო და რომელნი განვყარნ
7 ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს; უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე. 7 და დავდვა შემუსრვილი ნეშტად და განგდებული ნათესავად ძლიერად და მეფობდეს უფალი მათ ზედა სიონით გამო, ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.
8 შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს. 8 და შენ გოდოლი სამწყსოჲსაჲ, მაგარი - ასული სიონისაჲ! შენ ზედა მოიწია და მოვიდეს დასაბამი მთავრობაჲ, პირველი მეფობაჲ ასულსა იერუსალჱმისასა
9 ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით? 9 და აწ რაჲსათჳს სცნენ ბოროტნი? ნუ მეფე არა იყო შენდა, ნუ განზრახვა შენი წარწყმდა, რამეთუ დაგიპყრეს შენ სალმობათა, ვითარცა მშობისათა.
10 იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან. 10 ილმობდ და განმჴნდი, ასულო სიონისაო, ვითარცა მშობ, მით, რამეთუ აწ გამოვიდეს ქალაქისაგან და დაემკჳდროს შორის ველსა და მივიდეს ვიდრე ბაბილონადმდე, მიერ განგარინოს შენ, და მუნით გიჴსნას შენ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელისაგან მტერთა შენთასა.
11 ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალიო. 11 და აწ ზედა შეკრბეს შენ ზედა ნათესავნი მრავალნი მეტყუელნი: მოვსცხრებით, და ზედადახედნენ სიონსა ზედა თუალთა ჩუენთა.
12 მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე. 12 და მათ ვერ აგრძნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და არ გულისხმა-ყუეს განზრახვაჲ მისი, რამეთუ შეკრიბნა იგინი, ვითარცა მჭელეულნი კალოსანი.
13 მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს. 13 აღდეგ და კალოებდ მათ, ასულო სიონისაო, რამეთუ რქანი შენნი დავსხნე რკინებად, და ჭლიკნი შენნი რვალებად. და დაამწულილნე ერნი მრავალნი დ დაამჴუნე მათ მიერ ნათესავნი. და შესუენებულ ჰყო უფლისაჲ სიმრავლე მათი და ძალი მათი უფლისა ყოვლისა ქვეყანისა.
14 ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.