ძველი აღთქმა

წიგნი შექმნისა

თავი 6

1. და იყო, როცა დაიწყეს ადამიანებმა გამრავლება ქვეყანაზე, და ასულები შეეძინათ მათ,

2. და ნახეს რა ღვთის ძეებმა ადამიანთა ასულები, რომ მშვენიერნი არიან, მოიყვანეს თავისთვის ცოლებად ყველა, ვინც ამოირჩიეს.

3. და თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება სული ჩემი ამ ადამიანებში უკუნისამდე, რადგან არიან ისინი ხორციელნი, და იქნება მათი დღეები ას ოცი წელი.

4. და გმირები იყვნენ ქვეყანაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, რაც შედიოდნენ ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან, და შობდნენ თავისთვის; ისინი იყვნენ გმირები ოდითგანვე, სახელოვანი ადამიანები.

5. და იხილა უფალმა ღმერთმა, რომ გამრავლდა ადამიანთა უკეთურება ქვეყანაზე და თითოეული გულმოდგინედ განიზრახავს თავის გულში ბოროტებას ყოველდღე,

6. და დაფიქრდა ღმერთი, რომ შექმნა კაცი ქვეყანაზე, და განსაჯა.

7. და თქვა ღმერთმა: აღვგვი კაცს, რომელიც შევქმენი, მიწის პირიდან, კაციდან პირუტყვამდე და ქვეწარმავლიდან ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი ისინი.

8. ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფალი ღმერთის წინაშე.

9. ეს არის ნოეს წარმომავლობა; ნოე კაცი მართალი, სრულყოფილი იყო თავის მოდგმაში; ღვთისათვის სათნო იყო ნოე.

10. და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.

11. და გაიხრწნა ქვეყანა ღვთის წინაშე, და აივსო ქვეყანა უსამართლობით.

12. და იხილა უფალმა ღმერთმა ქვეყანა, და იყო გახრწნილი, რადგან გახრწნა ყოველმა ხორციელმა თავისი გზა ქვეყანაზე,

13. და უთხრა ღმერთმა ნოეს: დრო ყოველი კაცისა მოვიდა ჩემ წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათგან უსამართლობით, და აჰა, მე გავანადგურებ მათ და ქვეყანას.

14. ამიტომ გააკეთე შენთვის კიდობანი ოთხკუთხა ძელებისგან; ბუდეებად გააკეთებ კიდობანს, და მოგოზავ მას შიგნიდან და გარედან ფისით.

15. და ასე გააკეთებ კიდობანს: სამი წყრთა - კიდობნის სიგრძე, და ორმოცდაათი წყრთა - სიგანე, და ოცდაათი წყრთა - მისი სიმაღლე;

16. შეკრავ და გააკეთებ კიდობანს, და წყრთით ზემოთ დაასრულებ მას; ხოლო კიდობნის კარს გააკეთებ გვერდიდან; ქვედა, მეორე სართულს და მესამ სართულს გაუკეთებ მას.

17. ხოლო მე, აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე ყოველი ხორციელის გასანადგურებლად, რომელშიც არის სიცოცხლის სული ცის ქვეშ; და რაც არის ქვეყანაზე, აღესრულება.

18. და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან; და შეხვალ კიდობანში, შენ და შენი ძეები და შენი ცოლი და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად.

19. და ყოველი პირუტყვისგან და ყოველი ქვეწარმავლისგან და ყოვეილ მხეცისგან და ყოველი ხორციელისგან, ორ-ორს ყველასაგან შეიყვან კიდობანში, რათა გამოკვებო შენთან ერთად; მამალი და დედალი იქნება.

20. ყოველი ფრთოსანი ფრინველისგან გვარის მიხედვით და ყოველი პირუტყვისგან გვარის მიხედვით და ყოველი ქვეწარმავლისგან, რომელიც დახოხავს მიწაზე, თავისი გვარის მიხედვით, ორ-ორი ყველასაგან შევა შენთან, რათა გამოიკვებოს შენთან ერთად, მამალი და დედალი.

21. ხოლო შენ აიღებ შენთვის ყოველგვარი საჭმლიდან, რასაც შეჭამთ, და შეაგროვებ შენთან; და იქნება შენთვის და მათთვის საჭმელად.

22. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა; ისე გააკეთა.

 

თავი 7

1. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: შედი შენ და მთელი შენი სახლი კიდობანში, რადგან შენ გნახე მართალი ჩემ წინაშე ამ მოდგმაში.

2. და წმინდა პირუტყვთაგან შეიყვანე შენთან შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, ხოლო არაწმინდა პირუტყვთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი,

3. და ცის წმინდა ფრინველთაგან - შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, და არაწმინდა ფრინველთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი, თესლის შესანახად მთელს ქვეყანაზე;

4. რადგან კიდევ შვიდი დღე და მე მოვავლენ წვიმას ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, და აღვგვი ყველა აღმდგომს, რაც შევქმენი, მიწის პირიდან.

5. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა.

6. ხოლო ნოე იყო ექვსასი წლისა, და წარღვნა მოხდა ქვეყანაზე.

7. და შევიდა ნოე, და მისი ძეები და მისი ცოლი და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად კიდობანში წარღვნის გამო;

8. და წმინდა ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და არაწმინდა პირუტყვთაგან და ყოველი ქვეწარმავლისგან, რაც ქვეყანაზეა,

9. ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში, მამალი და დედალი, როგორც უბრძანა მას ღმერთმა.

10. და იყო, შვიდი დღის შემდეგ წარღვნა იყო ქვეყანაზე.

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს; ამ დღეს გამოხეთქა უფსკრულის ყველა წყარომ, და ცის სარკმელები გაიხსნა,

12. და იყო წვიმა ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.

13. ამ დღეს შევიდა ნოე, სემი, ქამი, იაფეთი - ნოეს ძეები, და ნოეს ცოლი და მისი ძეების სამი ცოლი მასთან ერთად კიდობანში.

14. და ყველა მხეცი გვარის მიხედვით და ყველა პირუტყვი გვარის მიხედვით და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გვარის მიხედვით და ყველა ფრინველი თავისი გვარის მიხედვით

15. შევიდნენ ნოესთან კიდობანში, ორ-ორი ყოველი ხორციელისგან, რომელშიც არის სიცოცხლის სული.

16. და რომლებიც შედიოდნენ, მამალი და დედალი ყოველი ხორციელისგან, შევიდნენ, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. და დაუკეტა უფალმა ღმერთმა გარედან მას კიდობანი.

17. და იყო წარღვნა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ქვეყანაზე, და იმატა წყალმა და ასწია კიდობანი, და ამაღლდა მიწიდან.

18. და ძლიერდებოდა წყალი და მატულობდა ძლიერ ქვეყანაზე, და დაცურავდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.

19. ხოლო წყალი ძლიერდებოდა მეტისმეტად ქვეყანაზე, და დაფარა ყველა მაღალი მთა, რომელიც იყო ცის ქვეშ;

20. თხუთმეტ წყრთაზე ამაღლდა წყალი, და დაფარა ყველა მაღალი მთა.

21. და მოკვდა ყველა ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მხეცთაგან, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, და ყველა ადამიანი.

22. და ყველაფერი, რასაც აქვს სიცოცხლის სული, და ყველაფერი, რაც იყო ხმელეთზე, მოკვდა.

23. და აღგავა ყველა აღმდგომი, რაც იყო მთელი მიწის პირზე, კაციდან პირუტყვამდე, და ქვეწარმავალთაგან და ცის ფრინველთაგან; და აღიხოცნენ ქვეყნიდან; და დარჩა მხოლოდ ნოე და მასთან მყოფნი კიდობანში.

24. და მაღლდებოდა წყალი ქვეყანაზე ას ორმოცდაათი დღე.

 

თავი 8

1. და გაახსენდა ღმერთს ნოე და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რაც იყო მასთან ერთად კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა სული ქვეყანაზე, და დაიკლო წყალმა,

2. და ჩაიკეტა უფსკრულის წყაროები და ცის სარკმლები, და შეწყდა წვიმა ციდან.

3. და უკუიქცეოდა წყალი, რომელიც მოედინებოდა მიწიდან, უკუიქცეოდა და მცირდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღის შემდეგ.

4. და დადგა კიდობანი მეშვიდე დღეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, არარატის მთაზე.

5. და წყალი, რომელიც მოდიოდა, მცირდებოდა მეათე თვემდე. ხოლო მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, გამოჩნდა მთების მწვერვალები.

6. და იყო, ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ კარი კიდობნისა, რომელის გააკეთა,

7. და გაგზავნა ყორანი, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა; და გავიდა და არ დაბრუნდა, ვიდრე არ დაშრა წყალი მიწიდან.

8. და გაგზავნე მტრედი მას შემდეგ, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის ზედაპირიდან;

9. და ვერ იპოვა მტრედმა დასასვენებელი თავისი ფეხებისათვის და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი იყო მთელი ქვეყნის მთელს ზედაპირზე; და გაიწოდა თავისი ხელი და აიყვანა იგი და შეიყვანა იგი თავისთან კიდობანში.

10. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი კიდობნიდან;

11. და დაბრუნდა მასთან მტრედი მწუხრისას, და ჰქონდა მას პირში ზეთისხილის რტო ფოთლით, და მიხვდა ნოე, რომ დაიკლო წყალმა მიწიდან.

12. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი, და მეტად აღარ დაბრუნებულა მასთან.

13. და იყო, ნოეს ცხოვრების ექვსასმეერთე წელს, პირველ თვეს, შეწყდა წყალი მიწიდან; და აჰხადა ნოემ სახურავი კიდობანს, რომელიც გააკეთა, და ნახა, რომ შეწყდა წყალი მიწის ზედაპირიდან.

14. ხოლო მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, გაშრა მიწა.

15. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს და თქვა:

16. გამოდი კიდობნიდან შენ, და შენი ცოლი და შენი ძეები და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად,

17. და ყველა მხეცი, რომელიც არის შენთან ერთად, და ყველა ხორციელი ფრინველიდან პირუტყვამდე, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გამოიყვანე შენთან ერთად; და აღორძინდით და გამრავლდით ქვეყანაზე.

18. და გამოვიდა ნოე, და მისი ცოლი და მისი ძეები და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად,

19. და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, თავისი გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.

20. და აუგო ნოემ სამსხვერპლო ღმერთს და აიღო ყოველი წმინდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდან ფრინველისგან და შესწირა ყოვლადნაყოფებად სამსხვერპლოზე.

21. და იყნოსა უფალმა ღმერთმა სუნი კეთილსურნელებისა, და თქვა უფალმა ღმერთმა და განსაჯა: მეტად აღარ დავწყევლი ქვეყანას ადამიანთა საქმეების გამო, რადგან სიჭაბუკიდან გულმოდგინედ მიდრეკილია ადამიანის აზრი ბოროტებისაკენ; ამიტომ მეტად აღარ მოვსპობ არცერთ ცოცხალ ხორციელს, როგორც გავაკეთე.

22. დღენიადაგ ქვეყანაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული დღე და ღამე არ შეწყდება.

 

თავი 9

1. და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას.

2. და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება მიწის ყველა მხეცს და ცის ყველა ფრინველს და ყველაფერს, რაც მოძრაობს და ზღვის ყველა თევზს; თქვენ ხელქვეშ მოგეცით.

3. და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად; როგორც ბალახეული მწვანილი, მოგეცით თქვენ ყველაფერი.

4. მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ;

5. და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას, და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს.

6. ვინც დაღვრის კაცის სისხლს, სანაცვლოდ მისი სისხლი დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შევქმენი კაცი.

7. ხოლო თქვენ აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და გამრავლდით მასზე.

8. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად და თქვა:

9. აჰა, მე აღვადგენ ჩემს აღთქმას თქვენთვის და თქვენი თესლისთვის თქვენ შემდეგ

10. და ყოველი ცოცხალი სულისთვის თქვენთან ერთად, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან, და მიწის ყველა მხეცისთვის, რაც არის თქვენთან ერთად; ყველასთან, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან.

11. და დავდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, და აღარ მოკვდება არცერთი ხორციელი წარღვნისგან, და აღარ იქნება წარღვნა მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.

12. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: ეს არის აღთქმის ნიშანი, რასაც მე ვდებ ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, რომელიც არის თქვენთან საუკუნო მოდგმაში.

13. ჩემს ცისარტყელას ვდებ ღრუბელში, და იქნება აღთქმის ნიშნად ჩემსა და ქვეყანას შორის.

14. და იქნება, როცა მოვავლენ მე ღრუბლებს ქვეყანაზე, გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში,

15. და გავიხსენებ ჩემს აღთქმას, როემლიც არის ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, და აღარ იქნება წყალი წარმღვნელი არცერთი ხორციელის აღსახოცად.

16. და იქნება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ საუკუნო აღთქმის გასახსენებლად ჩემსა და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, რომელიც არის ქვეყანაზე.

17. და უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც არის ქვეყანაზე.

18. და იყვნენ ნოეს ძეები, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან: სემი, ქამი, იაფეთი; ქამი იყო ქანაანის მამა.

19. ეს სამნი არიან ნოეს ძეები; მათგან გავრცელდნენ მთელს ქვეყანაზე.

20. და დაიწყო ნოემ, კაცმა მიწათმოქმედმა, და გააშენა ვენახი.

21. და დალია ღვინო და დათვრა, და გაშიშვლდა თავის სახლში.

22. და დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და გამოვიდა და გააგებინა თავის ორ ძმას გარეთ.

23. და აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსი და დაიდეს თავის ორ მხარზე, და წავიდნენ ზურგშექცევით და დაფარეს თავისი მამის სიშიშვლე, და მათ პირი მიბრუნებული ჰქონდათ, და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24. და გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა ჭაბუკმა ძემ,

25. და თქვა: წყეულია ქანაანი; ყრმა მონა იქნება თავისი ძმებისა.

26. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი სემისა, და იქნება ქანაანი მისი მონა.

27. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში, და გახდეს ქანაანის მისი მონა.

28. და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.

29. და იყო ნოეს ყველა დღე ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

 

თავი 10

1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს მათ ძეები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და მოსოქი და თირასი.

3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.

4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.

5. ამათგან გამოიყო წარმართთა კუნძულები თავიანთ ქვეყანაში, თითოეული - ენის მიხედვით თავის ტომებში და თავის ერებში.

6. ხოლო ქამის ძეები: ხუსი და მესრაიმი, ფუდი და ქანაანი.

7. ხოლო ხუსის ძეები: სავა და ევილა და სავათა და რეღმა და სავაკათა. ხოლო რეღმას ძეები: სავა და დადანი.

8. ხოლო ხუსმა შვა ნებროთი. მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე;

9. ეს იყო გმირი მონადირე უფალი ღმერთის წინაშე; ამის გამო ამბობენ: ნებროთივით გმირი მონადირე უფლის წინაშე.

10. და იყო მისი მეფობის დასაბამი ბაბილონი და ორექი და არქადი და ხალანი სენაარის ქვეყანაში.

11. იმ ქვეყნიდან გამოვიდა ასური, და ააშენა ნინევი და ქალაქი როობოთი და ხალახი,

12. და დასემი ნინევისა და ხალახს შორის; ეს არის დიდი ქალაქი.

13. და მესრაიმმა შვა ლუდიმელნი და ენემიტიმელნი და ლაბიმელნი და ნეფთალიმელნი

14. და პატროსონიმელნი და ხალსონიმელნი, საიდანაც გამოვიდა ფილისტიმი, და კაფთორიმელნი.

15. ხოლო ქანაანმა შვა სიდონი, პირმშო, და ქეტელი

16. და იებუსელი და ამორელი და გერგესელი

17. და ეველი და არუკეელი და ასენელი

18. და არადიელი და სამარიელი და ამაათი. და ამის შემდეგ განითესნენ ქანანელთა ტომები.

19. და იყო ქანანელთა საზღვრები სიდონიდან გერარისა და ღაზის მისასვლელამდე, სოდომისა და გომორის, ადამისა და სევოიმის მისასვლელამდე, ლასამდე.

20. ესენი არიან ქამის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში.

21. და სემსაც შეეძინა, ებერის ყველა ძის მამას და იაფეთის უფროს ძმას.

22. სემის ძეები: აილამი და ასური და არფაქსადი და ლუდი და არამი და კაინანი.

23. და არამის ძეები: ოსი და ული და ღათერი და მოსოხი.

24. და არფაქსადმა შვა კაინანი, და კაინანმა შვა სალა, ხოლო სალამ შვა ებერი.

25. და ებერს შეეძინა ორი ძე: ერთის სახელი - ფალეკი, რადგან მის დროს განაწილდა ქვეყანა, და მისი ძმის სახელი - იეკტანი.

26. ხოლო იეკტანმა შვა ელმოდადი და სალეფი და ასარმოთი და იარახი

27. და ოდორა და აიზელი და დეკლა

28. და აბიმეელი და საბევი

29. და უფირი და ევილა და იობაბი. ყველა ესენი არიან იეკტანის ძენი.

30. და იყო მათი სამკვიდრებელი მასიდან სოფირას, აღმოსავლეთის მთის, მისასვლელამდე.

31. ესენი არიან სემის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ერებში.

32. ეს არის ნოეს ძეთა ტომები თავისი წარმომავლობის მიხედვით, თავისი ერების მიხედვით: ამათგან განითესნენ წარმართთა კუნძულები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.