„ორგული მნე“

„ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად“
მათე 6,24

„რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა...
რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ“
1 ტიმოთეს მიმართ, 6,9-10

„სიმდიდრე მსახურია ბრძენისა და ბატონია სულელისაო“
ქართული ხალხური ანდაზა

„ჩემი მხოლოდ ის არის, რაც გავეცი“
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია“
შოთა რუსთაველი

 

„კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.

ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა.

და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი.

და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.

და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.“

ლუკა 16, 1-9

 

იგავის განმარტების სირთულე

წმიდა სახარების არც ერთი იგავის გამო არ დაწერილა იმდენი განმარტებითი ნაშრომი, არ გამოთქმულა იმდენი ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხველი თვალსაზრისი, არ მოიპოვება იგავური სახეების ესოდენ რადიკალურად დაპირისპირებული შეფასება-განსაზღვრებანი - როგორც ეს არის „ორგული მნის“ იგავთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ამ იგავის ზოგიერთი მუხლი დღემდე რჩება, ასე ვთქვათ, ღიად. კომენტატორები ამ მუხლების განმარტებისას იძულებულნი ხდებიან, ერთდროულად რამდენიმე პარალელური ვარიანტი გაითვალისწინონ.

ქრონოლოგიური თვალსაზრისით თუკი ვიმსჯელებთ, „ორგული მნის“ იგავის ორი მთავარი განმარტებითი ხაზი იკვეთება:

1) ადრინდელ წმიდა მამათა (წმიდა იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი) და

2) XIX-XX საუკუნის კომენტატორთა (ბორის გლადკოვი და სხვები). ჩვენთვის მეტად საგულისხმოა და ძვირფასი წმიდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძის) განმარტებანი.

ზოგიერთი კომენტატორი თავს იკავებს ამ იგავის განმარტებისგან და აღიარებს, რომ, თავისი აგებულებით, ასევე მეტად რთული, ღრმა იგავური სახეებითა და შეგონებებით, იგი მხოლოდ მთავარი სათქმელისა და იგავის ძირითადი მიმართულების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამასთან დაკავშირებით წამოჭრის საზოგადოდ იგავის - სახარების უფლისმიერი იგავების განმარტების მეტად საჭირბოროტო საკითხებს. ნეტარი მამა ბრძანებს:

„ყოველი იგავი (იგულისხმება სახარების იგავი) ხატოვნად, სახეობრივად განმარტავს რომელიმე საგნის ან სათქმელის არსს. მაგრამ იგი - იგავი - ყველაფერში არ არის მსგავსი იმ საგნისა, რომლის ახსნისთვისაც მოუხმობენ ხოლმე იგავს. ამიტომ იგავის ყველა ნაწილის დეტალური, ზედმიწევნითი განმარტება ყოველთვის არ არის საჭირო. ზოგჯერ გარკვეული ნაწილები იგავისა უნდა გამოვტოვოთ, უყურადღებოდ დავტოვოთ - ამ ნაწილების საღვთისმეტყველო მნიშვნელობის თვალსაზრისით, და ეს ნაწილები აღვიქვათ როგორც იგავის მხოლოდ შინაარსობრივი მახასიათებელი, სიუჟეტური ქსოვილის ის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც თვით ასახსნელ საგანთან და, მით უფრო, იგავის მთავარ სათქმელთან, არც უშუალო კავშირი აქვს და არც შესაბამისობაშია.

ასეა აქ, ამ იგავში, - განაგრძობს ნეტარი მამა, - თუკი ჩვენ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას გამოვიჩენთ და გამოვეკიდებით, ვთქვათ, იმის განმარტებას, თუ ვინ დაასმინა ეს მნე ან რატომ მართებს იმ მოვალეს მაინცდამაინც 100 და არა 200 კასრი ზეთი, ან მეორეს ხორბალი და არა ბრინჯი, და ა.შ. მაშინ უაღრესად დამძიმდება იგავის სათქმელი, გაგვიჭირდება ამ სათქმელამდე მისვლა და, იქნებ, ღიმილის მომგვრელი ახსნა-განმარტებაც კი შეგვრჩეს ხელში“.

ნეტარი მამის ამ შეხედულებას იზიარებს ბორის გლადკოვიც, რომელიც გვირჩევს, ნუ ჩავუკირკიტდებით ხოლმე უფლის იგავურ ალეგორიებს იქ, სადაც მხოლოდ მაგალითი ან ეპიზოდია აღბეჭდილი იუდეველთა ყოველდღიური ცხოვრებიდან.

რა თქმა უნდა, ნეტარი მამა თეოფილაქტე ბულგარელის შენიშვნა ყურადსაღებია და საგულისხმოც. თუმცა, „ორგული მნის“ განმარტებით ნაწილს, ვფიქრობ, ვერ და არც უნდა მოვაკლოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა კომენტატორისა თუ წმიდა მამის განმარტებანი, ხსენებული ორი მთავარი მიმართულების გათვალისწინებით.

 

იგავის ადრესატი

ვის უამბო უფალმა ეს იგავი? ამ შეკითხვაზეც სხვადასხვაობს პასუხი. ნეტარი თეოფილაქტე ამ საკითხს არ წამოჭრის, რადგან, უფლის სხვა იგავთა მსგავსად, ამ იგავის სათქმელიც, მისი აზრით, ყველასკენ არის მიმართული.

ამავეს გვიდასტურებს ეპისკოპოსი მიხეილიც. ეპისკოპოსი ყურადღებას მიაქცევს სახარების მე-16, თავის პირველ მუხლსა და მე-15 თავის პირველ-მესამე მუხლებს. საქმე ის არის, რომ მე-16 თავი „ორგული მნის“ იგავით იწყება, მე-15 თავში კი უფალი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ სამ იგავს ჰყვება: „დაკარგულ ცხვარზე“, „დაკარგულ დრაქმაზე“ და „უძღებ შვილზე“, რომლითაც სრულდება მე-15 თავი.

მე-15 თავის დასაწყისში წმიდა ლუკა მახარებელი შენიშნავს:

„და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა (უფლისას). და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა“ (ლუკა 15,1-3).

ამის შემდეგ უფალი „დაკარგული ცხვრის“ იგავის თხრობას შეუდგება. მე-16 თავის პირველ მუხლში, „უძღები შვილის“ იგავის დასრულებისთანავე, წმიდა ლუკა მახარებელი ამბობს: „და ეტყოდა მოწაფეთაცა“ - მოწაფეებსაც უამბობდაო, რასაც იმავე მუხლში „ორგული მნის“ იგავის თხრობა მოჰყვება. ეპისკოპოს მიხეილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უფლის ამ იგავს, მოწაფეების გარდა, ისმენდნენ სხვა მსმენელებიც - ყველა, ვინც მასთან იყო: მებაჟეებიც, ფარისევლებიც და მწიგნობრებიც.

ეპისკოპოს მიხეილს იგავის მთავარი სათქმელიც კარნახობს იმას, რომ ამ იგავის მსმენელად უფალი უთუოდ ყველას, ყველა ჯურის ცოდვილს გულისხმობდა. იგავიდან გამომდინარე, უფალი მათ აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, თუკი თავის საქმეს უპატიოსნოდ შეასრულებს, ბოროტად გამოიყენებს თავის მდგომარეობას და მოვალეობას.

ეს სათქმელი უპირველესად ყურად უნდა ეღოთ მებაჟეებს, - განმარტავს ეპისკოპოსი, - რადგან ისინი გამორჩენის მაძიებლები იყვნენ მუდამ, და, ჩვეულებრივ, არ თანაუგრძნობდნენ მოყვასს, იმას, ვისგანაც ბაჟს იღებდნენ, და გვერდით მყოფს ანგარებით ემსახურებოდნენ. ამდენად, უფლის შეგონება-გაფრთხილება ამხელს მანკიერებას, რომელსაც ვერცხლისმოყვარეობა და მომხვეჭელობა ჰქვია.

ამ იგავის მეორე სათქმელი ის არის, რომ აუცილებელია კეთილად გამოყენება იმისა, რაც ღმერთმა მოგანდო, ამქვეყნიური სიკეთის ღირსი გაგხადა და მისი პატრონობა ჩაგაბარა. ეს სათქმელი, ეპისკოპოს მიხეილის განმარტებით, უშუალოდ ფარისევლებისა და მწიგნობრებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, ანუ იმათკენ, ვინც ამ წუთისოფელში რჩეულთა შორის აღმოჩნდნენ თავიანთი ძალაუფლებით, სიმდიდრით, პატივითა და საქმიანობით.

რაც შეეხება იგავის მესამე სათქმელს, იგი იგავს მოდევნებული შეგონებით ცხადდება: „ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“ (ლუკა 16,13).

ამ შეგონებით უფალი გვასწავლის, რომ შეუძლებელია, ერთდროულად ვემსახუროთ ღმერთსაც და მამონასაც, ანუ სიმდიდრეს, ამსოფლური სიკეთის მომცემ საგნებს. ეს სათქმელი უშუალოდ მოწაფეების გასაგონად უნდა იყოსო ნათქვამი, - განაგრძობს ეპისკოპოსი მიხეილი, - თუმცა ფარისეველთა ჯიშის ადამიანებმაც უნდა იღონ ყურად ეს ბრძნული დარიგებაო.

ამ აზრს მთლიანად იზიარებს დეკანოზი ბუხარევი. ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს, რომ ხსენებული ოთხივე იგავი („დაკარგული ცხვარი“, „დაკარგული დრაქმა“, „უძღები შვილი“ და „ორგული მნე“) ერთსა და იმავე დღეს ითქვა უფლის მიერ და მას ერთი და იგივე მსმენელი ჰყავდა, კერძოდ, მებაჟეები, ცოდვილები, ფარისვვლები, მწიგნობრები და მოწაფეები.

ერთთა აზრით, მე-15 თავში არსებული სამი იგავი ცოდვილების, მებაჟეებისა და ფარისევლებისათვის ითქვა, ხოლო მეოთხე - „ორგული მნისა“ - მოწაფეებისთვის. ამას თავად წმიდა სახარება გვამცნობს, - შეგვახსენებენ კომენტატორები.

მეორეთა აზრით, ოთხივე იგავი ყველასთვის, ყველას გასაგონად ითქვა, ოღონდ პირველი სამი უშუალოდ იმ ცოდვილებისთვის, რომლებიც უკვე ხსნას ეძებდნენ, და ასეთნი მოიპოვებოდნენ ყველა ჯურის ცოდვილთა შორის - მებაჟეთა, ფარისეველთა და თვით მოწაფეთა შორისაც, იმ მოწაფეებს შორისაც, რომლებიც ჯერ კიდევ მოციქულები არ იყვნენ.

რაც შეეხება ფარისევლებს, ყველა ამ იგავს უფალი მათ საპასუხოდ ჰყვებაო, - დასძენენ იგივე კომენტატორები, - იმის პასუხად, რის გამოც ეს ვითომდა მართალნი და ძლიერნი ამა სოფლისანი დრტვინავდნენ და განიკითხავდნენ უფალს: ცოდვილებთან ჭამს და სვამს, ცოდვილებს შეიწყნარებსო (ლუკა 15,1-2).

„ორგული მნის“ იგავის თხრობის შემდეგ კვლავ ფარისეველთა გამო შენიშნავს წმიდა ლუკა მახარებელი:

„ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლისმიყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას“ (ლუკა 16,14).

როგორც ვხედავთ, ამ იგავის მოსმენის შემდეგაც დასცინოდნენ და განიკითხავდნენ ფარისევლები უფალს, და, მახარებლის თქმით, სწორედ იმ მიზეზით დასცინოდნენ, რომ ვერცხლისმოყვარენი იყვნენ.

მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც უფალმა იმ სამი იგავით შეამზადა ცოდვილები, „ორგული მნის“ იგავით იმავე ცოდვილებს მიუთითა გზასა და საშუალებებზე, რითაც ისინი საკუთარი გადარჩენის უმძიმეს საქმეს უნდა შესდგომოდნენ.

მესამე ნაწილი კომენტატორებისა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ წმიდა მახარებლის მიერ საგანგებოდ არის მონიშნული ადრესატი - მოწაფეები. ამ კომენტატორთა თქმით, იგავის სათქმელის მართებულად წვდომისთვის ამ საგანგებო შენიშვნას, განმსაზღვრელი თუ არა, გარკვეული მნიშვნელობა მაინც ენიჭება, ვინაიდან უფლისმიერი სწავლება, როგორც წესი, უმთავრესად სწორედ მისი მოწაფეებისაკენ იყო მიმართელი, ანუ იმათკენ, რომლებიც მსმენელთა შორის გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ და მეტი გულისყურითაც ისმენდნენ თავიანთი მოძღვრის იგავს - უფლის სიტყვას.

ასეა თუ ისე, ერთი რამ უეჭველია - „ორგული მნის“ იგავი ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, არის თქმული და ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა მივაპყროთ ჩვენი გონებისთვალიცა და გულისყურიც მის შინაარს, შეგონებასა და სათქმელს.

 

„კაცი ვინმე მდიდარი“

„ორგული მნისა“ და „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავთა დასაწყისი სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ორივეგან ვკითხულობთ: კაცი ვინმე იყო მდიდარი.

„უგუნური მდიდრის“ იგავის დასაწყისიც ამის მსგავსია: კაცისა ვისიმე მდიდრისა ნაყოფიერ იყო აგარაკი.

როგორც ვხედავთ, სამივე იგავმი მდიდარი კაცის ცხოვრების რომელიღაც ეპიზოდი აისახება, მაგრამ „ორგული მნის“ იგავში მდიდარი კაცის იგავური სახე, თავისი საღვთისმეტვველო შინაარსით, იმ ორისაგან განსხვავდება.

„მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავში, როგორც „უგუნურ მდიდარში“, მდიდარი კაცი ვერცხლისმოყვარეობით, ურწმუნოებით, უგუნურებით, სიხარბითა და სიძუნწით პყრობილი ადამიანის იგავური სახეა. „ორგული მნის“ იგავში კი კაცი ვინმე მდიდარი გამოხატავს ღმერთს, ყოვლის შემოქმედს, რომლის ხელშია ყოველი სიკეთე. ამ სიკეთეს იგი თავისი სიბრძნითა და წყალობით გვინაწილებს. ასე მიანდო თავისი ქონება მდიდარმა კაცმა მნეს, ანუ მოურავს, და მისცა ნიჭი, მადლი, ძალაუფლება, სიმდიდრე და ა.შ.

იგავის დასაწყისშივე უფალი თხრობისას რამდენიმე იგავურ უწყებას, ე.წ. იგავურ ინფორმაციას გვაწვდის მნეზე: ჯერ ერთი, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ მოეპოვება საკუთარი ქონება. სიმდიდრე და ქონება, რომელიც მასზეა მინდობილი, ეკუთვნის მდიდარ პატრონს, და არა თავად მას.

მაშასადამე, უფალი იგავურად შეგვაგონებს, რომ ადამიანს საკუთარი არაფერი მოეპოვება - ყოველივე ღვთისგან გვაქვს და ღვთის კუთვნილებაა. როგორც მნეს ევალება პატრონისგან მიბარებული ქონების მოვლა-პატრონობა, ამ ქონების გულმოდგინედ და პატიოსნად მოხმარება-გამოყენება, ჩვენც ასევე კეთილად უნდა მოვიხმაროთ ყოველივე, რაც გაჩენის დღიდან გვეძლევა.

ასევე მიაბარა მთელი თავისი ქონება პატრონმა თავის მონებს „ტალანტების“ იგავში, ასევე ერგო უძღებ შვილს მამისაგან სამკვიდრებლის ნაწილი, ასევე გადაეცათ ვენახი სამუშაკოდ მევენახეებს ვენახის პატრონისგან. ყველა ამ შემთხვევაში ჩვენი უფალი მზრუნველობას იჩენს და იგავურად გვარიგებს, რომ ყოველი საქმე, საგანი თუ უნარი ღვთის წყალობითა და მეოხებით მოგვეპოვება. ამის დასტურად იგავში ვკითხულობთ:

„კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელს ესუა მნე და ესე შეასმინეს მას ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი“ - მისი ანუ მდიდრის ქონება განაბნიაო.

 

მნეობის ინსტიტუტი: მნე და მნეობა

მოვალეთა სოციალური სტატუსის გასარკვევად ერთ-ერთი კომენტატორი დაწვრილებით გვაცნობს იჯარით (არენდით) გაცემის იმჟამინდელ იურიდიულ კანონს, მნეობის ინსტიტუტის იმ პრინციპებს, რომლებიც უფალი იესო ქრისტეს დროს მოქმედებდა.

წმიდა ბიბლიის წიგნებში არაერთგზის არის შენიშნული, რომ ებრაელთა შორის განსაკუთრებული ძალით ბატონობდა ვნება ანგარებისა და მომხვეჭელობისა. სხვადასხვა უმსგავსო საშუალებას შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ვაჭრობითა და მევახშეობით გამდიდრება. ხუთი ტალანტი რომ ხუთს მოიგებდა, ეს არ იყო გასაკვირი ებრაელისთვის: მას სურდა, ერთს - ათი მოეგო (ეს მაგალითი უფლის ორი იგავის გათვალისწინებით არის მოხმობილი - „ტალანტებზე“ და „ათ მნაზე“).

როდესაც მევახშე ან იჯარის გამცემი ხელწერილს ან გირაოს შეადგენდა, ვახშის ამღებსა თუ მეიჯარეს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა თავდები. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუკი მოვალის ან მეიჯარის (არენდატორის) ქონება არ დაფარავდა ვალს, მევალეს, მევახშესა თუ იჯარის გამცემს უფლება ჰქონდა, ციხეში გამოემწყვდია თავისი მოვალე ან მთელი მისი ოჯახი საკუთარ მონებად ექცია.

გარდა ამისა, რომის იმპერიაში ებრაელ ხალხს ერთდროულად ავიწროებდა:

ამგვარ საგადასახადო წნეხს მხოლოდ ერთეულები აღწევდნენ თავს. მდიდარი ოჯახები იმხანად აღმოსავლური განცხრომითა და ფუფუნებით ცხოვრობდნენ. მათ იერუსალიმელ თავადებს ეძახდნენ, რადგან ეს „ძლიერნი ამა სოფლისანი“, როგორც წესი, იერუსალიმში ცხოვრობდნენ. ისინი მდიდრული სასახლეების მფლობელნი იყვნენ და ქალაქგარეთაც ჰქონდათ აგარაკები. მათს ქონებას ასევე შეადგენდა მამულები ქვეყნის საუკეთესო ნაწილებში - სახნავ-სათესი, ვენახები, ზეთისხილის ბაღები.

თუმცა ამ მდიდართა შემოსავლის მთავარი წყარო ვაჭრობა იყო, ასევე წარმოებაც სხვადასხვა პროდუქტისა თუ ნივთიერებისა (მაგალითად, ნელსაცხებლებისა). მათს ხომალდებს ქვეყნიერების ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდათ უიშვიათესი ნივთები, სურსათი, ხილი. ამიტომ მათ თითქმის ყველა ზღვისპირა ქალაქში ჰქონდათ საკუთარი საცავები, ბეღლები, ბანკები, სააგენტოებიც. თავად კი, პორფირსა და ბისონში გამოწყობილნი, ნადირობასა და განცხრომას ეძლეოდნენ, როგორც ეს „მდიდარი და გლახაკი ლაზარეს“ იგავშია. დიახ, მოცლილობა იყო მათი მთავარი საქმიანობა, რადგან ვაჭრობასა და სხვა საქმეებს უძღვებოდნენ მნეები, ანუ მოურავები.

ამიტომ მსესხებლებსა და მეიჯარეებთან უშუალო კავშირი მნეს ჰქონდა. მნე თუ მოურავი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამორჩეული მეურნე, გამოცდილი და ერთგული, რომელსაც ქონების პატრონი მიენდობოდა და დამშვიდებული გულით ჩააბარებდა თავის სარჩო-საბადებელს. მნე ასრულებდა ყველა გარიგებასა და სამეურნეო სამუშაოს: იგი დებდა კონტრაქტებს, აწერინებდა ხელწერილებს, თვითონვე გასცემდა სესხს და იჯარას, და თავადვე კრეფდა ასაღებ ვალებს. ფულის თვლა მეტად დამამცირებელი იყო მდიდარი მეპატრონისთვის და, ამ მიზეზით, ფულსაც მნეები ინახავდნენ. მდიდარი მეპატრონე მარტო ფასს ადებდა ყოველივეს, მნე კი, ჩვეულებრივ, უფრო ძვირად ყიდდა ან გასცემდა იჯარით. ნატურით, სურსათის სახით დაბრუნებულ ვალს მნე ნაღდი ფულით წარუდგენდა ხოლმე პატრონს, რადგან სურსათსაც ძვირად ყიდდა და ეს სხვაობაც, „ნამატის“, მოგების სახით, თვითონ რჩებოდა.

აი რა დიდი საცდურის წინაშე იყვნენ მნეები და მოურავები იმ დროს, როცა ჩვენი უფალი „ორგული მნის“ იგავს ჰყვებოდა. და ეს, რაღა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ იგავის მსმენელებმაც. იგავის სიუჟეტური თხრობა მათთვის ნაცნობ სოციალურ ფონზე იშლებოდა, რაც ჩვენთვის მხოლოდ ისტორიული რეალობაა.

დღეს ამიტომაც არის აუცილებელი ამ ფონის გათვალისწინება, რათა დაუბრკოლებლად აღვიქვათ იგავის შინაარსი, ის ელემენტარული იგავური სიუჟეტი, სადაც უფალმა თავისი იდუმალი, ღვთაებრივი სათქმელი ჩააქსოვა.

იგავში მნეობა, ანუ მოურავობა, პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს. ჩვენი უფალი ამ დროსაც მზრუნველობას იჩენს და იგავურად გვაფრთხილებს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სხვის ქონებას, რომელიც ზეციერმა პატრონმა ჩაგვაბარა. მნე დროებითი მფლობელია ქონებისა. მართალია, იგი განაგებს ამ ქონებას, მაგრამ მნეს აქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა ამ ქონების ნამდვილი პატრონის წინაშე. მნე დამოუკიდებელი მფლობელი არ არის და არც პატრონს გაუთავისუფლებია ანგარიშისა და პასუხისმგებლობისაგან. სამნეო საქმე - მოურავობა მას ავალდებულებს, უპატრონოს, მოუაროს ამ სხვის ქონებას, რომელიც მხოლოდ დროებით ჩააბარეს, განსაზღვრული ვადით აღმოჩნდა მის ხელში უზენაესი პატრონის წყალობით - იგავის მიხედვით, მდიდარი კაცის ნებით.

შენიშნავენ, რომ მნე ამ იგავში არ არის მონა, როგორც ეს „ტალანტების“ იგავშია, არც დაქირავებული მუშაკია, „ბოროტი მევენახეებისა“ და „ვენახის მუშაკების“ იგავების მსგავსად, არც მემკვიდრეა და არც შვილია უძღები შვილივით, არამედ - თავისუფალი ადამიანია. მას შემდეგ, რაც მნეობას ჩამოართმევენ, მას შეუძლია სხვასთან გადავიდეს. თუმცა ეს მოსაზრება წმიდა მამათაგან არ მიიღება მხედველობაში. მათი თქმით, თავისუფალი ყმაა ეს მნე, მონაა თუ დაქირავებული - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა „ორგული მნის“ იგავის სათქმელის ძიებისას.

ეპისკოპოსი მიხეილი შეგვახსენებს აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ ზედამხედველობის ინსტიტუტს და შენიშნავს, რომ დიდძალი ქონების პატრონისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო გამოცდილება და ერთგულება სამნეოდ გამზადებული კაცისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მნის ერთგულებასა და გონიერებაზე ეკიდა პატრონის ქონებაც და ცხოვრებაც.

იგავიდან ჩანს, რომ მნე თავიდან სწორედ თავისი გამოცდილებისა და პატიოსნების გამო იმსახურა მდიდარმა კაცმა, რაკი თავისი ქონება მას ჩააბარა. მხოლოდ დაბეზღების შემდეგ გამჟღავნდა, რომ მნე თვალთმაქცობდა - იგი ორგული აღმოჩნდა. უფალი ამ იგავში ააშკარავებს მნის ორგულობასა და არაკეთილსინდისიერებას, რადგან მან ბოროტად გამოიყენა პატრონის ნდობა.

მნესთან დაკავშირებით იმასაც აზუსტებენ, რომ „ორგული მნის“ იგავში საგანგებოდ არის გამოყვანილი სწორედ მნე, მოურავი, და არა, ვთქვათ, მამასახლისი (რუს. Староста). მამასახლისისგან განსხვავებით, მნეს ებარა ფულის, პროდუქტებისა და სხვა სამეურნეო ქონების მართვა-განაწილება. დღეს მნეს იკონომოსსაც ვეძახით, რასაც გარკვეულწილად ადმინისტრატორობაც შეესაბამება.

მნე უფლის სხვა იგავებშიც გვხვდება, მაგალითად, „სარწმუნო და გონიერი მნის“ იგავში (ლუკა 12,42-48), სადაც ასევე ესმება ხაზი მნის ერთგულებასა და გონიერებას, ანუ პასუხისმგებლობასა და სიბრძნეს, ყოველგვარ საქმეში, განსაკუთრებით კი სულის ცხონების დიდებულ საქმეში.

წმიდა პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ასევე მიმართავს ამ იგავურ სახეს - მნეს. წმიდა მოციქულის თქმით, ქრისტეს მსახური სანდო და ერთგული მნესავით უნდა იყოს ღვთის საიდუმლოთა აღმსრულებელი: „ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს“ (I კორინთელთა მიმართ 4,1-2). წმიდა მოციქული ამ იგავურ სახეს ხსენებული „სარწმუნო და გონიერი მნის“ იგავიდან სესხულობს და ამბობს, რომ ქრისტიანს, მნის მსგავსად, ნდობის გამართლება მოეთხოვება ღვთის წინაშე.

ეს იგავური სახე - სარწმუნო და გონიერი მნე - ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში აღბეჭდავს უანგაროდ, თავდადებითა და ერთგულებით მომსახურე ქრისტიანს, რომელსაც ღვთის დიდი წყალობა მიუღია და მრავალგვარი ნიჭის მქონეა. „ემსახურეთ ერთმანეთს იმ მადლითა და წყალობით, რომელიც თითოეულ თქვენგანს მიუღია, ისე ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც „კეთილი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი“ (I პეტრე 4,10) - გვმოძღვრავს წმიდა პეტრე მოციქული, წმიდა პავლე მოციქული მაღალი სასულიერო იერარქიის გამო გვიბრძანებს: „ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ“  (ტიტეს მიმართ 1,7).

მნის მოვალეობის საღვთისმეტყველო მნიშვნელობას შეგვახსენებს ძველაღთქმისეული ეპიზოდი იოსების ზედამხედველობის შესახებ. ძმებისგან განწირული და ტყვედ გაყიდული იოსები ეგვიპტეში მოხვდა. ფარაონის კარისკაცმა, ფოტიფარმა „დაინახა, რომ უფალი იყო იოსებთან, - ვკითხულობთ „დაბადების“ 39-ე თავში, - და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი. პოვა იოსებმა მადლი მის თვალში და გახდა იოსები მისი მსახური. დაადგინა იგი ბატონმა (ესე იგი, ფოტიფარმა) თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი ჩააბარა. იოსების გამო უფლის კურთხევა იყო მთელ ამ სახლზე და ყველაფერზე, რაც კი ებადა ეგვიპტელ კარისკაცს შინ და გარეთ. ფოტიფარმა მთელი თავისი საბადებელი იოსებს მიანდო, - გვაუწყებს წმიდა ბიბლია, - თავად კი უზრუნველად იყო, ვიდრე იოსები იყო მასთან“ (დაბადება 39,1-5).

სწორედ იოსების გონიერებამ, სიბრძნემ, გამჭრიახობამ და ერთგულებამ გახადა ეს ებრაელი ტყვე ჭაბუკი მთელი ეგვიპტის განმგებლად. „მასთან იყო ღმერთიო“, - ამას რამდენჯერმე იმეორებს წმიდა ბიბლია იოსებთან დაკავშირებით.

როდესაც იოსებმა ფარაონს სიზმრები აუსსნა, ურჩია, ბრძენი კაცი დაენიშნა ეგვიპტის განმგებლად, რომ ხორბლის დიდძალი მარაგი შეენახა და მოუსავლიანობის წლებში ქვეყანა შიმშილისგან გადარჩენილიყო. მაგრამ ფარაონმა იოსებს უთხრა: შენზე გონიერი და ბრძენი ჯერ არავინ მინახავს. შენ იქნები ჩემი სახლის ბატონ-პატრონი და მთელი ჩემი საბრძანებელი შენს სიტყვას აღასრულებს, მხოლოდღა ტახტით დავრჩები შენზე მაღლა, - ეს თქვა ფარაონმა და აღასრულა კიდეც.

იოსების გონიერებისა და სიბრძნის წყარო მისი წრფელი, ჭეშმარიტი რწმენაა ღვთისადმი. ხორბალს, პურს, ანუ საზრდოს, იოსები ბრძნულად განაგებს და დროულად, პატიოსნად არიგებს და ანაწილებს მასზე მინდობილ საქვეყნო ქონებას.

ელეაზარიც გონივრულად განაგებს აბრაამის დიდძალ ქონებას (დაბადება 24,2-12). სწორედ ელეაზარს ანდობს აბრაამი თავისი ერთადერთი ვაჟის, ისაკის, დაქორწინებას და ერთგული განმგებელიც პირნათლად აღასრულებს თავისი პატრონის სურვილს.

ასე რომ, მნის ხელშია საზრდო და სარჩო-საბადებელი პატრონისა, ანუ საარსებო წყარო ოჯახისა, ასევე მას - მნეს ეკისრება, გაანაწილოს საზრდო, პური არსობისა. თუმცა იმხანად ამ საქმეს დიასახლისიც ასრულებდა. აი რას ამბობს სოლომონ ბრძენი:

„ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება. მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს და არა ბოროტებას. ის ეძებს მატყლსა და სელს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელებით; სავაჭრო ხომალდების მსგავსად შორიდან მოაქვს თავისი პური. ჯერ კიდევ ღამიანად დგება და სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს“ (იგავნი სოლომონისა 31,10-15).

ყველა ეს მაგალითი გვარწმუნებს, რომ ერთგულება და გონიერება ზნეობრიობის განმსაზღვრელია. ყოველმა კაცმა თავისი ვალი მართებულად, კეთილად, ღვთისათვის მოსაწონად უნდა აღასრულოს.

მაგრამ „ორგული მნის“ იგავში მნე პატრონს უორგულებს. მას პატრონთან დააბეზღებენ, შენს ქონებას ანიავებსო.

 

„ესე შეასმინეს“

„ორგული მნის“ იგავში მნის ორგულობას პატრონი სხვებისაგან შეიტყობს:

„ესე (მნე) შეასმინეს“ და მდიდარ კაცს აუწყეს: განაბნია ნაყოფი შენიო (ლუკა 16,1) - შენი ქონება გაფლანგა, გააჩანაგაო.

ნაყოფის განბნევა, გაფლანგვა-გაჩანაგება, ცხადია, იმის მანიშნებელია, რომ მნემ უმართებულოდ, არასწორად უპატრონა მასზე მინდობილ ქონებას, ზარალი მიაყენა მას, ბოროტად გამოიყენა ღვთის წყალობით მონიჭებული წარმატებული მდგომარეობა. პატრონის გარდა, იგი თავის გვერდით მყოფსაც უსამართლოდ მოექცა, არც მოყვასს ემსახურა ერთგულად, პირიქით, შეავიწროვა იგი, გამოძალვითა და თვალთმაქცობით პატრონის მოვალეებისგანაც ისარგებლა და საკუთარ გასამრჯელოს ამ გზით გაუჩინა „ნამატი“ - ზედმეტი, თვითდაწესებული ანაზღაურება, რასაც დღეს უკანონო შემოსავალს ვეძახით. ყოველივე ამით ორგულმა მნემ საკუთარ თავს განუმზადა საფრთხე, და, როგორც იგავიდან ვიგებთ, საფრთხემ მართლაც არ დაახანა.

განმარტავენ, რომ ეს მნე სხვის ქონებას არც ფლანგავს, არც აჩანაგებს და არც გაკოტრებამდე მიჰყავს პატრონი, არამედ ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობს ამ თავისი „დანამატებით“, უკანონო შემოსავლებით. საკუთარი ქონების გაჩანაგებასა და გაკოტრებას, ამავე კომენტატორის თქმით, პატრონი თვითონაც შეამჩნევდა. მნე კი დაასმინეს, მხოლოდ დასმენის შემდეგ აეხადა ფარდა მის უკეთურობასა და უპატიოსნობას. გარდა ამისა, დამსმენებს, როგორც ჩანს, მნის სწორედ ფუფუნება-განცხრომა მოხვდათ თვალში: მათ დაინახეს, რომ მნის ცხოვრების წესი ისეთი იყო, რომელსაც კანონიერი შემოსავლებით ვერ გასწვდებოდა, და დასკვნაც იოლად გამოიტანეს - მნეს შემოსავლის სხვა წყარო გასჩენია, ალბათ პატრონის ქონება გააჩანაგაო.

რა მნიშვნელობას იძენს იგავში დასმენა? შეასმინესო - ვკითხულობთ წმიდა სახარებაში. ძველ ქართულ შესმენას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: უპირველესად „გაგონებას“ ნიშნავს: „შეესმნნეს კადრებანი შენნი“ - ასე მიმართავს უფლის ანგელოზი წმიდა საკურთხეველში მდგომ ზაქარიას და იმას აუწყებს, რომ ღმერთმა შეისმინა, ესე იგი, გაიგონა მისი ლოცვა-ვედრება. ანგელოზმა სიხარულით აუწყა, რომ ელისაბედი, ზაქარიას ცოლი, შობდა ძეს, რომელსაც იოანეს დაარქმევდნენ სახელად (ლუკა თ.1).

შეპყრობილი იესოს გამო პილატე იუდეველებს ეკითხება: „რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამის ზედა?“ - რას უჩივით ამ კაცს, რა ბრალს სდებთო? „შესმენის“ მეორე მნიშვნელობაც სწორედ ეს არის - „ჩივილი“, მაგრამ ის „დაბეზღებასაც“ ნიშნავს, და ახალ ქართულ თარგმანშიც, კერძოდ, „ორგული მნის“ იგავში, სწორედ ამ მნიშვნელობით არის გადმოტანილი: მნე პატრონთან „დააბეზღესო“.

დაბეზღებაც და დასმენაც უზნეობაა, გაცემის, ღალატის ტოლფასია. „ცილისწამება“ დაბეზღებაზე მძიმე ცოდვაა: „არა ცილი სწამო“, - წერია ერთ-ერთ მცნებაში. „ცილისწამება“ იმ მიზეზით გავიხსენეთ, რომ „ორგული მნის“ სლავურ თარგმანშია оклеветать - ანუ „ცილისწამება“, რუსულში კი ნათქვამია: „на которого донесено было ему“ - რუს. донесено „დაბეზღებაა“.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი საგანგებო განმარტებას გვაწვდის დაბეზღებასთან დაკავშირებით დაბეზღება, მისი თქმით, იმიტომ უნდა იყოს აქ ნახესენები, რომ ამბის მიტანა აშკარად, მხილების გზით არ აღსრულდა. შემსმენლებმა პატრონის წინაშე კი არ ამხილეს ორგული მნე, არამედ საიდუმლოდ შეატყობინეს, ყურში ჩასჩურჩულეს: იცოდე, შენმა მნემ შენი ქონება გაფლანგაო. ასე რომ, სლავურ თარგმანში არსებული „ცილისწამება“ (оклеветать) მთლად მართებული არ უნდა იყოსო, - შენიშნავს ერთერთი კომენტატორი.

ამ მუხლის განმარტებისას კომენტატორებიც და წმიდა მამებიც თითქმის ერთხმად ბრძანებენ, რომ შემსმენლები უფრო ამბის მაუწყებელნი არიან, ვიდრე დამბეზღებლები. ისინი არც ცილს სწამებენ და არც ბრალს სდებენ მნეს, ქონების პატრონს მხოლოდ სინამდვილეში მომხდარს აუწყებენ, იმას აცნობებენ, რაც მისმა მნემ ჩაიდინა - ის ხომ მართლაც ატყუებდა და თვალთმაქცობდა პატრონის წინაშე.

ამ მიზეზით იხსენიებს უფალი იესო იგავში ამ მნეს სიცრუის მნედ, ანუ „უსამართლო, ორგულ, თვალთმაქც, მზაკვარ და ურჯულო“ მნედ. გავიხსენოთ, რომ სატანა, ეშმაკი (diablo) აპოკალიფსური შემსმენელია: „გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაი, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე“, - ვკითხულობთ „იოანეს გამოცხადების“ წიგნში (12,10). ეს შემსმენელი გამუდმებით გვდებს ბრალს ღვთის წინაშე, იგი, ასე ვთქვათ, თავს იწონებს, რომ ჩვენ - კაცთა მოდგმა, ცოდვებს ჩავდივართ და განა ეს სიმართლე არ არის? განა მართლაც ცოდვებს არ ჩავდივართ? სწორედ ჩვენი ცოდვათქნადობა აძლევს ეშმაკს საფუძველს იმისათვის, რომ ხელი ჩვენკენ გამოიშვიროს, ბრალი დაგვდოს და დაასაბუთოს კიდეც ჩვენი ჯოჯოხეთში მკვიდრობის აუცილებლობა.

დანიელის წინასწარმეტყველებაც გავიხსენოთ. ქალდეველებმა სამი იუდეველი ყმაწვილი დაასმინეს, ჩვენს კერპებს თაყვანს არ სცემენო (დანიელი 3,8). განა ეს ქალდეველები ტყუოდნენ? ეს სამი იუდეველი ყმაწვილი მართლაც არ სცემდა თაყვანს უცხო კერპებს? სწორედ ასევე არ დასწამეს ცილი დანიელსაც, არამედ მბრძანებელს აუწყეს, რომ იგი თავრსი ღვთის წინაშე მუხლმოყრილი ლოცულობდა (დანიელი 6,24). ესეც მართალი იყო, დანიელი მართლაც არღვევდა ბაბილონელთა მეფის ბრძანებას!

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ამ დამბეზღებლებისა თუ დამსმენლების განზრახვა და გამიზნულობა, რის გამოც მათ, ცხადია, „მართლებს“ ვერ ვუწოდებთ. სატანაც და ეს ქალდაეველებიც თავიანთი ბოროტი განზრახვით არიან დამბეზღებლები, შემსმენლები.

„ორგული მნის“ იგავში საქმე სხვაგვარადაა. აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორი განზრახვით მოვიდნენ მდიდარ პატრონთან შემსმენლები, არამედ ის, რომ მნისადმი წაყენებული ბრალდება საფუძვლიანია, რადგან მან მართლაც განაბნია მდიდარი კაცის კუთვნილი ქონება.

მეორე მხრივ, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, დეკანოზი ბუხარევი, ეპისკოპოსი მიხეილი და სხვა კომენტატორებიც გვირჩევენ, რომ უფლის იგავის კირკიტა მკითხველებად არ ვიქცეთ და განურჩევლად ყველა იგავურ პასაჟსა თუ დეტალს არ ჩავეძიოთ. ასეა ამ შემთხვევაშიც, იგავში არ არის მინიშნებული, თუ ვინ არიან ეს შემსმენლები და დამბეზღებლები ან რა განზრახვა ამოძრავებთ და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი - შეატყობინეს იმ მდიდარ კაცს, რომ მისი ქონება გაფლანგაო, მხოლოდ ეს არის ნათქვამი. იმასაც დავუკვირდეთ, რომ შემსმენლები არ ამბობენ - განაბნევს ან ფლანგავსო, არამედ ამ მნის ორგულობის ბოროტი ნაყოფის გამო ატეხენ განგაშს - უკვე განაბნია, გაფლანგა, გაგაკოტრაო!

 

შემსმენლები

ვინ არიან ისინი, რომლებმაც შეასმინეს ეს მნე - როგორც იგავშია ნათქვამი?

ასტრახანისა და კავკასიის არქიეპისკოპოსი და კავალერი სილვესტრი, რომელიც XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ამბობს, რომ ჩვენი ცოდვების მაუწყებელი და განმცხადებელი ღვთის წინაშე უპირველესად ჩვენივე ცოდვათქმნადობაა. ჩვენი ცოდვები კაენისგან მოკლული უცოდველი აბელის სისხლივით შეჰღაღადებენ ზეცას და ღვთიურ შურისგებას ითხოვენ. დიახ, ისევ ცისა და მიწის შემაგინებელი ჩვენი უმსგავსო საქმეები გვაბეზღებენ უფლის წინაშე და თავადვე აწვდიან იმის უტყუარ საბუთს, რომ შეურაცხვყოთ, ვფლანგავთ და განვაბნევთ ღვთის წყალობით ბოძებულ სიმდიდრეს, ქონებას, ნიჭს, მადლსა და სიკეთეს.

ჩვენი ცოდვების მაუწყებელნი ცის ანგელოზებიც არიან, ვითარცა ღვთის მსახური სულები, რომლებიც ჩვენს საოხად, შეწევნად და საკურნებლად მოივლინებიან ზეციდან. მათ ჩვენი შუამდგომლების წმინდა ლოცვები მიაქვთ ზეცაში, მაგრამ ჩვენ ურჯულოებას, ცოდვებსა და უკეთურებასაც გააცხადებენ ხოლმე ღვთის წინაშე. როგორც ვიცით, ანგელოზი მაუწყებელს ნიშნავს. გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი წმიდა ბიბლიიდან.

დანიელ წინასწარმეტყველმა ბოლოჟამის ხილვა იხილა, შეძრწუნებულს ხმა მოესმა, წმიდა გაბრიელ მთავარანგელოზს რომ უთხრა: „გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!“ (დანიელის წინასწარმეტყველება 8,16). მთავარანგელოზმა დანიელს ყოველივე აუხსნა, თან გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვა, რაც იხილა და გაიგონა, რადგან შორეულ დღეებს შეეხებოდა (იქვე, 8,26).

ტობითის წიგნში წმიდა რაფაელ მთავარანგელოზი მფარველობს მოგზაურობაში მყოფ ყმაწვილს ტობიას, ტობითის ძეს, მის ცოლსა და მამას. ის ტობითს განკურნავს და ვერცხლსაც გაუჩენს. წმიდა რაფაელ მთავარანგელოზი დიდებული, სწორედ რომ ღვთაებრივი დარიგებით მიმართავს მამასა და შვილს, რომლებმაც მადლიერება გამოხატეს მის მიმართ. იგი ამბობს:

„კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ. სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან, ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან“ (ტობითი 12,6-10).

წმიდა რაფაელ მთავარანგელოზი მამა-შვილის სათნოებებს იხსენებს და ტობითს ეუბნება: „როცა ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს (ტობითი სიცოცხლის ფასად ღამით, ჩუმად მარხავდა გარდაცვლილ ებრაელებს), მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი. რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე“ (ტობითი 12,12-15) - ასე დაასრულებს თავის გამოცხადებას წმიდა მთავარანგელოზი რაფაელი.

როგორც დავრწმუნდით, წმიდანთა ლოცვებს ანგელოზები აღავლენენ უფლის წინაშე, ისინი გვმფარველობენ, მათ სიხარულით მიაქვთ უფალ ღმერთთან უწყება ჩვენს სათნოებაზე, მაგრამ ჩვენს ცოდვებს დამწუხრებულნი აუწყებენ.

ასე რომ, „ორგული მნის“ იგავში ნათქვამი შეასმინეს ანგელოზთა მიერ ღმერთთან მიტანილ უწყებას უნდა გამოხატავდეს იგავურად. არქიეპისკოპოსი სილვესტრი შენიშნავს, რომ ჩვენს ცოდვებს ბოროტი სულებიც განუცხადებენ ხოლმე ღმერთს. რა თქმა უნდა, ანგელოზთაგან განსხვავებით, ისინი სიხარულითა და ყიჟინით ამცნობენ უფალ ღმერთს ამას, რადგან დრტვინვა და ცილისწამება ხომ სწორედ მათი ხელობააო, - დასძენს არქიეპისკოპოსი.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უფალი ღმერთი ყოვლისმხილველი, ყოვლისმცოდნე და ყოველთა გულთა მეცნიერია! იერემიას წინასწარმეტყველების წიგნში მოგვესმის იერემიას მიმართ ნათქვამი უფლის სიტყვა:

„უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს“ (იერემიას წინასწარმეტყველება 17,9-10).

წმიდა მოციქული პავლე უფლის ყოვლისმხილველობაზე გვიბრძანებს: „არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრაელთა მიმართ 4,13). თავად უფალი იესო ქრისტე გვიმოწმებს, რომ მისგან „არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს“ (მათე 10,26).

აი რა უნდა ვიგულისხმოთ და რას ნიშნავს „ორგული მნის“ იგავში ნათქვამი: ესე შეასმინეს მას, ვითარცა განაბნია ნაყოფი მისი.

ამგვარი უწყების შემდეგ, ბუნებრივია, მდიდარ პატრონს თავისთან უნდა ეხმო შერცხვენილი და სულწარწყმედილი მნე.

1  2  3  4  5