მოგვთა თაყვანისცემა

იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა,
დღეთა ჰეროდე მეფისათა. აჰა, მოგუნი
აღმოსავალით მოვიდეს იერუსალემად.

ღვთაებრივი ყრმის დიდება წყვდიადში, ქვაბულსა და ბაგაში არ დარჩენილა და მხოლოდ ბეთლემის მინდორი არ გამოხმაურებია ბაგაში მწოლიარეს, მარტო ღატაკი მწყემსებისთვის არ გამხდარა საცნაური დიდება ღვთისა; ისინი მხოლოდ პირველი რჩეულები იყვნენ, მაჩვენებელნი იმ გზისა, რომელსაც ნათლისაკენ მივყავართ. ქრისტე მხსნელის ცნობითა და აღიარებით სასწაული აღსრულდა: ყოველმა ქმნილმა შობილ უფალს საჩუქარი მიართვა: ანეგლოსებმა - გალობა, ზეცამ - ვარსკვლავი, მწყემსებმა - სასწაული, მოგვებმა - საჩუქრები, მიწამ - ქვაბული, უდაბნომ - ბაგაბ, ადამიანებმა - დედა ქალწული, წარმართობამ - ქრისტიანული საწყისი - მოგვების სახით. ასე გამობრწყინდა ღვთიური ძალა კაცობრიობის ახლადშობილი მხსნელისაგან.

ქრისტეს შობამდე ბეთლემის აღმოსავლეთით სასწაულებრივი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელშიც ქალდეველმა მოგვებმა ჩვ. წ-მდე 1450 წელს წინასწარმეტყველ ბალაამის მიერ უწყებული იაკობის ვარსკვლავი იცნეს. ამ წინასწარმეტყველების გამო მთელ აღმოსავლეთში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული რწმენა, რომ იუდეაში იშობა დიდი მეფე, რომელიც მთელ ქვეყანაზე გაბატონდება და რომ მისი შობა არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩინებით იქნება ნაუწყები.

როგორც კი ეს საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც თავისი მოძრაობით ზეციურ მნათობთა საერთო კანონს არ ემორჩილებოდა, აღმოსავლელი ასტრონომები დანიელის წინასწარმეტყველებასთან შეპირისპირებით მიხვდნენ, რომ ის ღვთიური მეფის მოსალოდნელ შობაზე მიანიშნებდა. ეს ბრძენთაგან რჩეულნი იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რომ ეპოვათ ქვეყნიერების მეუფე და თაყვანი ეცათ მისთვის.

გადმოცემის მიხედვით, მოგვები იყვნენ მეფეები, ან რჩეული წინამძღოლები სპარსეთიდან - სამი ასაკის და სამი მოდგმისანი. მელქიორი - მოხუცებული - სემის შთამომავალი, გასპარი - უწვერული და ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი - ქამის შთამომავალი  და ბალთაზარი - მოწიფულობაში ახლად ფეხშედგმული კაცი - იაფეთის შავგრემანი შთამომავალი. მათ მოგვები - მაგები ეწოდებათ არა იმიტომ, რომ მაგიით ან ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი, არამედ იმიტომ, რომ სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ამგვარად ეძახდნენ ბუნების ბრძენ მეთვალყურეებს, ვარსკვლავიანი ცის უჩვეულო მეცნიერების მკვლევარებს.

თავიანთი აყვავებული ქვეყნის დატოვების შემდეგ მოგვები დიდხანს მოგზაურობდნენ პალესტინის უდაბნოს ქვიშიან გზაზე; რადგან ისინი ბეთლემში ქრისტეს დაბადებიდან მოკლე დროში მოვიდნენ, ივარაუდება, რომ ვარსკვლავი მაცხოვრის შობამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა. როგორც წმინდა მამები მიიჩნევენ, ეს ზუსტად ხარების დღეს და საათს მოხდა. მთელი დროის განმავლობაში მათ წინ უძღოდათ გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი, - როგორც ოდესღაც ნათლის სვეტი მეწამული ზღვის ნაპირებზე, გზას რომ უჩვენებდა ლტოლვილ ისრაელს. ეს ჭეშმარიტად საოცარი ვარსკვლავი არ ემორჩილებოდა კანონს, რომელიც საერთოა ზეციური სხეულებისთვის. ის ყოველთვის წინ უძღოდა მათ ქარავანს, პირდაპირი ხაზით იერუსალიმისკენ მიდიოდა, აღმოსავლეთიდან - სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ამის გარდა, ის გამუდმებით ჰაერის ქვემო ფენებში მოძრაობდა და იმდენად დაბლა და ახლოს იყო, რომ უკან მიდევნება შეეძლოთ. დროდადრო ის ჩერდებოდა და ღრუბლებში იმალებოდა, თითქოს დროს აძლევდა შესვენებისთვის. გარეგნული შეხედულებისამებრ ერთნი კომეტას ადარებდნენ, სხვები კი ცეცხლოვან მეტეორს უწოდებდნენ. სინამდვილეში ამ ზეციურ მოვლენას უხილავი, გონიერი ძალა უნდა დაერქვას, რომელიც ქვეყნიერების განხორციელებულ მხსნელზე მიანიშნებდა.

სწორედ იერუსალიმში შესვლამდე გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი გაოცებული მოგვების თვალთაგან მიეფარა. ნიშნავს ეს იმას, რომ მათ მოგზაურობის მიზანს მიაღწიეს?! იმყოფება სამეუფო ყრმა იერუსალიმში?! მაგრამ ეს ვარსკვლავი რომ იერუსალიმში გაბრწყინებულიყო, მაშინ ხომ მთელი ხალხი ქრისტესკენ მას მოჰყვებოდა და თვით ჰეროდე შურიან წინამძღოლებთან ერთად მის სასწრაფოდ მოკვდინებას შეეცდებოდა?! ვარსკვლავი მიიმალა, მოგვები იერუსალიმში შევიდნენ და შეუდგნენ ქადაგებას და უწყებას გამოჩინებული ვარსკვლავის შესახებ, რომელიც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მესიის მოვლინების მახარებელი იყო. მაგრამ ამ სასიხარულო ამბავმა იერუსალიმს საყოველთაო ბედნიერება როდი მოუტანა, მოგზაურთა დიდებული აღაზმულობის, მათი ქარავნის ფუფუნების მიხედვით ისინი ყველამ აღმოსავლეთიდან მოსულ მეფეებად და წინამძღოლ პირებად მიიღო. მათ კითხვაზე, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავი აღმოსავლეთით იხილეს, შეძრწუნდა ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

შეცბა ჰეროდე და როგორ არ შეცბებოდა იგი?! ის მეფე არც ღვთის კურთხევით გამხდარა და არც ხალხის სურვილით. მეფობის უფლება მან რომაელ მმართველთა მაამებლობით მიიღო. ეს უფლება მან ოქროს გროვით იყიდა, ძალადობითა და სიცრუით ებრაელ ხალხს გამოსძალა. ამგვარადვე სძულდათ მდიდარ დიდებულებს, რომელთა თავები უბრალო ეჭვის გაჩენისთანავე ძირს ცვიოდა. ამასთანავე იგი საძულველი იყო ებრაელი სასულიერო პირებისთვისაც, რომელთა უფლებები და პრივილეგიები შეზღუდა. მთელი ძალით შეიძულა ის ხალხმა თავისი უცხოტომელობის, სისასტიკისა და საზიზღარი თვალთმაქცობის გამო.

იმისათვის, რომ რომაელებისათვის ეამებინა, მათი კეისრის, ავგუსტუსისადმი მიძღვნილ წარმართულ ტაძრებში დადიოდა და იუდეველთა შორის მათი პოპულარობის გასაზრდელად, ამ ტაძრების შესამკობად განძეულობას არ იშურებდა.

როგორც არ იცახცახებდა იგი შიშით საკუთარი თუ შთამომავლობის ბედის გამო?! მან პირველად როდი გაიგო მოახლოებული საფრთხის შესახებ: მოგვების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ფარისეველებმა მის ტახტს დაცემა უწინასწარმეტყველეს და ერთგულებაზე დაფიცება სიძულვილით უარყვეს.

დიდი მეუფის საყოველთაო მოლოდინი აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი, იუდეიდან მით უფრო აშინებდა, რომ ჯერ კიდევ რომში ყოფნისას შეიტყო მეუფის მოსალოდნელი შობის შესახებ.

როდესაც მას იმ სახელგანთქმულ უცხოტომელთა მოსვლის ამბავი მოუტანეს, ყველას რომ ეკითხებოდნენ, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, ჰეროდე შეშინდა, მაგრამ არ სურდა, რომ ეს ხალხის წინაშე გამოემჟღავნებინა. მან მღვდელმთავრები და ფარისევლები დაიბარა და მათგან ვარსკვლავის გამოჩინების დრო გაარკვია. მის სულში უკვე ჩამოყალიბდა გეგმა, თუ როგორ მოეკლა ყრმა მეუფე, მაგრამ მოგვებს აუწყა, რომ აღთქმული მეუფე ბეთლემში უნდა დაბადებულიყო და სთხოვა, იქითკენ ესრწაფათ, გულმოდგინედ მოეძებნათ ყრმა და როდესაც იპოვიდნენ, ჰეროდესთვისაც ეცნობებინათ ამის შესახებ, რომ მასაც თაყვანი ეცა მეფისთვის.

როგორც საზოგადოდ ღრმა აზროვნების ადამიანები, მეცნიერებით და მჭვრეტელობით რომ არიან დაკავებულნი, მოგვები გულთბილი და გულწრფელი ხალხი იყო და გარშემომყოფთა ცბიერებასა და ბოროტებას ვერც ეჭვობდნენ. მათ ესმოდათ, რომ ქვეყნის მმართველი, შესაძლებელია თავნება და სასტიკი იყოს, მაგრამ სიცრუესა და მუხანათობას ვერაფრით წარმოიდგენდნენ.

ჰეროდესთან საუბრის შემდეგ მოგვები იერუსალიმიდან მარცხნივ ბეთლემისაკენ მთიანი გზით წავიდნენ. უცებ ცაზე ხელახლა გაიბრწყინა ვარსკვლავმა, გზის საჩვენებლად მათკენ სწრაფად დაეშვა და წინ უძღოდა მანამდე, სანამ იმ ადგილს არ დაადგა თავს, სადაც ყრმა იმყოფებოდა. გამოქვებულის შესასვლელთან კიდევ უფრო დაუახლოვდა მიწას. როდესაც დაინახეს ვარსკვლავი ერთ ადგილას უძრავად იდგა და გამოქვებულის შესასვლელს კაშკაშა სინათლეს ჰფენდა, მოგვები ჭეშმარიტი, ურყევი რწმენით აღივსნენ და უდიდესი სიხარული მიანიჭათ იმის მიხვედრამ, რომ დასრულდა ძველი სამყაროს მოლოდინი და შფოთი, ტყუილი და ცთომილება.

გამოქვაბულში მოსულ მოგვებს იმედგაცრუება არ განუცდიათ წმინდა ოჯახის სიღარიბისა და უპოვარების გამო, არამედ თვინიერად შედგეს ფეხი მიწისქვეშა ტაძარში, რომელიც თვით უფლის იქ ყოფნით იყო ნაკურთხი და მუხლი მოიდრიკეს. თავისი ხალხის ჩვეულებისამებრ მათ ფეხსაცმელი გაიხადეს და მიწაზე პირქვე გართხმულნი თაყვანს სცემდნენ მას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს. ღვთის მიერ მოცემული ძველი მცნების მიხედვით, მათ ძვირფასი საჩუქრები მიართვეს - ყველაფერი, რაც ღმერთ-კაცისათვის შესაფერისად მიიჩნიეს. ქალდეველთა მეფემ მელქიორმა უფალს მიუძღვნა გუნდრუკი, ანუ საკმეველი, როგორც ღმერთს, სპარსელმა ბალთაზარმა - ოქრო, როგორც საუკუნო მეფეს; ეთიოპელმა გასპარმა - მური, როგორც ღმერთკაცს, რომელიც ჯვარზე სიკვდილით მთელი ქვეყნიერების ცოდვებს გამოისყიდდა.

ყოვლადწმინდა მარიამი და იოსებ დამწინდველი განცვიფრებით უმზერდნენ აღმოსავლეთის მეფეების ამ მდაბალ თაყვანისცემას, ამბავს იდუმალი ვარსკვლავის სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ ყურადღებით ისმენდნენ. გაკვირვებულნი იყვნენ წარმართების ღვთისმოსაობით, მათი მოგზაურობაც აოცებდათ - დიდი სინათლე მოეფინა მათ, ვინც აქამდე წყვდიადში ვიდოდა და მოგვები კვლავ მიწაზე დაემხნენ, რათა ყრმა უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედისთვის ეცათ თაყვანი. მოგზაურობის მიზნის მიღწევის შემდეგ მოგვები აპირებდნენ ბეთლემიდან კვლავ იერუსალიმში შეევლოთ და ჰეროდეს თხოვნისამებრ მისთვის აღთქმული მესიის სამყოფელი ეუწყებინათ, მაგრამ უფლის ანგელოსმა, რომელიც სიზმარში გამოეცხადათ, მათ ჰეროდეს ბოროტი განზრახვის შესახებ აუწყა და უბრძანა, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ.

ჰეროდე ოსტატურ კაცისმკვლელ გეგმებს აწყობდა, მაგრამ საუკუნეობრივმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცბიერება და ტყუილი ღვთის თვალში უგუნურებაა. ყველა ცრუ და ბოროტი განზრახვა არარაობაა ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე და მხოლოდ მისი წმინდა ნების აღსრულებამდე მიგვიყვანს.

როდესაც მოგვებმა, ღვთის ნებით, ჰეროდეს დავალება არ შეასრულეს და ბეთლემიდან სხვა გზით წავიდნენ, მის ბოროტ სულში ახალი განზრახვა ჩამოყალიბდა, რომლის შესრულებისას მთელი ქვეყნიერება სისასტიკით გააოცა.

მოგვების მაგალითმა, რომლებიც ძველად მეცნიერების წარმომადგენლები იყვნენ, გვიჩვენა, რომ დიდი და ღრმა ცოდნა ღვთის მადლია, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობამდე მიგვიყვანს.

წმინდა გადმოცემა გვაუწყებს, რომ ყრმა იესოს ეს ბრძენი თაყვანისმცემლები ღვთიური მადლით განბრძნობილნი, შემდეგში მონათლა თომა მოციქულმა, რომელიც სპარსეთში სახარებას ქადაგებდა.

ერი, რომელი სხდა ბნელსა შინა და აჩრდილთა თანა სიკუდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ!..