წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეათე

საღვთო ერთობისა და გამიჯვნის შესახებ

ყველა ზემომოტანილი სახელი ზოგადად მთელი ღმრთეების შესახებ უნდა გავიაზროთ, - იგივეობრივად, მარტივად, განუყოფლად და შეერთებულად. მეორე მხრივ, ცალკეულად გასააზრებელია სახელები. მამა, ძე და სული; აგრეთვე: უმიზეზო და მიზეზოვანი; უშობელი, შობილი და გამომავალი. ეს სახელები გამაცხადებელია არა არსებისა, არამედ ურთიერთმოთვისეობისა და მყოფობის გვარისა.

ამრიგად, ვიცით რა ეს ყოველივე, როდესაც ამ სახელთა მიერ საღვთო არსებისაკენ ვიწინამძღვრებით, არათუ თვით არსებას ვწვდებით, არამედ მას, რაც არსების გარშემოა. მსგავსადვე, სულთან დაკავშირებითაც, ვიცით რომ უსხეულოა იგი, ოდენობის გარეშეა და უაღნაგობოა, მაგრამ ამით მის არსებას როდი ვწვდებით. ისევე, როგორც სხეულის მხრივ, თუმცა ვიცით, რომ თეთრია იგი ანდა შავი, ვწვდებით არა მის არსებას, არამედ იმას, რაც არსების გარშემოა.

ჭეშმარიტი სიტყვა გვასწავლის, რომ მარტივია ღვთაება და აქვს მას ერთი მარტივი მოქმედება, - კეთილი და ყოველივეში ყოველივეს მოქმედი, მსგავსად მზის სხივისა, რომელიც ყოველივეს ათბობს და თითოეულად ყველაში მოქმედებს მათი ბუნებითი უნარისა და მიმღებლობითი ძალის შესაბამისად, რადგან ამგვარი მოქმედება შეუთვისებია მას შემოქმედისგან.

ცალკე გამოიყოფა ის სახელები, რაც ღვთიური სიტყვის საღვთო და კაცთმოყვრულ განსხეულებას შვეხება, რადგან არც მამა, არც სული, არანაირი აზრით არ არის ამის მოზიარე, თუ არა სათნოჩენითად და იმ გამოუთქმელი საკვირველთქმედების გზით, რაც აღასრულა ჩვენებრ კაცქმნილმა ღმერთმა-სიტყვამ, როგორც გარდაუქმნელმა ღმერთმა და ღვთის ძემ.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი