წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეცხრე

ღვთისადმი თქმულთა შესახებ

ღვთაება მარტივია და შეუდგენელი. შედგენილი ისაა, რაც მრავალთა და განყოფილთაგან შემდგარა. ამიტომ, თუ ღმერთთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უსხეულობა, უკვდავება, საუკუნოობა, კეთილობა, შემოქმედებითობა და სხვა ამგვარნი არსობრივი განყოფანია, მაშინ ის, რაც ამათგან შემდგარა, მარტივი კი არ იქნება, არამედ შედგენილი, ეს კი უკიდურესი უღვთოებაა. ამგვარად, გვმართებს ვიფიქროთ, რომ ყოველივე, რაც ღვთის შესახებ არის თქმული, აღნიშნავს არა რამ არსობრივს, არამედ ცხადყოფს ან იმას, თუ რა არ არის იგი, ანდა რამ მოთვისეობას მისას საპირისპიროთა მიმართ, ან კიდევ იმას, რაც თანმხლებია ბუნებისა, ან მის მოქმედებას.

ღვთის შესახებ თქმულ სახელთაგან ყველაზე უფრო საკუთრივი ჩანს „არსი“, როგორც თქვა თვით მან, როდესაც მთაზე ასე მიუგო მოსეს. „უთხარი ისრაელის ძეებს. მან, არსმა, მომავლინა მე„ (გამოსვლ. 5,14), რადგან თავის თავში შემოუცავს მას მთელი არსებობა, როგორც არსების ზღვას, უსასრულოსა და უსაზღვროს. წმინდა დიონისეს თქმით, უსაკუთრესი სახელია „კეთილი“, რადგან შეუძლებელია ღვთის შესახებ ჯერ არსებობა ითქვას, შემდეგ კი - კეთილი.

მეორე სახელია „თეოს“ (ღმერთი), რაც ითქმის ან სიტყვისგან „თეეინ“ (სრბოლა) და გულისხმობს ყოვლიერვბის გარემოვლას, ანდა - სიტყვისგან „აითეინ“, რაც ნიშნავს დაწვას, რადგან ღმერთი არის ყველა ბოროტების დამწველი ცეცხლი, ან კიდევ - სიტყვისგან „თეასთაი“ (ჭვრეტა), რაც მიანიშნებს ყოვლის მჭვრეტელობაზე, რადგან ღმერთი თვალმოუცილებელია და ყოვლისმხედველი, რომელმაც განჭვრიტა ყოველივე ვიდრე მათ შექმნამდე (დან. 13,42), უჟამოდ მოიაზრა რა ისინი. ამიტომ, თითოეული მათგანი იქმნება წინასწარგანსაზღვრულ ჟამს, თანახმად ღვთის ნებელობითი, უჟამო მოაზრებისა, რაც არის წინაგანსაზღვრულობა, ხატი და ნიმუში.

ამრიგად, პირველი სახელი თვით არსებობის წარმომაჩინებელია (და არა იმისა, თუ რა არის), მეორე კი - მოქმედებისა. ხოლო დაუსაბამობა, უხრწნელება, დაუბადებლობა ანუ შეუქმნელობა, უსხეულობა, უხილავობა და სხვა ამგვარი იმას ცხადყოფს, თუ რა არ არის იგი, კერძოდ, რომ არ დაწყებულა მისი არსებობა, რომ არ იხრწნება იგი, რომ არ იქმნება, არ არის სხეული, არ იხილვება. ხოლო სახელები: კეთილი, მართალი, წმინდა და სხვა ამგვარნი ბუნების თანმხლებნი არიან და არა თვით არსების ცხადმყოფელნი. რაც შეეხება სახელებს: უფალი, მეუფე და სხვა ამგვარი ისინი წარმოაჩენენ მის მოთვისეობას საპირისპიროთა მიმართ, რადგან უფლებულთა მიმართ ითქმის ეფალი, მეუფებულთა მიმართ - მეუფე, შექმნილთა მიმართ - შემოქმედი და დამწყსილთა მიმართ - მწყემსი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი